2019 წლის 1 ივნისს, ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, თითქოს ლონდონში მოსახლეობის უმრავლესობა უცხოელია და ეთნიკურად ინგლისელები მხოლოდ ადგილობრივთა მესამედს შეადგენენ.
პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი: ‘’აი, ბევრმა არ იცის ესეც, რომ ლონდონში მესამედია დარჩენილი ეთნიკური ინგლისელი, 70 პროცენტი ლონდონის მოსახლეობისა არ არის ინგლისელი, ჩასულები არიან.’’
აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის 2017-2018 წლების კვლევების თანახმად, ლონდონის მოსახლეობის 63.5% გაერთიანებულ სამეფოშია დაბადებული, ხოლო 59% თეთრკანიანი ბრიტანელი და/ან ირლანდიელია.
- ლონდონის მოსახლეობა ეთნიკურობის მიხედვით
დიდი ბრიტანეთის ეროვნულის სტატისტიკის ოფისის (ONS) 2017 წლის კვლევის მიხედვით, ლონდონის მოსახლეობის (8.87 მილიონი) 59.26% თეთრკანიანია, რაც ძირითადად თეთრკანიან ბრიტანელებს და ირლანდიელებს მოიცავს. 19.06%-ს აზიელები ( ძირითადად ინდოელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ჩინელები) შეადგენენ. შავკანიანი მოსახლეობის ხვედრითი წილი 11.48 %-ია, რაც მოიცავს ე.წ. შავი აფრიკის ქვეყნებს და კარიბის აუზს. ხოლო დანარჩენ 10.2 %-ს შეადგენენ სხვა/შერეული ეთნიკური ჯგუფები: თეთრკანიანი აზიელები, თეთრკანიანები აფრიკიდან, ასევე არაბები და ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კატეგორიებს.
- ლონდონის მოსახლეობა დაბადების ადგილის მიხედვით
ეროვნული სტატისტიკის ოფისი ასევე აქვეყნებს 2018 წლის მონაცემებს ბრიტანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბადების ადგილის შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები (8.89 მილიონი) მოსახლეობის უმრავლესობა, 63,52% დაბადებულია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. არაბრიტანელი ევროკავშირის მოქალაქეთა ხვედრითი წილი შეადგენს 11.49%, ხოლო დანარჩენზე (ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნები, აზია, აფრიკა, ჩრდილო ამერიკა, სამხრეთ და ლათინური ამერიკა, ოკეანეთი) 24,87% მოდის.
მითების დეტექტორის ლაბორატორია