დედის რძის შეფერილობას ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

112
VIEWS

2022 წლის 17 აპრილს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ანტივაქსერი ექიმი ქერი მადეი საუბრობს ვაქცინაციისა და ძუძუთი კვების შესახებ. ინგლისურენოვან ვიდეოში ლაპარაკია ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა სრულად ვაქცინირებულმა დედამ თავისი რძის შეფერილობაში უცნაურობა შენიშნა, რის გამოც გადაწყვიტა მისი გამოკვლევა. ქერი მადეის თქმით, დიაგნოსტიკურმა დანადგარმა დედის რძეში აღმოაჩინა 80% არაორგანული ნივთიერება და დაადგინა, რომ რძეში ტოქსიკურობის დონე 10-დან 8 იყო, ხოლო კვებითი ღირებულება – 10-დან 5. ბოლო ჟამის ქრისტიანების პოსტის აღწერა იმეორებს ვიდეოს შინაარს დედის რძეზე ვაქცინაციის უარყოფითი გავლენების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინირებული დედის რძე საფრთხისშემცველია და რძის უცნაური შეფერილობა შესაძლოა ვაქცინით იყოს გამოწვეული, მცდარია. რეალურად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად დედის რძეში ანტისხეულები გამომუშავდება, რომელთაც ვირუსის ნეიტრალიზირების უნარი აქვთ, ხოლო რძის შეფერილობის შეცვლა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კვებით არის განპირობებული და ვაქცინებთან კავშირი არ აქვს.

რა გავლენა აქვს ვაქცინაციას დედის რძეზე?

ვიდეოში ქერი მადეის არ მოუწოდებია ზუსტი ინფორმაცია თუ ვინ და სად ჩაატარა სრულად ვაქცინირებული  დედის რძის დიაგნოსტიკა. მართალია, გამოკვლევის შედეგებს გვამცნობს, თუმცა ღია წყაროებში მსგავსი ან იდენტური შინაარსით იძებნება მხოლოდ ის სტატიები, რომლებიც ქერი მადეის ვიდეოს ეყრდნობიან. არცერთ სანდო სამეცნიერო და სამედიცინო წყაროებში არ იძებება ინფორმაცია, თითქოს ვაქცინაიის შედეგად, რძე არაორგანული და ტოქსიკური ხდება. 

დედის რძე არაერთი სამედიცინო დაწესებულების კვლევის ობიექტი გახდა. 2021 წლის ნოემბერს როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 30-მა ვაქცინირებულმა და 47-მა ინფიცირების ისტორიის მქონე დედამ მიიღო. კვლევის შედეგების მიხედვით, ორივე ტიპის დედის რძეში აღმოაჩინეს აქტიური ანტისხეულები, რომლებსაც გააჩნდათ ვირუსის ნეიტრალიზირების უნარი. კვლევაში რძის ტოქსიკურობაზე საუბარი არ ყოფილა.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 2022 წლის თებერვალში ჟურნალმა Obstetrics & Gynecology-მა გამოაქვეყნა, 30 ვაქცინირებულ დედის რძეში ვირუსის 4 შტამის ნეიტრალიზირების უნარი განსაზღვრა. ვაქცინაციასა და დედის რძესთან დაკავშირებით არსებული ლიტერატურა, მათ შორის კვლევები და სტატიები, მეტა ანალიზის მეშვეობით, შეაჯამა ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე 2022 წლის მარტში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც 18 კოჰორტულ კვლევას მოიცავდა და რომლის მიხედვითაც ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დედის რძის ნიმუშების 64%-ს აღმოაჩნდა იმუნოგლობულინი A (igA), ხოლო 30%-ს – იმუნოგლობულინი G (igG). ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ, კი, იმუნოგლობულინის (ანტისხეულების) მაჩვენებელი 70% და 91% გახდა.

ამ დრომდე ჩატარებული კვლევები ვაქცინირებული დედის რძეში ანტისხეულების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს, თუმცა ბოლომდე გამოკვლეული არ არის დედის რძეში ანტისხეულები რამდენი ხანი ცოცხლობს და ზოგადად, რა გავლენა აქვს მას ჩვილებში კორონავირუსის პრევენციაზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ფეხმძიმე და მეძუძურ დედებზე ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემს და მიიჩნევს, რომ იგი უსაფრთხო და ეფექტიანია. 

ვაქცინირებული დედის რძეზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

ცვლის თუ არა COVID-19-ის ანტისხეულები დედის რძის ფერს?

ცნობები, თითქოს Covid-19-ის ანტისხეულები ცვლიდა დედის რძის ფერს, ვრცელდება როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ამ თემაზე ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP-სთან კომენტარი გააკეთა ბრიგემის და ქალთა საავადმყოფოს პერინატოლოგიის განყოფილების ექიმმა კეტრინ გრეიმ, რომლის თანახმად დედის რძეს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერი იმის მიხედვით, თუ რას ჭამს ან რა წამლებს იღებს მეძუძური დედა. ანტისხეულები არ იწვევენ დედის რძისა თუ სხვა სითხეების ფერის ცვლილებას. USA Today-სთან საუბრისას, იელის უნივერსიტეტის ინფექციების პრევენციის სამედიცინო დირექტორმა რიჩარდ მარტინელომ კომენტარი გააკეთა კონკრეტულად მწვანე ელფერის დედის რძეზე. მარტინელოს მიხედვით, დედის რძეში არსებული ანტისხეულები ჩვილებს დაავადებისგან იცავენ და არ ახდენენ გავლენას რძის ფერზე. მწვანე შეფერილობა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ისპანახმა, მულტივიტამინებმა და ა.შ. 

ავსტრალიის ძუძუთი კვების ასოციაცია აქვეყნებს დედის რძის უჩვეულო შეფერილობის ტიპებს და მათ სავარაუდო მიზეზებს. სტატიაში შემდეგი ფერებია ჩამოთვლილი: ვარდისფერი, ყვითელი/ნარინჯისფერი, მწვანე, შავი, წითელი/ყავისფერი, ღია თეთრი. შეფერილობის ცვლილების გამოწვევ არცერთ სავარაუდო მიზეზში არ არის ნახსენები არც ვაქცინაცია და არც ანტისხეულები. შესაბამისად, მტკიცებულება, თითქოს კოვიდ-19-ის ვაქცინა მეძუძურ დედებში რძის შეფერილობის შეცვლას იწვევს, არ არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული და არ შეესაბამება სიმართლეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist