20 მაისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” სტუმარმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ლატვიელ ფერმერებს უხდის კომპენსაციას პროდუქტის განადგურებისთვის. მისი მტკიცებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპულ ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციაა და ევროკავშირი ასე ცდილობს ზედმეტი პროდუქტის მოშორებას. მისი თქმით, ამ მაგალითით ცხადი ხდება, რომ ქართული პროდუქცია ევროპაში არავის ჭირდება, რადგან ამის ადგილი მათ უბრალოდ არ აქვთ.
მტკიცება, თითქოს ევროკავშირი ლატვიელ ფერმერებს პროდუქტის განადგურების სანაცვლოდ კომპენსაციას უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი მტკიცება ევროინტეგრაციის დისკრედიტაციის მიზნით ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაზე წარსულშიც გავრცელებულა.
“მითების დეტექტორმა” ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადების გადამოწმების პროცესში, ინგლისურ, ლატვიურ, ქართულ და რუსულ ენებზე მტკიცებულებას ვერ მიაგნო. მსგავსი ინფორმაცია არც ერთ მედიაში გაჟღერებულა და არც რომელიმე ოფიციალურ წყაროს განუცხადებია.
კითხვით უხდის თუ არა ლატვიელ ფერმერებს ევროკავშირი კომპენსაციას პროდუქციის განადგურებისთვის, “მითების დეტექტორი” ევროკომისიასაც დაუკავშირდა. ევროკომისიის სპიკერმა წერილობით კომენტარში აღნიშნა, რომ ევროკავშირი პროდუქტების განადგურებისთვის თანხას არ უხდის წევრ ქვეყნებს, პირიქით ევროკავშირი ეხმარება ფერმერებს სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.
ევროკავშირს აქვს არაერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეხმარება წევრი ქვეყნის ფერმერებს და 2021-2027 წლის ბიუჯეტით, ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის მესამედი სწორედ ფერმერების სუბსიდიებს ხმარდება, იმისათვის, რომ მათ ქონდეთ საქმის გაგრძელების მოტივაცია და პროდუქტის შექმნის სურვილი და შესაძლებლობა. საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილებია ისეთი ფონდები, როგორიცაა “ევროპის სოფლის მეურნეობის საგარანტიო ფონდი” და “ევროპის სოფლის მეურნეობის ფონდი სოფლის განვითარებისათვის”, რომლის ფარგლებშიც ბუნებრივი პირობების გამო მოსავლის 20% ან მეტის განადგურების ან შემოსავლის მნიშვნელოვნად კლების შემთხვევაში ფერმერებს უხსნის გზას კომპენსაციის მისაღებად ან/და უწევს დახმარებას სადაზღვეო კონტრაქტებთან დაკავშირებით, ზარალის ანაზღაურების მიზნით. მაგალითად, 2024 წელს იმ ლატვიელმა ფერმერებმა, რომლებიც მეცხოველეობის სფეროში არიან ჩართულნი, მიიღეს გარკვეული კომპენსაცია ევროკავშირისგან, გასულ წელს რძის ფასის კლებისა და გვალვების შედეგად მიღებული ზარალის გამო. 2023 წლის ივლისში კი ევროკომიამ 330 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა 27 ქვეყნის ფერმერებისთვის, საიდანაც ლატვიამ 6.8 მილიონი მიიღო.
აღსანიშნია, რომ 2022 წელს სოფლის მეურნეობის წილი ლატვიის მშპ-ს 5.02%-ს შეადგენდა, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.21% იყო. ქვეყნის ეკონომიკის მთავარი წამყვანი სექტორი მომსახურების სფეროა, რომელიც უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად მშპ-ს 60%-ზე მეტს შეადგენს.
დეზინფორმაცია თითქოს ევროკავშირის ბაზარს ქართული პროდუქტის მიღების ადგილი არ აქვს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის ფერმერები საკუთარ პროდუქციას ანადგურებენ, წარსულშიც გავრცელებულა. დეტალები ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.