24 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ჭიპაშვილის მიხედვით, დიპლომატები იძულებულები იყვნენ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ძველი ფაშისტური ოჯახის წარმომადგენელია და რომ მის ბაბუას, “საიუდისის” ხელმძღვანელს” ჭიპაშვილი პირადად იცნობდა. გადაცემის სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ქვეყნის მხოლოდ სახელი დარჩათ, რადგან მათი მოსახლეობა, ევროპაში მასიური მიგრაციის გამო, ჯამურად შვიდი მილიონიდან სამ მილიონამდე შემცირდა, რაც საქართველოსაც ემუქრება.
მტკიცება, რომ ლანდსბერგისი ძველი ფაშისტური ოჯახის წარმომადგენელია, დეზინფორმაციულია. გაბრელიუსი ლანდსბერგისის წინაპრები ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მისი დიდი ბაბუა ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟემკალნისი ანტინაცისტური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან იყო დაკავშირებული, დიდი ბებია ონა ლანდსბერგიენე ებრაელ გოგონას იფარებდა, ხოლო მისი შვილი გაბრიელუს ჟემკალნის-ლანდსბერგისი ანტი-ნაცისტურ ჟურნალს უშვებდა, რომელიც 1944 წელს გესტაპომ დააკავა.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ ბალტიის ქვეყნებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია ხდება და საქართველოსაც იგივე ემუქრება, მანიპულაციურია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 90-იან წლებში მართლაც დატოვა და ამჟამად მიგრაციის სალდო ისევ უარყოფითია, თუმცა 2000-იანი წლებიდან დინამიკა მზარდია და დადებით მაჩვენებელს უახლოვდება.
ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 15 მაისს ესტუმრნენ. დიპლომატები რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. მოგვიანებით, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნი და გაბრიელუს ლანდსბერგისი რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციასაც შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
მტკიცება, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ცნობილი ფაშისტური ოჯახის წარმომადგენელია, მტკიცებულებებს არ ემყარება. გაბრიელუს ლანდსბერგისის ბაბუა, ვიტაუტას ლანდსბერგისი, რომელსაც ჭიპაშვილი ახსენებს, 1990 წელს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და დამოუკიდებელი ლიეტუვის პირველი ლიდერი გახდა, ამავე წლის 11 მარტს ის პარლამენტის იმ სესიას უძღვებოდა, რომელზეც ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. ლანდსბერგისი ლიეტუვის პარლამენტის წევრი, მისი თავმჯდომარე და მოგვიანებით, ევროპის პარლამენტის წევრიც გახდა.
ვიტაუტას ლანდსბერგისის რაიმე კავშირი ფაშიზმთან ან ფაშისტებთან მტკიცებულებებით არ დასტურდება. 2005 წელს ლანდსბერგისი, როგორც ევროპის პარლამენტის წევრი ევროკავშირში ინიციატივით გამოვიდა, რომ საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვა თანაბრად მომხდარიყო. მისი მამა, ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟემკალნისი ცნობილი არქიტექტორი და საჯარო ფიგურა იყო. 1918-21 წლებში ის ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის ომებში მონაწილეობდა. 1939-44 წლებში ვილნიუსის მთავარი ინჟინერი და არქიტექტორი იყო. ამავე პერიოდში, 1941 წელს ის ლიეტუვის გარდამავალი მთავრობის წევრი გახდა, რომელიც საბჭოთა კავშირის მმართველობის ბოლო დღეებსა და ნაცისტური გერმანიის მმართველობის პირველ კვირებში არსებობდა და ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მისი კავშირის შესახებ ანტინაცისტურ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან არაერთი ცნობა არსებობს.
ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟემკალნისის მეუღლემ ონა ლანდსბერგიენემ (თავდაპირველად ოჯახთან შეთანხმების გარეშე) ებრაელი გოგონა შეიფარა, თუმცა ერთი თვის შემდეგ გოგონას ოჯახის დატოვება მოუწია, რადგან ლანდსბერგიენეს შვილი გაბრიელუს ჟემკალნის-ლანდსბერგისი წინააღმდეგობის მოძრაობასთან კავშირის გამო დააკავეს და ოჯახი გაძლიერებული დაკვირვების ობიექტი გახდა. კიდევ ერთ ებრაელ გოგონას დახმარება ონა ლანდსბერგიენეს დის ოჯახმაც აღმოუჩინა, რისთვისაც ლანდსბერგიენემ ყალბი დაბადების მოწმობა დაამზადა. ლანდსბერგიენესა და მისი დის ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ წოდება “მართალი ერებს შორის”, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დახმარებაში მონაწილე პირებზე გაიცემა (1,2).
გაბრიელუს ჟემკალნის-ლანდსბერგისი, რომელიც უკვე ვახსენეთ, მეგობრებთან ერთან ანტი-ნაცისტურ ჟურნალს “ახალგაზრდობავ, ფხიზლად იყავი!” უშვებდა და 1944 წელს ის გესტაპომ დააკავა. მამამისი, ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟემკალნისი შვილის პატიმრობიდან დახსნას წლების მანძილზე ცდილობდა.
შესაბამისად, ლანდსბერგისის ოჯახის ფაშისტური წარმოშობა ღია წყაროებით არ დასტურდება, წლების მანძილზე მათი აქტივობები კი საპირისპიროს მეტყველებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცებები ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების ნაცისტურ წარსულზე ხშირად ვრცელდება, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:
- იყვნენ თუ არა გერმანიის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების ბაბუები ნაცისტი მაღალჩინოსნები?
- კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაცია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრების შესახებ
- ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?
- დეზინფორმაცია, თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტის ბაბუა ნაცისტი მაღალჩინოსანი იყო
ჰამლეტ ჭიპაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის კლება ევროპაში მიგრაციას უკავშირდება. 1990 წლის შემდეგ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა ნამდვილად შემცირდა.
მოსახლეობის რაოდენობის შემცირება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნები ბევრმა ადგილობრივმა, მათ შორის, ეთნიკურად რუსმა მოსახლეობამ დატოვა.
ასევე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შემცირდა შობადობის მაჩვენებელიც, რაც მომავლის მიმართ არასაიმედოობის განცდას უკავშირდებოდა. პირველადი შოკის შემდეგ, 2000-იანი წლებიდან ლატვიასა და ესტონეთში შობადობის კოეფიციენტი საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა, ლიეტუვის მაჩვენებელი ბოლო წლებში მკვეთრად დაეცა. სამივე ქვეყანაში გაზრდილია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის და შემცირებულია ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები. დადებითი დინამიკის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები მოსახლეობის საერთო რაოდენობის ზრდისთვის საკმარისი არაა.
რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებლებს, 1990-იანი წლების დასაწყისში მიგრაციის სალდო სამივე ქვეყანაში მკვეთრად უარყოფითი იყო. 2005 წლის შემდეგ მიგრაციის კოეფიციენტი ძირითადად დადებითი დინამიკისაა. 2014-2021 წლებში ესტონეთში სალდო დადებითიც გახდა. ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი სამივე ქვეყანაში ჯერ კიდევ უარყოფით ნიშნულზეა, თუმცა დადებით მაჩვენებელს სწრაფად უახლოვდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.