16 სექტემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, დავით ქართველიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ABC News-ის თანამშრომელი, რომელიც ტრამპთან დებატების წინ კამალა ჰარისს სავარაუდო შეკითხვების სიის წინასწარ ფლობაში ამხელდა, “შემთხვევით” საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. ქართველიშვილი ინფორმაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ტვიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქართველიშვილის განცხადება მედია-საშუალებების – იმედის, POS TV-ის, მედიაჰოლდინგ კვირას, nsp.ge-ის ვებ-საიტებსა და “ხალხის ძალის” ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ABC News-ის თანამშრომელი ავტოკატასტროფაში მას შემდეგ დაიღუპა, რაც განაცხადა, რომ კამალა ჰარისმა წინასწარ მიიღო სავარაუდო შეკითხვების სია, მცდარია. ეს ცნობა თავდაპირველად არასანდო წყაროებიდან მტკიცებულების გარეშე გავრცელდა, შემდეგ კი რესპუბლიკელმა მარჯორი ტეილორ გრინმა გაიმეორა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
2024 წლის 10 სექტემბრის, ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ორგანიზებული აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია რომელიც ვარაუდობდა, რომ “ABC News-ის მამხილებელი” ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მამხილებელი პიროვნება სავარაუდოდ, ავტოკატასტროფამდე ამტკიცებდა, რომ კამალა ჰარისმა წინასწარ მიიღო დებატების კითხვები, რამაც მას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უპირატესობა მიანიჭა.
-
ABC News-ის მამხილებელი არ არსებობს
არ არსებობს სანდო ან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს “ABC News-ის მამხილებლის” არსებობას, რომელიც კამალა ჰარისს წინასწარ დებატების კითხვების მიღებაში ამხელს. ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა, როგორიცაა Snopes და The Daily Beast, დაადასტურეს, რომ ამ ბრალდებას რაიმე სახის ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, ABC News-ის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ეს ჭორები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორივე კამპანია იცავდა შეთანხმებულ წესებს, მათ შორის იმ პირობას, რომ რაიმე შეკითხვა ან თემა წინასწარ არ ყოფილიყო გაზიარებულიყო რომელიმე კანდიდატთან.
The Daily Beast-თან ABC News-ის წარმომადგენელმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ კამალა ჰარისმა წინასწარ მიიღო კითხვები. ”აბსოლუტურად არა, ჰარისს არ მიუღია კითხვები დებატების დაწყებამდე”, – თქვა სპიკერმა.
Snopes-თან კი ABC News-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ABC News იცავდა დებატების წესებს, რომლებზეც ორივე კამპანია წინასწარ შეთანხმდა და ამ წესების თანახმად, მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ თემები ან შეკითხვები არ იქნებოდა წინასწარ გაზიარებული კანდიდატებთან
-
ცრუ შეტყობინებები ავტოავარიის შესახებ
ჭორები ავტოკატასტროფაში მამხილებლის გარდაცვალების შესახებ სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის X-ზე (ყოფილი Twitter) გავრცელდა. 2024 წლის 13 სექტემბერს ანგარიშმა სახელად Retro Coast (@RetroCoast) გამოაქვეყნა ცნობა “ABC-ის მამხილებლის” შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში.
პოსტის თანახმად, კატასტროფა მოხდა დილით ადრე ბეთესდას მახლობლად, მერილენდის შტატში. ტვიტმა 300 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, თუმცა ამ მომხმარებელს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება. ამ პოსტის შემდეგ, ჭორები ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით იმ მომხმარებლების მიერ, რომლებიც კამალა ჰარისსა და ABC News-ს აკრიტიკებდნენ. პრეტენზიამ დამატებითი ლეგიტიმაცია ზოგიერთი მომხმარებლის თვალში მას შემდეგ მოიპოვა, რაც 15 სექტემბერს ამერიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა ეს ჭორი თავის მიმდევრებს X-ზე გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათში გრინმა უკან თავისი განცხადება უარყო და გამოაქვეყნა შემდგომი ტვიტი, რომელშიც ნათქვამია:
“როგორც ჩანს, ეს ამბავი ყალბია და მოხარული ვარ, რომ გავიგე.”
გამოძიების შედეგად, ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Snopes და The Daily Beast, დაადგინეს, რომ არცერთ ლეგიტიმურ ან გადამოწმებად საინფორმაციო გამოშვებას არ უთქვამს რაიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელშიც ABC მამხილებელი მოხვდა. გარდა ამისა, მერილენდის საგზაო შემთხვევების საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმ ავტოავარიის შესახებ, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების აღწერილობასა და ვადებს შეესაბამება.
ეს უსაფუძვლო ჭორი, როგორც ჩანს, წარმოიშვა CountyLocalNews.com-ზე განთავსებული ბლოგიდან. თავის მხრივ, ამ ვებსაიტს არ აქვს არანაირი კავშირი ლეგიტიმურ საინფორმაციო გამოშვებებთან. სტატია, რომლის მეშვეობითაც ჭორები გავრცელდა, მოგვიანებით წაიშალა.
არქივის ბმულები: ხალხის ძალა, David Kartvelishvili, kvira.ge, postv.media
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.