დეზინფორმაცია, თითქოს თემურ ჭყონია რუსეთში წლის ბიზნესმენად დასახელდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

139
VIEWS

11 იანვარს ფეისბუკ გვერდმა პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელის და მფლობელის, თემურ ჭყონიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ჭყონია მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე წლის ბიზნესმენად დაასახელეს, რადგან მან სანქციების მიუხედავად, რუსეთის ბაზრის მომარაგება შეძლო. ფეისბუკ გვერდი ინფორმაციას რუსულ გამოცემაზე “Новости Москвы” დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა პოსტსა და კომენტარებში პირველწყაროს ბმული მითითებული არ არის. პოსტი დასპონსორებულია და 16 იანვრის 11:00 საათის მდგომარეობით 73 გაზიარება აქვს. 

იდენტური ფოტო ამავე შინაარსის ტექსტთან ერთად ფეისბუკ გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და ფეისბუკ ანგარიშმა Goderdzi Kvinikadze  გაავრცელეს.

გავრცელებული ინფორმაცია მოსკოვში თემურ ჭყონიას წლის ბიზნესმენად დასახელების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში დასახელებული წყარო ინტერნეტში არ იძებნება, თუმცა იდენტური ან მსგავსი ინფორმაცია არც სხვა რუსულენოვან მედიებში გვხვდება; ბიზნესმენთა დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია არც რუსეთის მეწარმეთა ასოციაციის ვებ-საიტზე და სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.

ფეისბუკ გვერდის  “პოლიტიკური რენტგენის” მიერ დასახელებული პირველწყარო ინტერნეტში არ იძებნება. “Новости Москвы”-ის დაგუგვლისას პირველი შედეგი, რომელსაც საძიებო სისტემა გვაძლევს, ონლაინ გამოცემა Москва 24 არის.   ამ მედიაში თემურ ჭყონიას შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ონლაინ გამოცემას “კოკა-კოლა” ბოლოს 2022 წლის აგვისტოში აქვს ნახსენები, რა დროსაც რესტორნების ახალი ქსელმა «Вкусно и точка» “როსპატენტში” სარეგისტრაციო განაცხადი შეიტანა.

წყარო:m24.ru

Москва 24-ის გარდა გუგლის საძიებო სისტემა Новости Москвы-ის მოძებნისას, სადაც ეს კონკრეტული საძიები სიტყვები ფიგურირებს, კიდევ სამ მედიას: Ria.ru-ს, interfax.ru-სა და  mos.ru-ს გვიჩვენებს.

გუგლში Новости Москвы-ის ძიების შედეგები

ria.ru-ზე ბოლო სიახლე, რომელშიც თემურ ჭყონიას სახელი და გვარი ფიგურირებს, 2018 წლის თებერვლით არის დათარიღებული. მასალაში ნათქვამია, რომ ქართველი ბიზნესმენი სომხეთში მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნას გაზაფხულზე აპირებს. საძიებო სისტემის მიერ მოწოდებული მეორე წყარო – mos.ru  საერთოდ არ ფუნქციონირებს, interfax.ru-ზე კი თემურ ჭყონიას სახელის და გვარის ძიება შედეგს საერთოდ არ გვაძლევს.

რუსულ საძიებო სისტემაში yandex.com სიტყვების კომბინაციის “Новости Москвы” ძებნისას, იმ საიტებს გვაჩვენებს, რომლებსაც იდენტური დასახელების მქონე  რუბრიკა – Новости Москвы აქვს. ეს ვებ-საიტებია: iz.ru, rbc.ru, msk.kp.ru, msk1.ru და dzen.ru. მათგან თემურ ჭყონიას სახელი და გვარი მხოლოდ ერთ ონლაინ მედიაში dzen.ru-ზე იძებნება. 2022 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიახლეში ნათქვამია, რომ რესტორნების ქსელი  “Вкусно – и точка” რუსეთისა და ბელარუსის გარდა სხვა “ქვეყნების”, მათ შორის აფხაზეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს, სადაც რესტორნების ქსელი “მაკდონალდსი” ვერ შევა, რამდენადაც აშშ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მასალაში ასევე ნათქვამია, რომ “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტი თემურ ჭყონია სოჭის ოლიმპიადის დროს გეგმავდა რესტორნების ქსელის გახსნისათვის ნებართვის მიღებას, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა.

ინფორმაცია ბიზნესმენთა დაჯილდოების შესახებ არ გავრცელებულა არც რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა ვებ-გვერდზე, თუმცა რუსი ბიზნესმენები ორ ნომინაციაში  “ინდუსტრიის ლიდერი” და “მაღალი ტექნოლოგიების ლიდერი” 2022 წლის ნოემბრის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში  მოსკოვის მეწარმეთა ასოციაციამ დააჯილდოვა. კონკურსში მხოლოდ რუსული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას და გამარჯვებულთა ჩამონათვალში ქართული ან რომელიმე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანია არ ყოფილა წარმოდგენილი.

წყარო: moomap.ru

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების საპასუხოდ კომპანია კოკა-კოლამ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა. ქვეყნის მასშტაბით 850-ივე რესტორანი დახურა  „მაკდონალდსმაც“.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი  პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray 2022 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა.  მასზე მხოლოდ 2 ფოტო და ერთი ვიდეო არის გამოქვეყნებული. ვიდეოში “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების, პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ცეკვის კადრებია წარმოდგენილი.

“პოლიტიკური რენტგენის” პოსტი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი  Davit Gureshidze არის მითითებული.

ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვერდის მიერ დასპონორებული კიდევ ერთი პოსტი გვხვდება, რომელიც “პოლიტიკური რენტგენის” თაიმლაინზე არ ჩანს. პოსტში ზანდუკელის ქუჩაზე მანქანის აფეთქება ნიკოლოზ რურუას შექმნილ საავტორო უფლებების  ასოციაცია GCA-სთან არის დაკავშირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist