26 ნოემბერს ვებ-გვერდზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის მასალა სათაურით “ამერიკის საელჩოში არავინ აღშფოთებულა ციხეებში წამების, მედიის ტერორის და მშვიდობიანი დემონსტრანტების უმოწყალოდ დარბევის გამო”. ჯანყარაშვილის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს იმედგაცრუება და შეშფოთება არ გამოუხატავს 2007 წლის 7 ნოემბრის, ციხეებში წამების, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტის, ბიზნესების დარეკეტების, ტელეკომპანიების და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის გამო და არც სასამართლო და უზენაესი საბჭო გაუკრიტიკებია.
მტკიცება, რომ აშშ-ს საელჩოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის დემონსტრაციების დაშლის, მედიაგარემოს და სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკული შეფასება არ გაუკეთებია სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ს საელჩო მონაწილეობს სახელმიწოფ დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში, სადაც 2007-დან 2012-წლამდე პერიოდში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე არაერთი კრიტიკული შეფასებაა გაკეთებულა. გარდა ამისა, როგორც აშშ-ს ელჩს, ასევე აშშ-ს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ამ პერიოდში არაერთი კრიტიკული განცხადება აქვთ გაკეთებული.
მტკიცება, რომ აშშ-ს საელჩო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებზე არ რეაგირებდა, უსაფუძვლოა. აშშ-ს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობს და ის პროცესებთან მიმართებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. სწორედ საელჩოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას. ქვეყანაში ადამიანის უფლებების, მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ასევე სიტყვის და შეკრების თავისუფლების კუთხით კრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ადამიანის უფლებათა ანგარიშებში ხშირად ხვდებოდა. მაგალითისათვის ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ამონარიდები 2007-დან 2012 წლამდე მომზადებული ანგარიშებიდან.
წელი | ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება |
2007 | “მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა ზოგიერთი მიმართულებით, ზოგიერთი კუთხით ის გაუარესდა, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე. რჩება სერიოზული პრობლემები. დაფიქსირდა გარდაცვალების სულ მცირე ერთი შემთხვევა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად, ასევე დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის და წამების, პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის, დემონსტრაციების დაშლისას ძალის გადამეტებული გამოყენების, ციხეებში ცუდი მდგომარეობის, პოლიციელთა დაუსჯელობის, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის წინასწარი დაკავების გადამეტებულად გამოყენების ნაკლებად, საშუალო მოქალაქისათვის ადვოკატის მომსახურებაზე წვდომის ნაკლებობის, ზოგ შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი პროცედურების არარსებობის შემხვევები, არსებობს ინფორმაცია სასამართლოზე მთავრობის ზეწოლის შესახებ. სიტყვის, მედიის, შეკრების და პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლების პატივისცემის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით შემოდგომის კრიზისის დროს. სხვა პრობლემები მოიცავს მთავრობის ზეწოლას მედიასა და სასამართლოზე, სიტყვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და კორუფციას მაღალი დონის თანამდებობის პირებში.” |
2008 | “ადამიანის უფლებათა მთავარი დარღვევები მოიცავს სულ მცირე 2 სავარაუდო შემთხვევას, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებამ გარდაცვალება გამოიწვია. ასევე პატიმართა არასათანადო მოპყრობას, მოწმეთა დაშინებას, ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ცუდ პირობებს, პოლიციის დაუსჯელობას, საშუალო მოქალაქისათვის ადვოკატის სერვისზე წვდომის ნაკლებობას, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავევების შესახებ ცნობებს, ზოგ შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი პროცედურების არ არსებობას, მთავრობის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას. შემცირდა პატივისცემა სიტყვის და მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა წლის ბოლოს შეინიშნებოდა გარკვეული გამოსწორება.” |
2009 | “ადამიანის უფლებათა მთავარი დარღვევები მოიცავდა სულ მცირე ერთ სავარაუდო შემთხვევას, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებამ გარდაცვალება გამოიწვია, პოლიტიკურად მოტივირებულ გატაცებებს და თავდასხმებს, ცუდ პირობებს საპატიმროებში, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას, მათ შორის არასრულწლოვან პატიმრებს შორის, თვითნებურ დაკავებებს, პოლიტკურად მოტივირებულ პატიმრობას, დემონსტრაციების დაშლისას ძალის გადამეტებულ გამოყენებას, ზეწოლას ქონების მესაკუთრეთა მიმართ, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა, კორუფციას მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებში. შემცირდა მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა, იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობა ჩაერია შეკრების თავისუფლების განხორციელებაში.” |
2010 | “ადამიანის უფლებათა მთავარი დარღვევები მოიცავდა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყორბას, ცუდ პირობებს საპატიმროებში, თვითნებურ დაკავებებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია კანონის შერჩევით გავრცელებაზე – დანაშაულების, რომლებშიც ბრალდების მიხედვით მთავრობის წარმომადგენლები ფიგურირებდნენ, გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და ხშირად დაუსრულებელი რჩებოდა, მაშინ, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიება სწრაფად და კანონის სრული სიმკაცრით მიმდინარეობდა. ეს დისბალანსი მთავრობის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის გაჩენის შესახებ ბრალდებებს იწვევდა. გრძელდებოდა ბრალდებები სათანადო სამართლებრივი პროცედურების არარსებობის, სასამართლოზე მთავრობის ზეწოლის შესახებ და ასევე იმაზე, რომ ინდივიდები ციხეში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით რჩებოდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია ბიზნესებზე ზეწოლის შესახებ, რათა ჩაეხშოთ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიისადმი პოტენციური მხარდაჭერა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.” |
2011 | “ამ წელს ადამიანის უფლებათა კუთხით მთავარი პრობლემების შესახებ შემდეგ ინფორმაცია ვრცელდებოდა:
სხვა პრობლემები ამ წელს მოიცავდა სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრაციების დაშლისას ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რასაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია, განსაკუთრებით 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას. ასევე პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროებას. გრძელდებოდა ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შესახებ, განსაკუთრებით იმ პირების შესახებ, ვინც 2011 წლამდე დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის მხრიდან კერძო საკუთრების იძულებით გახსვისების უფლების არასათანადო გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელის მოიცავს მედიის მფლობელობის შესახებ ინფორმაციის მეტ გამჭვირვალობას, მოქალაქეებს შეზღუდული წვდომა ჰქონდათ მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაზე.” |
2012 | “ამ წელს ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდებოდა იყო: პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილებამდე, სახიფათოდ დაბალი სტანდარტის სიტუაცია ციხეებში. ჩავარდნები კანონის უზენაესობაში, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის და აღმასრულებელი ღონისძიებების ობიექტური სასამართლო მოკვლევის ნაკლებობა, რამაც შედეგად გამოიწვია სათანადო სამართლებრივი პროცედურების თანაბარი არათანაბარი გავრცელება. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში. იყო დაბრკოლებები შეკრების და გამოხატვის ფუნდამენტური უფლების გამოყენების კუთხით, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, რასაც ემატებოდა წინაღობები პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით.
სხვა პრობლემები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვრცელდებოდა, მოიცავდა საკუთრების მთავრობისათვის გადაცემას იძულების გზით და კერძო საკუთრების იძულებით გახსვისების უფლების არასათანადო გამოყენებით… …ჟურნალისტთა ნაწილმა განაცხადა მათ წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის შესახებ, ასევე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მათი გაშუქების გამო დაშინების შესახებ.” |
გარდა ამისა, მტკიცება, რომ აშშ-ს საელჩოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დემონსტრაციების დაშლისას ძალის გადამეტებული გამოყენების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს როგორც 7 ნოემბრის, ასევე 26 მაისის შემდგომ როგორც აშშ-ს ელჩის, ასევე სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებები. ამავე განცხადებებში ჩანს მოწოდებები მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ.
მაგალითისათვის, 2011 წლის 26 მაისს საკუთარი შეშფოთება დააფიქსირა აშშ-ს იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. მან თქვა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს მთავრობას გამოეძიებინა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევები.
ამავე მოწოდებით 28 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მარკ ტონერიც გამოვიდა.
მარკ ტონერი: “ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, დაცული უნდა იყოს. მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, როდესაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.”
2007 წლის 8 ნოემბერს კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების და ყველა მედია საშუალების მაუწყებლობის აღდგენისაკენ მოუწოდებდა. 10 ნოემბერს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ აპირებდა საქართველოს მთავრობისათვის ეთქვა, რომ საჭირო იყო საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუქმება და ამას დიდი იმედგაცრუება უწოდა, 12 ნოემბერს კი თბილისში ვიზიტისას მან თქვა, რომ საჭირო იყო საქართველოს დაუყოვნებლივ აღედგინა დემოკრატიული განვითარების იმპულსი და ამისათვის აუცილებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და ყველა მედიასაშუალების მაუწყებლობის აღდგენა. 16 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმჟამინდელმა სპიკერმა, შონ მაკკორმაკმა ბრიფინგის დროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების და მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
შონ მაკკორმაკი: “ზოგჯერ მთავრობისათვის არაკომფორტული და რთულია დამოუკდებელი, მძლავრი მედიის ყოლა, თუმცა ეს განვითარებული დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია”.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება, თითქოს დასავლელი პარტნიორები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობისას მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებში ყოველ წელს უარყოფითად აფასებდა. ვრცლად ამ თემაზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალას:
წყაროს შესახებ:
მასალა tvalsazrisi.ge-ს ავტორს, ირაკლი ჯანყარაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავდორულად კრემლთან დაკავშირებული პლატფორმის, ნიუსფრონტის ერთ-ერთი ავტორიცაა. ჯანყარაშვილი კრემლისტური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერია და ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური და პრორუსული, ასევე პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელი შინაარსის პოსტებსა და სტატიებს. ჯანყარაშვილი ასევე მართავს არაერთ ფეისბუქ გვერდს და ანგარიშს, სადაც დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები ქვეყნდება. ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართული გვერდებისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?
მას მსგავსი შინაარსის მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, როდესაც ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2012 წლამდე არ რეაგირებდნენ:
- რეაგირებდნენ თუ არა არასამთავრობოები ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2012 წლამდე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.