13 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Eduard Jishkariani უკრაინისთვის მიწოდებული M113 ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტის მიხედვით, ისრაელსა და ნატოს წევრ ქვეყნებში დაახლოებით ათი წელია M113 ტიპის საბრძოლო მანქანების საბრძოლო ვითარებაში გამოყენება აკრძალულია, რადგან მიჩნეულია, რომ ის ბრძოლის ველზე ქვეითების თანამედროვე შეიარაღებისგან დაცვას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 6-7 წლის მანძილზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში M113-ების გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება. პოსტს თანდართული აქვს სქრინები უკრაინული ონლაინ-მედია Obozrevatel-ის სტატიიდან უკრაინისთვის M113-ების გადაცემის შესახებ.
მსგავსი მტკიცებები კრემლის პროპაგანდისტმა პოლიტოლოგმა იაკოვ კედმიმაც გააჟღერა (1,2,3,4).
მტკიცება, რომ ნატოს ქვეყნები და ისრაელი ბოლო ათი წლის მანძილზე M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს აღარ იყენებენ, მცდარია. ის სხვადასხვა დანიშნულებით ნატოს წევრი არაერთი ქვეყნისა და ისრაელის შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება.
M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები ამერიკულმა კომპანია Food Machinery Corporation-მა (FMC) გასული საუკუნის 50-იან წლებში შექმნა. პირველი პროტოტიპი კომპანიამ 1957 წელს გამოუშვა. M113-ებს ამერიკის შეერთებული შტატების არმია 1960-წლიდან იყენებს.
M113 აქტიურად გამოიყენებოდა ვიეტნამის ომის დროს, სადაც ჯავშანმანქანამ აჩვენა, რომ ისეთ რთულ ოპერატიულ გარემოში, როგორიცაა ვიეტნამის ჭაობები და ჯუნგლები, მისი მობილობა საკმაოდ ეფექტურია. ჯავშანტრანსპორტიორის განახლება მუდმივად მიმდინარეობდა, დღემდე M113-ის 80 000-ზე მეტი ერთეულია ნაწარმოები და მის 40-მდე ვერსიას 44-ზე მეტი ქვეყანა იყენებს.

დღეისათვის M113-ების წარმოება შეწყვეტილია და აშშ აქტიურად ცდილობს ისინი უფრო ახალი ტიპის ჯავშანმანქანებით ჩაანაცვლოს, როგორიცაა BAE Systems-ის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა, რომელსაც ნაკლები პირის ტრანსპორტირება შეუძლია, თუმცა, მოწინააღმდეგის თავდასხმისგან გაცილებით მეტადაა დაცული. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ცნობით, აშშ-ის არმია 5000 ერთეულ M113-ს სხვადასხვა მიზნით ჯერ კიდევ იყენებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ბოლო ათი წელია მისი გამოყენება “აკრძალულია”, სიმართლეს არ შეესაბამება.
უკრაინაში 200 M113-ის გაგზავნა 2022 წლის აპრილში გამოცხადებული 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი იყო. როგორც აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა გლენ დინმა განაცხადა, M113 ყოველთვის განიხილებოდა, როგორც “საბრძოლო ტაქსები”, რომლებსაც სამხედრო პერსონალი ფრონტის ხაზამდე გადაჰყავდა, ან გამოიყენებოდა, როგორც დამხმარე მანქანა. გენერლის მიხედვით, უკრაინელები ჯავშანტრანსპორტიორს უფრო აგრესიული ტაქტიკების განხორციელებისთვისაც იყენებენ. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ზემოთხსენებულ BAE Systems-ის მრავალფუნქციურ ჯავშანმანქანასაც გადასცემს.

გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, M113-ები ჯერ კიდევ გამოიყენება არაერთი ნატოს წევრი ქვეყნის შეიარაღებაში. ასეთია ლიეტუვა, რომელმაც საკუთარი M113-ების ნაწილი უკრაინას უკვე გადასცა. გარდა ნატოს წევრი ქვეყნებისა აღნიშნული ტექნიკა უკრაინამ ავსტრალიისგანაც მიიღო.
გავრცელებულ პოსტში გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ ისრაელი ბოლო ათი წლის მანძილზე M113-ებს აღარ იყენებს და მეტიც, მათი გამოყენება კანონით ისჯება. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისრაელის არმია M113-ებს დღემდე იყენებს.
2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ისრაელმა M113-ების ჩანაცვლება შედარებით თანამედროვე Eitan-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებით განიზრახა. აღნიშნული ჯავშანმანქანების სერიული წარმოება 2020 წელს დაიწყო, 2022 წლის ივნისში ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველადი სერიული წარმოება დასრულებულია.

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეიარაღების სპეციალისტს – გიგა ინაშვილსაც დაუკავშირდა. ინაშვილის განმარტებით, ისრაელისა და შეერთებული შტატების არმიები M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს სხვადასხვა კონფიგურაციაში დღემდე აქტიურად იყენებენ და M113, როგორც ჯავშანტრანსპორტიორი, საკუთარ როლს კარგად ასრულებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.