დეზინფორმაცია თითქოს სტამბოლის კონვენცია ქართულ ტრადიციებსა და თვითმყოფადობაზე გამიზნული თავდასხმაა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

29
VIEWS

6 სექტემბერს, ონლაინ გამოცემა Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ დეკანოზ გურამ გამცემლიძესთან, სათაურითროგორ უნდა გვასწავლოს დასავლეთმა ქალის პატივისცემა, როდესაც იქ ქალი და კაცი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ?!” სადაც ის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში ევროპის საბჭოს მიერ 2011 წელს მიღებული სტამბოლის კონვენციის ამოქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სტამბოლის კონვენცია ქართული ტრადიციების, თვითმყოფადობისა და ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ გამიზნულ თავდასხმას წარმოადგენს.

გურამი გამცემლიძე, დეკანოზი: „[ევროსაბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებული სტამბოლის კონვენცია] ეს არის მორიგი გამიზნული თავდასხმა ქართული ტრადიციების, თვითმყოფადობისა და ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ. ამაში ახალს და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. სინამდვილეში მათ ჩვენზე უკეთ იციან, ისტორიულად რამხელა პატივს სცემდნენ საქართველოში მანდილოსანს, იქნებოდა ეს მეუღლე, დედა, და თუ სხვა, მაგრამ ამას ისე გიტრიალებენ, როგორც სჭირდებათ… ახლა, ალბათ, ვიღაც გამოხტება და იტყვის, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ძალადობის ფაქტებიო, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ ცემა, დაჭრა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი კრიმინალია. ამ კრიმინალის აღსაკვეთად არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და ამაზე მათ უნდა იზრუნონ”.

განცხადება თითქოს სტამბოლის კონვენცია ქართული ტრადიციების და თვითმყოფადობის წინააღმდეგ არის მიმართული, უსაფუძვლოა, რადგან ის მიზნად ქალების ყველა ფორმის ძალადობისაგან დაცვას ისახავს მიზნად.

სტამბოლის კონვენცია – მიზნები და ვალდებულებები

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენცია  (სტამბოლის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თვალსაზრისით ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელსაც საქართველომ 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წლის 5 აპრილს მოახდინა და ის ძალაში 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა.

კონვენცია მიზნად ისახავს ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისგან, ძალადობის პრევენციას, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის გამოძიებასა და აღმოფხვრას და ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ხელშეწყობას.
კონვენციაში ხელმომწერი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ეგრეთ წოდებული „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაული და სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რაც ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევაა. ამასთან ქალები და გოგონები მათ მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის ჩადენის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე მამაკაცები. სწორედ ამ მიზეზების გამო, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ისწრაფვიან შექმნან ისეთი ევროპა, რომელიც თავისუფალი იქნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისგან.

ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების მიღწევის უზრუნველსაყოფად, სტამბოლის კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის სავალდებულოა:

  • ძალადობის ყველა ფორმასთან დაკავშირებულ საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება;
  • შესაბამისი ზომების გატარება ქალთა ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ, რაც საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროგრამებში შესაბამისი სასწავლო მასალების შეტანას, პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, კერძო სექტორის და მედიის ჩართულობას გულისხმობს. ამგვარი ღონისძიებები ქალთა წინაააღმდეგ და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია;
  • ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების სერვისების, თავშესაფრების და სატელეფონო ცხელი ხაზების შექმნა;
  • კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის კანონმდებლობით დადგენა;
  • კონვენციით გათვალისწინებული ქმედებების (მაგ. იძულებითი აბორტი, ადევნება, იძულებითი სტერილიზაცია, ქალის გენიტალიების დასახიჩრება და სხვ.) კრიმინალიზაცია.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკა საქართველოში

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და მექანიზმების შეფასების მიზნით მომზადებული სპეციალური ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი მოკლეს. ამასთან, 2013 წელთან შედარებით 2014 წელს ქალთა მკვლელობების შემთხვევები 62%–ით გაიზარდა, დაფიქსირდა მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის 57%–ით მეტი შემთხვევა, ხოლო  ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 2013 წელთან შედარებით  53%–ით გაიზარდა.

ცხრილი 1. ოჯახში ძალადობის მაჩვენებლები 2014წ.

"

ცხრილი 2. 2013-2014 წლების შედარებითი მონაცემები

"

წყარო: შსს

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის საჭიროა როგორც პოლიტიკის შეცვლა, ასევე ერთიანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა. გარდა ამისა, ღიად რჩება სოციალურ მუშაკთა როლი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის, მაშინ როდესაც სამართალდამცავ უწყებათა ჩართულობა პრობლემის არსიდან გამომდინარე, ყოველთვის არაა საკმარისი და საჭიროებს დამატებით სპეციალისტთა დახმარებას.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით,  არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, კერძოდ:

  • თუ აქამდე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო მხოლოდ ოჯახის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობას არეგულირებდა, ამიერიდან ის ოჯახის გარეთ ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც  შეეხება. შესაბამისად, ქალი დაცული იქნება როგორც ოჯახში, ასევე ოჯახის მიღმა, რადგან დაცვისა და დახმარების მექანიზმებით, თავშესაფრით და კომპენსაციით სარგებლობის უფლება მას იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არ არის.
  • შეიცვალა ქალთა მიმართ ძალადობის განმარტება და მასში მოიაზრება გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება. აქ ასევე იგულისხმება ამგვარი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა,  თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. ახლებურად ყალიბდება ასევე მოძალადის ცნება, რომლის თანახმადაც მოძალადე შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ქალზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას, უგულებელყოფას ან იძულებას ახორციელებს.
  • სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, მოხდება იძულებითი სტერილიზაციის  და ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ამ სახის ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გოგონების მიმართ ჩადენილი არაერთი მსგავსი შემთხვევა  გამოვლინდა.
  • სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ „ადევნების“ („Stalking“) კრიმინალიზაციის ვალდებულებას. შესაბამისად,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება  მუხლი 1511, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას  ადევნებისთვის.
  • „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, პოლიცია ვალდებულია ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს მოძალადის გათავისუფლების, გაქცევის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის  შესახებ.
  • ძალადობის ჩამდენ პირებს ეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ასევე ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის  ტარება.
თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროსაბჭო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist