დეზინფორმაცია ფოთში ნატოს სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნის და ყარსის ხელშეკრულების შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11
197
VIEWS

20-26 მარტის გაზეთ „ასავალ-დასავალის” გამოშვებაში გავრცელდა ონლაინ გამოცემა საქინფორმის რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის სტატია, სათაურით “სააკაშვილი საქართველოს მოსწყვეტს აჭარას, თუ ფოთში ნატო-ს ბაზა გაიხსნება!”. იდენტური მასალა მცირედი მოდიფიცირებით 15 მარტს თავად “საქინფორმშიც” გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი ამტკიცებს, თითქოს ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფოთის პორტში ნატოს სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ თხოვნა წარადგინა. ამასთანავე სტატიაში ფოთში ნატოს ბაზის შესაძლო განთავსება ყარსის ხელშეკრულების თემასთან არის დაკავშირებული, რომელიც პერიოდულად ცალკეულ კრემლისტურ და ეთნონაციონალისტურ გამოცემებში თურქეთის საფრთხისა და რუსეთის, როგორც ამ საფრთხისგან დაცვის გარანტორის კონტექსტში განიხილება.

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: „რაც შეეხება აჭარას, თუკი ნატო დააკმაყოფილებს საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა, და ფოთის პორტში თავის სამხედრო ბაზას გახსნის, რუსეთი არც მაშინ ჩაერევა, მიმდინარე მოვლენებში, სამაგიეროდ, 2021 წელს აღარ მოისურვებს ყარსის ხელშეკრულების გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც პასუხს აგებს საქართველოზე თურქეთის წინაშე. შედეგი? – ბათუმის პორტში, რომელიც ხელშეკრულების თანახმად თურქეთის ხელში გადავა, თურქული სამხედრო ბაზა გაიხსნება.”ასავალ-დასავალი, 20-26 მარტი; საქინფორმი, 15 მარტი

გავრცელებული მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთში ნატოს ბაზის გახსნის მოთხოვნით ბრიუსელისთვის არ მიუმართავს და არც ნატო ანთავსებს არაწევრი ქვეყნების ტეროტორიაზე თავის ბაზებს. რაც შეეხება სპეკულაციებს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შესახებ, ის ვადის გაგრძელებას არ საჭიროებს და შესაბამისად, აპელირება ისტორიულ საფრთხეებზე უსაფუძვლოა.

დეზინფორმაცია N 1. თავდაცვის სამინისტრომ ფოთის პორტში ნატოს სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ თხოვნა ბრიუსელში წარადგინა.

რეალური ფაქტი: ფოთში ნატოს სამხედრო ბაზის აშენება არ იგეგმება. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს საკითხი საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში საერთოდ არ დამდგარა და შესაბამისად არც განხილულა.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს სამხედრო ბაზები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არ გააჩნია, რადგან ალიანსი წარმოადგენს თავდაცვით სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის რომლებიც მისი წევრები არიან.

დეზინფორმაცია 2: რუსეთი 2021 წელს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის გამოც ბათუმის პორტი თურქეთის ხელში გადავა და იქ თურქული სამხედრო ბაზა განლაგდება.

რეალური ფაქტი: ყარსის ხელშეკრულება უვადოა, იგი კონკრეტუილ ვადით არ იზღუდება.

ხელშეკრულებაში არსად არაა ნახსენები, რომ რაიმე პერიოდის გასვლის შემდგომ შეთანხმებას ვადა გასდის ან გაგრძელებაა საჭირო. ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 23 ოქტომბერს თურქეთს, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ქალაქ ყარსში დაიდო. შეთანხმების თანახმად, თურქეთმა აჭარის ნაწილი, ქალაქ ბათუმის ჩათვლით, ასევევე ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო სანაცვლოდ ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

კონტექსტი

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში თურქეთის საფრთხედ წარმოჩენა, რომელსაც ერთმორწმუნე რუსეთი უნდა დაუპირისპირდეს, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მახასიათებელია. MDF-ის მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, ამ თვალსაზრისით ძირითადად სამი გზავნილი ფიგურირებს:

  • ნატოში ინტეგრაცია საქართველოში, კერძოდ ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში, თურქეთის ბაზის განთავსებას და კონფლიქტებს გამოიწვევს;
  • 2021 წელს ყარსის 1921 წლის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში, საქართველოს თურქეთის საფრთიხსგან მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთი დაიცავს;
  • თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია, რა დროსაც მითითება ოსმალეთი იმპერიისდროინდელ ისტორიულ საფრთხეზე ხდება.
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist