დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადას ახალი კანონპროექტი ჯარისკაცის ადგილზე დახვრეტას ითვალისწინებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

113
VIEWS

24 მაისს ფეისბუქ მომხმარებლებმა (მაია დვალიძე, ფიცხელა ფიცხელაური)  უკრაინის ახალი კანონპროექტის  შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს.  მაია დვალიძე რადას დეპუტატის მარიანა ბაზუჰვაიას პოსტის სქრინს ეყრდნობა. დეპუტატი წერს, რომ უკრაინის რადამ 4210-ე კანონპროექტზე მუშაობა ომის გამო განაახლა. დვალიძის მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი სწორედ 34 წლის მარიანა ბეზუჰლაიამ დააინიცირა და ის “დაუმორჩილებელი” უკრაინელი სამხედრო პირების ადგილზე დახვრეტას გულისხმობს. ფიცხელა ფიცხელაური პოსტში ზუსტ კანონპროექტს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის რადას მიერ დარეგისტრირებული ახალი კანონპროექტით  უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურებს საკუთარი სამხედრო პერსონალის დახვრეტის უფლება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი  პოზიციებს მიატოვებენ ან ბრძოლაზე უარს იტყვიან.

Screenshot 6 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადას ახალი კანონპროექტი ჯარისკაცის ადგილზე დახვრეტას ითვალისწინებს Screenshot 7 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადას ახალი კანონპროექტი ჯარისკაცის ადგილზე დახვრეტას ითვალისწინებს

მტკიცება, თითქოს კანონპროექტი №4210 დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკრაინელი სამხედროების დახვრეტას გულისხმობს, მცდარია. სინამდვილეში, ეს კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს რეფორმებთანაა დაკავშირებული. კანონპროექტი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის დახვრეტის/მოკვლის უფლებას არ გასცემს. 

  • რას წარმოადგენს კანონპროექტი #4210?

უკრაინის რადას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ #4210 კანონპროექტი სახელწოდებით “უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების, სახელმწიფო თავდაცვითი ძალების ერთობლივი ხელმძღვანელობის გაუმჯობესებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმის შესახებ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვილებების შეტანის შესახებ” უმაღლესმა რადამ განხილვისთვის ჯერ კიდევ 2020 წლის 12 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე თითქმის 2 წლით ადრე მიიღო. 

Screenshot 8 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადას ახალი კანონპროექტი ჯარისკაცის ადგილზე დახვრეტას ითვალისწინებს

კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალია და არა დეპუტატი მარიანა ბეზუჰლაია. 2022 წლის  მაისის მონაცემებით, კანონპროექტი კვლავ გახილვის პროცესშია.

კანონპროექტთან დაკავშირებული 2020 წლის განმარტებითი ცნობის მიხედვით, კანონპროექტის არსი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის შესახებ არსებული კანონების დაზუსტებაა, რისი მიზანიც, ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებული პროცედურების სრულყოფაა. კანონპროექტი უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროგრამის ნაწილია და მისი შემუშავება 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულების (განკარგულება “რეფორმების გატარებისა და სახელმწიფოს გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებებზე“) საფუძველზე დაიწყო. თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გასატარებელი რეფორმების ერთ-ერთი მიზანი ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაა. 

  • 2022 წლის მაისში მარიანა ბეზუჰლაიას მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინის რადამ არ მიიღო

უკრაინის რადას დეპუტატის მარიანა ბეზუჰლაიას მიერ ინიცირებული საკანომდებლო ცვლილები მართლაც ეხებოდა იმ ზომებს, რომელთა გამოყენების უფლებაც მეთაურს სამხედრო მოსამსახურის დაუმორჩილებლობის, საბრძოლო პოზიციების თვითნებურად მიტოვების დროს აქვს, თუმცა ბეზუჰლაიას ინიცირებული კანონპროექტი №7351, რომლის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების 22-1 მუხლში ცვლილებები უნდა შესულიყო, რადამ არ მიიღო და 2022 წლის 24 მაისის მონაცემებით ის უკან გამოიხმეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების 22-1 მუხლი, რომელიც ამჟამად მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობის და საომარი ვითარების პირობებში მეთაურს სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთის მიზნით ძალის გამოყენების უფლებას აძლევს. მუხლით განსაზღვრული დანაშაულები დაკავშირებულია დაუმორჩილებლობასთან, მეთაურისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან, მუქარასთან, ძალადობასთან, საბრძოლო პოზიციების თვითნებურ მიტოვებასთან. მეთაურს უფლება ეძლევა გამოიყენოს ფიზიკური ზემოქმედების ზომები, რომლებიც საკმარისია კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების აღსაკვეთად, თუმცა ამასთანავე კანონდამრღვევი სამხედრო მოსასმსახურის ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიადგეს.

22-1 მუხლი მეთაურს უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვა საშუალებით კანონდარღვევის აღკვეთა ვერ ხერხდება, იარაღის პირადად გამოყენების ან იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემის უფლებას აძლევს, თუმცა მუხლი მეთაურს ავალდებულებს, კანონდამრღვევი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი თავიდან აირიდოს. ამასთანავე მუხლი ავალდებულებს მეთაურს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ფიზიკური ზემოქმედების, საგანგებო ზომების ან იარაღის გამოყენებამდე ჰაერში გასროლით გააფრთხილოს პირი, რომლის წინააღმდეგაც ამ ზომების გამოყენებაა აპირებს.

მუხლი 22-1: … საომარ ვითარებაში მეთაურს შეუძლია გამოიყენოს იარაღი ან მისცეს ბრძანება მის ხელქვეითებს გამოიყენონ იარაღი, თუ შეუძლებელია სისხლის სამართლის დანაშაულის სხვა გზით შეჩერება, ამასთანავე სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის გამოწვევის გარეშე…

Screenshot 9 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადას ახალი კანონპროექტი ჯარისკაცის ადგილზე დახვრეტას ითვალისწინებს

ბეზუჰლაიას ინიცირებული ცვლილება 22-1 მუხლიდან სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის თავიდან არიდების აუცილებლობის ნაწილის ამოღებას მოიაზრებდა. შესაბამისად, ამ ცვლილებების გატარების შემთხვევაში დანაშაულის აღკვეთის მიზნით მიღებული ზომების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მოკვლა კანონდარღვევა აღარ იქნებოდა, თუმცა შემოთავაზებული ცვლილება უკრაინის უმაღლესმა რადამ არ მიიღო, კანონპროექტი გამოხმობილია და შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების 22-1 მუხლი დანაშაულის აღკვეთის დროს იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც კი მეთაურს სამხედრო მოსამსახურის ლიკვიდაციის უფლებას არ აძლევს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist