2022 წლის 29 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი პედოფილიაზე, მის დეფინიციაზე და სახესხვაობებზე საუბრობს. პოსტის ავტორმა ვიდეო “ოვერტონის ფანჯარას” დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ევროპულ კონფერენციებზე პედოფილია უკვე ისე განიხილება, როგორც “ნორმალური სექსუალური ორიენტაცია”.
პოსტის ავტორის მიერ TEDx-ის ვიდეოფრაგმენტის გავრცელება და “ოვერტონის ფანჯრის” კონსპირაციულ თეორიასთან დაკავშირება მანიპულაციურად ხდება. პოსტი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპულ კონფერენციებზე პედოფილიის ნორმალიზირება მიმდინარეობს, რეალურად კი გამოსვლა ასახავს არა ოფიციალურ კონფერენციას, არამედ ინდივიდუალურ, TED ორგანიზაციისგან დამოუკიდებელ, შეხვედრას. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და არასრულწლოვანთა პორნოგრაფია ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურია.
რა არის ოვერტონის ფანჯარა?
Facebook პოსტის ავტორი მაია თვალთვაძე ევროპაში პედოფილიის “ნორმალიზირებას” “ოვერტონის ფანჯრის” ჭრილში განიხილავს. ამ კონსპირაციული თეორიის მიხედვით, “ოვერტონის ფანჯარა” კონსერვატორულ-ორთოდოქსულ საზოგადოებაში მათთვის მიუღებელი იდეების დასანერგად გამოიყენება და პედოფილიის ნორმალიზებაც მისი მოქმედების ერთ-ერთი მაგალითია.
რეალურად “ოვერტონის ფანჯარას” პედოფილიასთან კავშირი არ აქვს. კონცეფცია “მაქკინაკის ცენტრი საჯარო პოლიტიკისთვის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ოვერტონმა 1990-იან წლებში შეიმუშავა. კონცეფციის მიხედვით, პოლიტიკის ნებისმიერი სფერო განლაგებულია ვერტიკალურ შკალაზე – “მეტად თავისუფალი” (ნაკლები ჩარევა) – “ნაკლებად თავისუფალი” (მეტი ჩარევა). ოვერტონის ფანჯრის ჩარჩოებში მოხვედრილი იდეები არის “პოლიტიკურად უსაფრთხო”, ანუ, საზოგადოება მზად არის მათ მისაღებად. “ოვერტონის ფანჯარა” ცვალებადია და ის დამოკიდებულია საზოგადოების წარმოდგენებზე, რაც ნიშნავს, რომ მასზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მედია, ისტორიული მოვლენები, კრიზისი და ა.შ.
მაქკინაკის ცენტრის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯოზეფ ლეჰმანის განმარტებით, პოლიტიკოსები არ ცვლიან “ოვერტონის ფანჯარას”, ვინაიდან კონცეფციის საზღვრებს საზოგადოება განსაზღვრავს.
“ოვერტონის ფანჯრის” კონცეფციასთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე, იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:
- GEWORLD.GE-ს კონსპირაციები “ოვერტონის ფანჯრის” შესახებ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით
- ოვერტონის ფანჯრის შესახებ რუსულ კონსპირაციას “ქართული იდეა” იმეორებს
რას ასახავს გავრცელებული ვიდეო?
Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო TEDx ინიციატივაა. ის წარმოადგენს ინდივიდუალურ, არაფორმალურ შეხვედრებს, რომლის ფორმატი ოფიციალური კონფერენციებისგან განსხვავდება. TEDx პროგრამა ეკუთვნის არაკომერციულ ორგანიზაციას TED-ს, რომელიც იდეების ხელმისაწვდომობის, ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის დაწყების მიზნით 1984 წელს დაარსდა. ღონისძიებები ხორციელდება TED-ის ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. TED-ი არ აკონტროლებს შეხვედრების შინაარს და ორგანიზატორებთან მხოლოდ ფორმატის შეთანხმებით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზების უფასო ლიცენზიის მიღებისთვის აპლიკაციის შევსება საჯაროდ და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
2018 წლის 5 მაისს გერმანიაში, TEDx ინიციატივის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება სახელით “თემა: მომავალი საზოგადოებები”. შეხვედრაში მონაწილეობდა 5 პრეზენტატორი, მათ შორის სამედიცინოს სტუდენტი მირიამ ჰაინა, რომელმაც ისაუბრა პედოფილიაზე, როგორც შეუცვლელ სექსუალურ ორიენტაციაზე. ჰაინას თქმით, ადამიანი პასუხისმგებელია არა გრძნობებზე, არამედ ქმედებებზე, რომლის კონტროლის სწავლა და მკურნალობა აუცილებელია პედოფილებისთვის. ამ კონტექსტში, სიტყვით გამოსვლისას, ჰაინამ პედოფილიას “უცვლელი” უწოდა და არა “ნორმალური”. ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ფრაგმენტები, სწორედ, ჰაინას 2018 წლის გამოსვლიდან არის ამოჭრილი. მართალია, სრული ჩანაწერის ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია Youtube-ის არაოფიციალურ ანგარიშებზე, თუმცა ის აღარ იძებნება TED-ის ოფიციალურ ანგარიშზე. TEDx-ის განცხადებით, მათ ვიდეო წაშალეს პრეზენტატორის, მირიამ ჰაინას თხოვნით, რომელიც წუხდა თავის უსაფრთხოებაზე.
2018 წლის 19 ივნისს TED-მა, მირიამ ჰაინას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია არ აკონტროლებს TED Talk-ების შინაარს და რომ ღონისძიებები მათგან დამოუკიდებლად ორგანიზდება. შესაბამისად, გამოსვლის შინაარსი არ ასახავს ორგანიზაციის ინტერესებს.
როგორია ევროკავშირის კანონმდებლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხზე?
სექსუალური ძალადობა ბავშვებზე და არასრულწლოვანთა პორნოგრაფია ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურია. 2011 წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი დირექტივა ბავშვზე სექსუალური ძალადობის, სექსუალური ექსპლოატაცისაა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. უშუალო ფიზიკურ დანაშაულთან ერთად, ასევე ისჯება ბავშვთა სექსუალური შინაარსის მქონე მასალების ატვირთა, გავრცელება და შენახვა, კრიმინალიზირებული გახდა ე.წ გრუმინგი (grooming), ანუ, სექსუალური მიზნებიდან გამომდინარე არასრულწლოვნის მანიპულირება.
2020 წლის 24 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ახალი სტრატეგია სახელწოდებით “ევროკავშირის სტრატეგია ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისთვის”. სტრატეგიაში ყურადღება გამახვილებულია კიბერსივრცეზე და დაშიფვრის ტექნოლოგიის (end-to-end encryption) სისუსტეებზე, რადგანაც ონლაინ სივრცეში ვერ ხერხდება ბავშვთა უფლებების ეფექტური დაცვა. ევროკავშირის ახალი სტრატეგია მოიცავს 8 ინიციატივას: არსებული კანონმდებლობის სრულფასოვანი იმპლემენტაცია, კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების რეგულაციები, არსებული სისუსტეების იდენტიფიცირება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, პრევენციის პროგრამა, ერთობლივი საკორდინაციო ცენტრი, ბავშვთა დაცვის საკითხში ინდუსტრიის სტიმულირება და ბავშვთა დაცვის გლობალური განზომილება.
2022 წლის 11 მაისს ევროკომისიამ წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ფოკუსირებულია ციფრულ სივრცეზე. კანონი სერვის პროვაიდერებს დაავალდებულებს ინტერნეტში ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი კონტენტის იდენტიფიცირებას, დარეპორტებასა და წაშლას. ვალდებულება გავრცელდება როგორც საკომუნიკაციო სერვისების მპმწოდებლებზე, ასევე ინტერნეტ კომპანიებზე და აპლიკაციების მაღაზიებზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.