დეზინფორმაცია: ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აშშ-ს არ დაუფინანსებია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ncnn
206
VIEWS

2017 წლის 6 მაის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საბიუჯეტო კანონს მოაწერა ხელი (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი). აღნიშნული კანონის თანახმად, ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ დამოუკიდებლობას აღიარებენ და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ, აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.  ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2017 წლის 10 მაისს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, ამერიკის საბიუჯეტო კანონის მიღება საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენას არ წარმოადგენს, ვინაიდან ის ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ აშშ-სგან კანონის ხელმოწერამდეც არასდროს იღებდნენ ფინანსურ დახმარებას.

საქინფორმი, 10 მაისი: “სინამდვილეში, არავითარი რეალური მნიშვნელობა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის ჩანაწერს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რატოღაც “ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად” შეაფასა, არ აქვს ორი მიზეზის გამო: პირველი- ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ ასევე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/ სამხრეთ ოსეთი აშშ-ს აქამდეც არასოდეს დაუფინანსებია.”

საქინფორმის განცხადება სიცრუეა, ვინაიდან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მონაცემებით, 2001-2015 წლებში ნიკარაგუას მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს 3,6 მილიარდის, ვენესუელას – 699 მილიონის, ხოლო ნაურუს 2010-2015 წლებში 1 მილიონი ამერიკული დოლარის სხვადასხვა დახმარება აქვს აშშ.-სგან მიღებული.

იხ. ინფოგრაფიკა

წყარო: explorer.usaid.gov

 

ნიკარაგუა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მოიცავს როგორც USAID-ის, ასევე აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაწეულ დახმარებებს, 2001-2015 წლებში ნიკარაგუამ აშშ-სგან 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (U.S Department of State) ინფორმაციით კი აშშ ნიკარაგუას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების გაზრდაში ეხმარება.

ნიკარაგუაში არსებული აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის ზრდასა და დომენიკის რესპუბლიკას, ცენტრალური ამერიკასა და აშშ-ს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (CAFTA-DR) უპირატესობების გამოყენებას.

ნიკარაგუაში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კრიმინალის მაჩვენებელი ძალიან მაღალია , აშშ-ის სამხედრო- საპრევენციო პროგრამების მთავარი მიზანი მოსახლეობის უკანონო საქმიანობაში ჩართვისაგან დაცვაა. პროგრამები ნიკარაგუელების განათლების დონის ამაღლებასა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ვენესუელა 

USAID-ის ინფორმაციის მიხედვით, ვენესუელამ 2001-2015 წლებში აშშ-ისგან 699 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით კი აშშ ვენესუელას ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ეხმარება.

2005 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით, ვენესუელას ფინანსური დახმარება შეეზღუდა ვინაიდან ქვეყანამ ნარკოტიკების საწინააღმდეგო საერთაშორისო შეთანხმების ვალდებულებები არ შეასრულა. თუმცა, შეზღუდვა ადამიანთა უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ არსებულ პროგრამებს არ შეხებია.

ნაურუ 

იმავე მონაცემების თანახმად, 2010-2015 წლებში ნაურუს აშშ-ისგან 1 მილიონი ამერიკული დოლარის სხვადასხვა დახმარება აქვს მიღებული. აშშ იმ საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მთავარი დამფინანსებელია, რომელიც 2017 წლის მაისამდე ნაურუს ეხმარებოდნენ. ეს ორგანიზაციებია: აზიის განვითარების ფონდი (ADB) , მსოფლიო ბანკი,(World Bank ) გაეროს ბავშვთა ფონდი(Unicef), გაეროს მოსახლეობის ფონდი( UNFPA).

ახალ ზელანდიური მედია საშუალება RNZ-ს ინფორმაციით, ნაურუმ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა უკვე დაკარგა.

ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა 2008 წელს აღიარა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას შეუერთდა ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ. ტუვალუმ და ვანუატუმ, მოგვიანებით, თავიანთი აღიარება უკან წაიღეს.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ვენესუელა, ნაურუ, ნიკარაგუა
წყარო

წყარო

საქინფორმი
საქინფორმი
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist