24 ივლისს სეზონი TV-ის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” სტუმრად მიწვეული იყო კრემლის პროპაგანდისტი სტანისლავ კრაპივნიკი, რომელთანაც ინტერვიუ თარგმნის გარეშე, მთლიანად რუსულ ენაზე გავიდა ეთერში. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში ავტორიზებულმა ტელემაუწყებლობამ პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს.
გადაცემაში კრაპივნიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსში რამდენიმე წლის წინ სასტუმრო და კაზინო შეისყიდა. იმავე გადაცემაში წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაში აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისი თქმით, 2003 წელს უკვე შეთანხმებული იყო, რომ საქართველო ფედერაციული სახელმწიფო იქნებოდა, ევგენი პრიმაკოვის, რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით თბილისში სეპარატისტი ლიდერებიც უნდა ჩამოსულიყვნენ მოლაპარკებებისთვის, თუმცა აშშ-ს არ სურდა საქრთველოს ერთიანობა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რის გამოც “ვარდების გადატრიალება” მოხდა.
სეზონი TV-ის ეთერში ნიკოლოზ მჟავანაძე და სტანისლავ კრაპივნიკი დეზინფორმაციას ავრცელებენ: 1) სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს პრიმაკოვის შუამავლობით საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებმა მოლაპარაკებაში წარმატებას მიაღწიეს და ის ვარდების რევოლუციამ ჩაშალა; 2) დეზინფორმაციაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსსა და მაიამიში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს.
-
დეზინფორმაციაა, თითქოს პრიმაკოვის შუამავლობით საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიებს დე-ფაქტო ლოდერებს შორის წარმატებული მოლაპარაკებები შედგა
ნიკოლოზ მჟავანაძე 1997 წელს თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობს, რომელშიც რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევგენი პრიმაკოვი, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობდნენ. ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მჟავანაძეს იგივე დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გაუჟღერებია.
2021 წელს მოლაპარაკებების ამ პროცესზე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ ისაუბრა: “1997 წელს, როდესაც მე და ვლადისლავ გრიგორიევიჩი [არძინბა] თბილისში ჩავედით პრიმაკოვის შუამდგომლობით, არძინბამ და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობაზე და ძალის გამოყენების მუქარაზეც კი, მაგრამ შემდეგ იყო 1998 წლის მოვლენები.”
შამბა საუბრობს 1998 წელს გალის რაიონში ქართულ პარტიზანულ დაჯგუფებებსა და აფხაზ დაჯგუფებებს შორის მომხდარ 6 დღიან შეიარაღებულ დაპირისპირებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა გალის რეგიონში დანიშნული არჩევნები, რომელსაც ქართული მხარე არალეგიტიმურად მიიჩნევდა და რომელშიც არძინბას დე-ფაქტო მთავრობამ გალში დაბრუნებულ ქართველებს ხმის მიცემის უფლება გაუუქმა.
როგორც შამბა აღნიშნავს, 1997 წლის მოლაპარაკებების ეფექტი ხანგრძლივი არ ყოფილა. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე, გარდა 1998 წლის მოვლენებისა, მოლაპარაკებების შემდგომი წარმოება შეაფერხა 1999 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებამ და დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულმა აქტმა. ასევე 2001 წელს კოდორის ხეობაში ჩეჩენი რუსლან გელაევის შეიარაღებული დაჯგუფების შესვლამ, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ქართული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფდა და რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე და კოდორის ხეობის დაბომბვაზე საუბრობდა. შესაბამისად, ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, რომ რუსეთის თაოსნობით 1997 წლის მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ჰქონდა და მისი წყალში ჩაყრა ვარდების რევოლუციამ გამოიწვია, რეალობას არ შეესაბამება.
უფრო ვრცლად ამ საკითხზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- უბრუნებდა თუ არა ევგენი პრიმაკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს?
-
დეზინფორმაციაა, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსში სასტუმრო და კაზინო იყიდა და მაიამში ვილას ფლობს
მჟავანაძის გადაცემაში სტანისლავ კრაპივნიკი ზელენსკის წინააღმდეგ წარსულში გავრცელებულ დეზინფორმაციულ მტკიცებებს იმეორებს. 2024 წლის ივნისში გავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ კვიპროსში 150 მილიონ ფუნტად შეფასებული სასტურმო შეისყიდა. ინფორმაცია უარყო კვიპროსში უკრაინის საელჩომ. სასტუმროს რეალურმა მფლობელმა, კომპანია Oscar Group of Companies წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სასტურმო კვლავ ამ კომპანიას ეკუთნის. განცხადება ასევე გააკეთა კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ხრისტოდულიდესმა და აღნიშნა, რომ ზელენსკის მიერ კვიპროსში საკუთრების შეძენის ფაქტი არ დასტურდებოდა.
აღასანიშნავია, რომ სასტუმროს ვებ-გვერდი, რომლითაც თითქის ზელენსკისთან კავშირი დასტურდებოდა, გაყალბებულია და დეზინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
კრაპივნიკი ასევე ამბობს, რომ ზელენსკი მაიამიშიც ფლობს ვილას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ყალბი ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე 2022 წლიდან ვრცელდება. ზელენსკის ქონებრივ დეკლარაციებსა და ასევე Pandora Papers-ში 35 მილიონიანი ვილა არ ფიგურირებს. ამასთანავე, ფაქტების გადამოწმების ამერიკული სააგენტო PolitiFact-ის თანახმად, ფლორიდაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში არ იძებნება უძრავი ქონება, რომელიც ზელენსკისთან ან Pandora Papers-ში დასახელებულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
ვრცლად გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:
რა არის ცნობილი კრაპივნიკის შესახებ?
სტანისლავ კრაპივნიკის შესახებ ინფორმაცია არსებითად მხოლოდ რუსულენოვან წყაროებში იძებნება. კრემლისტური მედიის თანახმად, კრაპივნიკი 1972 წელს ლუჰანსკში დაიბადა და 7 წლის ასაკში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც არმიაში ტანკისტად და ქვეითად მსახურობდა. კრაპივნიკის თქმით, ის მსახურობდა გერმანიის, მაკედონიისა და ბოსნიის ბაზებზე და იყო სამხედრო მრჩეველი საქართველოში. როგორც თავად ამბობს, 2004 წელს რეზერვში გადავიდა და მაიორის წოდებაზე უარი თქვა, რადგან დასავლელი მოკავშირეების “ყველა გეგმის მიხედვით, სავარაუდო მოწინააღმდეგე რუსეთი იყო” და საკუთარ ხალხთან ომისთვის მზადება არ სურდა. 2014 წლიდან კრაპივნიკი რუსეთში ცხოვრობს. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიაში, როგორც სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი და კრემლისტურ ნარატივებს ავრცელებს (1,2,3,4,). აღსანიშნავია, რომ კრაპივნიკის კომენტარების გაშუქებისას რუსული მედია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.