დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიების “X ზონა” – სოციალურ ქსელში TV იბერიის გადაცემის ძველი ჩანაწერი ვრცელდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

43
VIEWS

2021 წლის 14 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა ფანტინამ და ლაშა მენთეშაშვილმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში 2017 წელს გასული გადაცემის ჩანაწერი გააზიარეს. გადაცემა “X ზონის” აღნიშნული ეპიზოდში პროგრამის წამყვანი ვანო პავლიაშვილი ბიოლოგიური იარაღზე, გასაიდუმლოებულ სამხედრო ლაბორატორიებზე, ხელოვნურად შექმნილ ვირუსებსა და ფარმაცევტული კომპანიების შეთქმულებებზე საუბრობს. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარია ანტივაქსერი ჰომეოპათი თინა თოფურიაც, რომელიც გადაცემაში ვაქცინების შესახებ საუბრობს, ხოლო გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი – ზურაბ ქუმსიაშვილი სიმსივნისა და მისი განკურნების გზებზე მსჯელობს. ერთსაათიან ჩანაწერში  ტელეწამყვანი, ზურაბ ქუმსიაშვილი და თინა თოფურია შემდეგ მტკიცებებს აჟღერებენ:

  1. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის კგბ-მ არალის ზღვის კუნძულზე საიდუმლო ლაბორატორია შექმნა, რომელშიც ადამიანის ზომბად გადაქცევის ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობდა.
  2. ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კვლვების ჩატარება კანონით იკრძალება, ამიტომ ადამიანებზე ბიოლოგიური ცდები “მესამე მსოფლიოს” ქვეყნებში ლუგარის ლაბორატორიის მსგავს ცენტრებში ტარდება.
  3. სიმსივნე განკურნებადია, რის შესახებაც ინფორმაცია როკფელერების ფონდში ინახება, თუმცა ფარმაცევტული “მაფია” ამ საიდუმლოს არ ამხელს.
  4. სიმსივნის ქიმიოთერაპიით მკურნალობისას ჯანმრთელი ლიმფოციტების ის ჯგუფები ნადგურება, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ბუნებრივად ებრძვიან.
  5. ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინების შემადგენლობას საიდუმლოდ ინახავენ და მეცნიერებს ვაქცინის შემადგენელ ყველა კომპონენტზე ინფორმაციას არ აწვდიან.
  6. ვაქცინები  ცოცხალ ვირუსებს, ალუმინს, მერკურის მარილებს, ფორმალინს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში წლობით რჩება, გროვდება და შემდეგ გართულებებს იწვევს.
  7. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ბიოლოგიურ კვლევებში ბავშვების ნებისმიერი ფორმით ჩართვა აკრძალულია, ამიტომ უცხო ქვეყნების ფარმაცევტულ კომპანიებს გამოუცდელი წამლები და ვაქცინები საქართველოში შემოაქვთ და ქართველ ბავშვებზე ცდიან.
  8. დონალდ ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსთან ერთად ვაქცინების უსაფრთხოების კომისია შექმნა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს.

გადაცემაში თინა თოფურიას ჩართვის ფრაგმენტი 21 ნოემბერს ვიდეოპორტალ Rumble-ზეც გამოქვეყნდა.

"

ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემაში 8 დეზინფორმაციული, დაუდასტურებელი და კონსპირაციული მტკიცება გვხვდება:

  1. მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირის არალის ზღვის კუნძულის საიდუმლო ლაბორატორიში ადამიანის ზომბად გადაქცევის ვაქცინას ქმნიდა, დეზინფორმაციაა.

მართალია, საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად მუშაობა 20-იან წლებში დაიწყო და სხვადასხვა პათოგენის ბიოლოგიურ იარაღად გარდაქმნაზე კვლევები სსრკ-ს დაშლამდე გრძელდებოდა, თუმცა არცერთი ღიად ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროთი, მათ შორის არც 1990-იან წლებში გასაჯაროვებული საარქივო მასალებით, არ დასტურდება, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანის ზომბად გადაქცევის “ვაქცინაზე” მუშაობდნენ და ამ მიმართულებით წარმატებული კვლევები არსებობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ლიდერებმა ოფიციალურად აღიარეს, რომ სსრკ 1972 წელს ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, არაერთ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში დაავადებათა გამომწვევი პათოგენებზე სამხედრო დანიშნულების კვლევებსა და ექსპერიმენტებს აგრძელებდა, რის შემდეგაც აშშ-სთან პარტნიორობით ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად განკუთვნილი ლაბორატორიების გაუვნებელყოფა დაიწყო. აღნიშნულ ლაბორატორიათაგან ერთ-ერთი იყო არალის ზღვაში, “აღორძინების კუნძულზე” (Остров Возрождения) მდებარე გასაიდუმლოებული, მასშტაბური კომპლექსიც, რომელიც 1954 წელს აშენდა და ღია სივრცეში ბიოლოგიური იარაღის გამოცდისთვის გამოიყენებოდა. “აღორძინების კუნძულზე” 1954 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ციმბირის წყლულის, ჩუტყვავილას, შავი ჭირის და სხვა იშვიათი დაავადებების გამომწვევი პათოგენების გამოცდა და წარმოება მიმდინარეობდა, თუმცა დღემდე გასაჯაროვებულ ცნობებში “ზომბირების ვაქცინის” შესახებ არაფერია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ 2002 წლის 10 აპრილს ამერიკის კონგრესის დაკვეთით საბჭოთა კავშირის ბიოიარაღის პროგრამების და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბიოუსაფრთხოების შესახებ მომზადებულ ანგარიშში იმ 11 ბიოაგენტის (ციმბირის წყლული, შავი ჭირი, ტულარემია, ბრუცელიოზი და ა.შ.) ჩამონათვალს ვხვდებით, რომელთა ბაზაზეც შექმნილ ბიოლოგიურ იარაღს საბჭოთა კავშირი მასობრივად აწარმოებდა, თუმცა საბჭოთა ბიოიარაღის ჩამონათვალში “ზომბირების ვაქცინა” არ გვხვდება.

  1. ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე აკრძალული ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩატარების შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობით მიმდინარე, ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და მასში საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მტკიცება, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ადამიანებზე აკრძალული ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად შეიქმნა შეთქმულების თეორიაა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის მიზნით უკვე წლებია ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები ადრეც გადაამოწმა. ამ თემაზე იხილეთ სტატიები:

  •  მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, საფუძველს მოკლებულია
  •  რუსული Военный Арсенал-ი, ბულგარული Arms Watch და სხვანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
  •  “გლობალური კვლევების ცენტრის” დეზინფორმაცია “ალიაში” ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
  •  6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს
  1. მტკიცება, თითქოს სიმსივნე განკურნებადია, თუმცა კიბოს წამლის შესახებ ინფორმაციას ფარმაცევტული კომპანიები მალავენ, შეთქმულების თეორიაა. 

შეთქმულების თეორია, თითქოს ფარმაცევტული კომპანიები ან ცალკეული ელიტური ჯგუფები სიმსივნის განკურნების საშუალებების შესახებ ინფორმაციას მალავენ, რათა კიბოს თერაპიითა და მედიკამენტებით მეტი ფული იშოვონ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაციაა, თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მსგავსი შეთქმულების არსებობა რამენიმე მიზეზის გამოა შეუძლებელი. პირველ რიგში, “სიმსივნის განკურნების გზა” მეტისმეტად ზოგადი ტერმინია და მცდარია შეხედულება, რომ შესაძლებელია ყველა ფორმისა და სტადიის სიმსივნისთვის რაიმე უნივერსალურმა წამალმა ან მეთოდმა იარსებოს. ამჟამად, მეცნიერები “სიმსივნის” ზოგადი კატეგორიის ქვეშ 200-ზე მეტ შესწავლილ დაავადებას აერთიანებენ, რომლებიც ერთმანეთისგან თავიანთი გამომწვევი მიზეზებით, ფორმებით, სირთულით და შესაძლო მკურნალობის გზებით მკვეთრად განსხვავდებიან, რის გამოც ყველა მათგანისთვის საერთო წამლის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღემდე ცნობილ სიმსივნეთაგან საკმაოდ ბევრი ადრეულ სტადიაზე “გამოჭერის” შემთხვევაში გრძელვადიან პერიოდში განკურნებადია და სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის თანამედროვე მედიცინას სიცოცხლის წლობით გახანგრძლივება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამედიცინო საშუალებებს კიბოს ბევრი სახეობის განკურნება ჯერკიდევ არ შეუძლიათ, ბოლო 100 წლის განმავლობაში სიმსივნის მკურნალობის მეთოდებმა ნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

ამასთანავე, იმის მტკიცება, რომ “სიმსივნის წამლის” აღმოჩენის შემთხვევაში რომელიმე ფარმაცევტული კომპანიისთვის ამ ინფორმაციის დამალვა ფინანსურად მომგებიანი ან ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, აბსურდულია. “სიმსივნის უნივერსალური წამლის” აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლებელია, რომელიმე ფარმაცევტული კომპანიისთვის წამლის კომერციალიზაციაზე მომგებიანი მისი გასაიდუმლოება ყოფილიყო. გარდა ამისა, 2016 წელს ირლანდიელმა პროფესორმა რობერტ დევიდ გრიმსმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა პოპულარული შეთქმულების თეორიის რეალურობის შემთხვევაში მათი გამომჟღავნებისთვის საჭირო დრო გამოთვალა. როგორც გრიმსის ანალიზი აჩვენებს, თუ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია სიმსივნის უსაფრთხო და ეფექტიან წამალს/მკურნალობის მეთოდს შექმნიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავისი აღმოჩენის გასაჯაროებაზე უარს იტყოდა, წამლის შექმნის და მისი არსებობის გასაიდუმლოებისთვის კონსპირაციაში სულ მცირე 714 000 ადამიანის მონაწილეობა იქნებოდა საჭირო, ხოლო ამ ზომის ჯგუფში საიდუმლოს გამჟღავნებას, გრიმსის მათემატიკური მოდელის მიხედვით, დაახლოებით 3 წელზე ცოტა მეტი დრო დასჭირდებოდა.

  1. სიმსივნის ქიმიოთერაპიით მკურნალობისას ჯანმრთელი ლიმფოციტების წარმოქმნა დროებით შეიძლება შეფერხდეს, თუმცა მცდარია მტკიცება, თითქოს ქიმიოთერაპია სიმსივნესთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს აქვეითებს. 

გადაცემაში სიმსივნის მკურნალობაზე საუბრისას ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი ამტკიცებს, რომ ქიმიოთერაპია ორგანიზმის ჯანმრთელ, მათ შორის სიმსივნესთან მებრძოლ, უჯრედებს ანადგურებს და ამასთანავე, აღნიშნავს, რომ სიმსივნის განკურნება ალტერნატიულ მედიცინას უფრო უსაფრთხო მეთოდებით შეუძლია. ალტერნატიული მედიცინის მიმდევრები ქიმიოთერაპიის შესახებ წინააღმდეგ მსგავს არგუმენტს ხშირად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპია, რომელიც სიმსივნური უჯრედების განადგურების ან მათი გამრავლების შეჩერებისკენაა მიმართული, ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებზე გარკვეულ ზემოქმედებას მართლაც ახდენს, თუმცა იგი სიმსივნის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს არ აქვეითებს.

რეალურად, ქიმიოთერაპიის დროს ძირითადად  ძვლის ტვინის მიერ სისხლის თეთრი უჯრედების და მათ შორის ლიმფოციტების გამომუშავება მართლაც ფერხდება, რაც ადამიანის იმუნური სისტემის დროებით შესუსტებას იწვევს და პაციენტი ინფექციებისადმი (და არა თავად სიმსივნის მიმართ) უფრო მეტად მოწყვლადი ხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიური ეფექტი პაციენტის ორგანიზმზე შეიძლება თავად სიმსივნესაც ჰქონდეს. ამასთანავე, ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 21-28 დღის შემდეგ იმუნური სისტემა რეგენერაციას იწყებს. თავის მხრივ, კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას ქიმიოთერაპიის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნად შეიძლება აღემატებოდეს, თუმცა სიმსივნის სხვადასხვა სტადიისა და ფორმისთვის ქიმიოთერაპიის, ისევე როგორც სიმსივნის ნებისმიერი სხვა მკურნალობის მეთოდის, ეფექტიანობა განსხვავებულია.

  1. დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინების შემადგენლობას ასაიდუმლოებენ და მეცნიერებს ვაქცინის ყველა ინგრედიენტს არ უმხელენ.

სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა ვაქცინის შემადგენლობა საჯარო ინფორმაციაა. ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ კონკრეტული ვაქცინების ფლაკონებისთვის დართულ ანოტაცია, არამედ ინტერნეტით ხელმისაწვდომ არაერთ ღია წყაროში გვხვდება. ვაქცინებისა და მათი შემადგენლობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მოპოვება ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე – “ვაქცინის ცოდნის პროექტი” არის შესაძლებელი. გარდა ამისა, საერთაშორისოდ გაზიარებული პრაქტიკით, თითოეული ვაქცინა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვედრამდე ლიცენზირების პროცესს გადის, რომლის ფარგებშიც ფარმაცევტული კომპანიები შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს თავიანთი პროდუქტის პრე-კლინიკური და კლინიკური კვლევების მონაცემებთან ერთად, მასში შემავალი კონპონენტების შესახებ სრულ ინფორმაციას წარუდგენენ. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ ვაქცინების რომელიმე ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია დამალონ და გაასაიდუმლოონ საფუძველს მოკლებულია.

  1. მცდარია მტკიცება, რომ ვაქცინებში შემავალი ცოცხალი ვირუსები, ალუმინი, მერკურის მარილები, ფორმალინი და სხვა ინგრედიენტები ტოქსიკურია, ორგანიზმში წლობით რჩება, გროვდება და შემდეგ გართულებებს იწვევს. 

ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს. ზოგიერთი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებში ცოცხალი, თუმცა დასუსტებული ვირუსი გვხვდება, რაც ინფექციის სიმულირებას და განსაკუთრებით ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს. დასუსტებული, ცოცხალი ვირუსის ბაზაზე შექმნილი ვაქცინებია წითელას, ყბაყურას, წითურასა და ჩუტყვავილას ვაქცინები. ასეთი ვაქცინები განსაკუთრებით მაღალი ეფექტიანობით და ხანგრძლივი იმუნური პასუხის ჩამოყალიბებით გამოირჩევა, თუმცა ამ ტიპის ვაქცინებში ვირუსი იმდენადაა დასუსტებული, რომ პათოგენს დაავადების მხოლოდ ძალიან მსუბუქი ფორმის გამოწვევა შეუძლია. ცოცხალ ვირუსით ან ბაქტერიით დამზადებული ვაქცინები არ უკეთდებათ სხვადასხვა მიზეზის გამო იმუნოდეფიციტურ ადამიანებს (მაგალითად შიდსის მქონე ან ქიმიოთერაპიით მოსარგებლე ონკოლოგიურ პაციენტებს), თუმცა სხვა შემთხვევებში ამ სახის ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა რამდენიმე დღეში ანადგურებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ დასუსტებული პათოგენით დამზადებული ვაქცინები ორგანიზმში ცოცხალი ვირუსების დაგროვებას იწვევს, საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება ვაქცინებში შემავალი სხვა ნივთიერებების ტოქსიკურობას, ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. რეალურად, ვაქცინებში გამოყენებული ნივთიერებების უმეტესობა ადამიანის სხეულში ბუნებრივადაც არსებობს, ხოლო ვაქცინების წარმოებაში ისინი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ორგანიზმში რაიმე გრძელვადიანი ზიანი გამოიწვევა შეუძლიათ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

  1. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ბიოლოგიურ კვლევებში ბავშვების მონაწილეობა აკრძალული არ არის, ხოლო ცნობები უცხო ქვეყნების ფარმაცევტულ კომპანიების მიერ ვაქცინებისა და წამლების ექსპერიმენტებისთვის ქართველი ბავშვების გამოყენების შესახებ, მტკიცებულებების გარეშეა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინებისა და მედიკამენტების პედიატრიული კლინიკური კვლევები როგორც ამერიკის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით, საკმაოდ მკაცრადაა რეგულირებული, მცდარია მტკიცება, რომ ამგვარი კვლევების ჩატარება დასავლურ სამყაროში საერთოდ აკრძალულია. მაგალითად, ამერიკაში პედიატრიული კლინიკური კვლევები რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა რეგულირებული, რომლებიც ერთი მხრივ, მედიკამენტების კვლევებში ბავშვების ჩართულობის პირობებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ, ფარმაცევტულ კომპანიებს ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების კომერციალიზაციამდე პედიატრიული კვლევების ჩატარების ვალდებულებას უწესებს. მარეგულირებელ ნორმათა ვრცელი კორპუსი მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა კლინიკურ კვლევებში ბავშვების მონაწილეობის სრულად აკრძალვის პრაქტიკა არც ევროპულ სივრცეში არსებობს.

რაც შეეხება თინა თოფურიას განცხადებას, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით უცხო ქვეყნების ფარმაცევტულ კომპანიები მედიკამენტებსა და ვაქცინებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ქართველი ბავშვებზე ატარებენ, მტკიცებულებების გარეშეა. თოფურია არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ შემთხვევას, მედიკამენტს ან ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც საქართველოში ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებს. გადაცემაში თოფურიას არც მსგავსი ექსპერიმენტების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია.

  1. დონალდ ტრამპს ანტივაქსერი აქტივისტი რობერტ კენედი უმცროსი ვაქცინების უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელად არ დაუნიშნავს, ხოლო მტკიცება, თითქოს რობერტ კენედიმ ან ვინმე სხვამ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დაამტკიცა, დეზინფორმაციაა.

2017 წელს ანტივაქსერული და არამეცნიერული განცხადებებით გამორჩეულმა აქტივისტმა რობერტ კენედიმ ამერიკულ მედიასთან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მას ვაქცინაციის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით შექმნილი პანელის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რასაც სამეცნიერო წრეებიდან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. მიუხედავად დაპირებისა, დონალდ ტრამპს კენედის ხელმძღვანელობით მსგავსი პანელი არ შეუქმნია და კენედისთან ამ თემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

მტკიცება, თითქოს ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინები აუტიზმს იწვევს, ანტივაქსერულ წრეებში ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციაა, თუმცა ამ მტკიცებას აქამდე ჩატარებული არცერთი სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს. მაგალითად, 1998 წლიდან 2006 წლამდე მხოლოდ წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინისა და აუტიზმის კავშირის შესახებ 13 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა ჩატარდა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არცერთ მათგანში არ გამოვლინდა. მეცნიერული კვლევები არ ადასტურბს არც იმ ჰიპოთეზას, თითქოს აუტიზმს არა ერთი კონკრეტული ვაქცინა, არამედ სხვადასხვა ვაქცინების კომბინაცია იწვევს. აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist