დაუწესა თუ არა მოლდოვამ რუსეთს სანქციები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

223
VIEWS

16 მაისს “პირველი არხის” გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლდოვას რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, არ მიუღია რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება, რჩება დსთ-ს წევრად, რუსეთთან ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებს და ამის გამო ევროკავშირში არავინ საყვედურობს და პრორუსულობაში არ ადანაშაულებს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში ხდება.

ირაკლი კობახიძე: “მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს არ გახდება ნატო-ს წევრი, დღემდე არ დაუწესებია სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ფრენებიც არსებობს, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ სრულდება, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვას საზღვარი აქვს მხოლოდ უკრაინასთან და ევროკავშირთან და ფიზიკურად ვერ სრულდება რუსეთ-მოლდოვას შორის ფრენები, თორემ მოლდოვას არ მიუღია ფრენების დახურვის გადაწყვეტილება. ყველას ესმის, რატომ ფრთხილობს მოლდოვა. ანუ, მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამას ყველა გაგებით ეკიდება და არავინ საყვედურობს. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოლდოვაში მოქმედი ხელისუფლება არის პრორუსული ან რაღაც. […] როცა მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა ყველას ესმის, ჩვენი კი ამის ნახევარიც არ ესმით, როცა ესმით, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრად რჩება, რუსეთის ქოლგის ქვეშ მთავარ გაერთიანებაში და ამ ქვეყნის ორჯერ მეტი სიფრთხილე ესმით, შენი კი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამის მიზეზი. […]”

Screenshot 2 7 დაუწესა თუ არა მოლდოვამ რუსეთს სანქციები?
კადრი გადაცემიდან “თავისუფალი ხედვა”

ირაკლი კობახიძის განცხადება ნაწილობრივ მცდარია. კობახიძე მანიპულირებს იმ საკითხით, რომ მოლდოვას სამხედრო ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, თუმცა 2023 წლის აპრილში მოლდოვა ევროკავშირის სანქციების 4 რეჟიმს შეუერთდა და რუსეთის 13 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოლდოვამ დსთ-ის დატოვების სურვილი გამოთქვა და დსთ-ის საპარლამენტაშორისო ასამბლეის დატოვების პროცედურის ინიცირება გადაწყვიტა. რაც შეეხება რუსეთ-მოლდოვის შორის ფრენებს, მოლდოვა არ შედის იმ სახელმწიფოების სიაში, ვინც 2022 წელს რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა, თუმცა მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ ადგილობრივ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები აუკრძალა.

  • რუსეთის საწინააღმდეგო რომელ სანქციებს შეუერთდა მოლდოვა?

2023 წლის მარტში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა ევროკავშირის სანქციებს უერთდებოდა და რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას რამდენიმე კვირაში სანქციებს დაუწესებდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის მარტში ევროკავშირმა მოლდოვას ინდივიდუალური სანქციების პაკეტთან შეერთება სთხოვა, სანქციების ეს პაკეტი უკრაინაში ომის დაწყებასა ეხება და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რიგი პირების დასჯაზეა მიმართული. პოპესკუმ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში მოლდოვა სხვა სანქციებსაც შეუერთდებოდა. შესაბამის განკარგულებას ხელი 21 მარტს მოეწერა. სანქცირებულთა შესახებ ინფორმაცია 2023 წლის აპრილში გავრცელდა. მოლდოვა ევროკავშირის სანქციების 4 რეჟიმს შეუერთდა, ორი მათგანი ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს ეხება, ორი კი სირიასა და მალიში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

სანქცირებულ პირებს მოლდოვაში ჩასვლა ასევე ქვეყნის სატრანზიტოდ გამოყენება ეკრძალებათ, ასევე იყინება მათი ფინანსური ანგარიშები. სანქცირებულთა შორის რუსეთის, მიანმარის, სამხრეთ სუდანის და ავღანეთის მოქალაქეები არიან. რუსეთის 13 სანქცირებულ მოქალაქეს შორის ორი ძირითადად ვაგნერის ჯგუფის წევრები არიან. სანქცირებულთა შორის ასევე მოხვდა უკრაინაში ომში მონაწილე 2 სამხედრო, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებული, და ასევე 2 პოლიციელი, რომლებიც 2022 წლის მარტში რუსეთში ომის საწინააღმდეგო დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებასა და წამებაში არიან ბრალდებული. 

მარტში “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხი ჯერ არ განიხილებოდა, თუმცა, მისი თქმით, კიშინიოვმა ჯერ კიდევ 2022 წელს “დე-ფაქტო” დააწესა ფინანსური სანქციები.

ომის დაწყების შემდეგ მოლდოვას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა საჰაერო სივრცე ჩაკეტილი. მოლდოვა არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ უშუალოდ რუსეთისთვის ჩაკეტეს საჰაერო სივრცე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც Аir Moldova-მ რუსეთში ფრენების აღდგენა დაანონსა, მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ ადგილობრივ ავიახაზებს უსაფრთხოების მიზეზით რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. 

  • 2023 წლის მაისში მოლდოვამ დსთ-ის დატოვების პროცესი დაიწყო

2023 წლის 15 მაისს მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)  საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დატოვების პროცესს დააინიციირებდა. გროსუმ აღნიშნა, რომ ეს პირველი ნაბიჯია დსთ-ის დატოვებისთვის. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დსთ-ის წევრობა ქვეყანას დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებაში, ეკონომიკური ემბარგოსგან და ენერგეტიკული შანტაჟისგან თავის დაცვაში არ დახმარებია.

2023 წლის დასაწყისში მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმებიდან გავიდოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტი მაია სანდუ დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია.

მოლდოვის ნეიტრალიტეტი 

მუდმივი ნეიტრალიტეტი მოლდოვამ 1994 წელს კონსტიტუციის 11-ე მუხლით გამოაცხადა. შესაბამისად ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის მიზანი არ არის. თუმცა მოლდოვა ალიანსთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის გაძლიერება სურს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ნეიტრალიტეტის გამოცხადებას დადებითი გავლენა არ ჰქონია. დნესტრისპირეთის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებლად რჩება, ხოლო მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული ჯარები დღემდეა განთავსებული.

საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხი ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი და ამ მანიპულაციებისთვის სხვადასხვა აქტორებს მოლდოვის მაგალითიც ხშირად მოჰყავთ. ვრცლად გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:

აღსანიშნავია, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მოლდოვასა და საქართველოს შედარებისას მოლდოვის შესახებ მცდარი განცხადება წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ:

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist