დაუჯდა თუ არა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი ყველაზე “იაფი”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

768
VIEWS

2022 წლის 2 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს უკრაინაში”, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთთან ომის დაწყებისთვის აქეზებს, რათა იარაღის გაყიდვით ეკონომიკური მოგება ნახოს. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ბესო ბარბაქაძე, ასევე აღნიშნავს, რომ აშშ კონფლიქტებით მუდმივად სარგებლობს და ამისი ნათელი მაგალითი მეორე მსოფლიო ომია, რომელიც მას ყველაზე იაფი დაუჯდა, სანაცვლოდ კი ომისგან ფულის გამომუშავება მოახერხა.

Screenshot 2 4 დაუჯდა თუ არა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი ყველაზე “იაფი”?

ბესო ბარბაქაძე: “სხვათა შორის, ამერიკელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება, ძირითადად, მათი დამსახურებაა, რომ უამრავი რესურსი გაიღეს… რეალურად კი, მეორე მსოფლიო ომი ყველაზე იაფი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჯდა და ის იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ კონფლიქტიდან ფულის გამომუშავება მოახერხა.”

მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკამ მეორე მსოფლიო ომში ყველაზე ნაკლები დანახარჯი გაიღო, მცდარია. აშშ-ს დანახარჯებმა ომში 341.491 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სხვა ქვეყნების მიერ გარებულ ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთანავე, მანიპულაციურია მტკიცება, რომ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა დახმარებისთვის მზადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი სამუშაო ადგილი შექმნა და ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა, რადგან ომის დაწყება ამერიკის შეერთებული შტატების მიზნებთან კავშირში არ ყოფილა. 

  • რა დაუჯდა მეორე მსოფლიო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს?

ამერიკის შეერთებული შტატები ომში მისი დაწყებიდან ორ წელიწადში (1941) ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ეს მის ისტორიაში ყველაზე ხარჯიანი კონფლიქტი იყო. მეორე მსოფლიო ომი 2020 წლის მონაცემებით და ინფლაციის გათვალისწინებით ამერიკისთვის დაახლოებით 4 ტრილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. საგულისხმოა, რომ ომის ბოლო წელს, 1945-ში აშშ თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 40%-ს ხარჯავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე საერთოდ არ მიმდინარეობდა, ამერიკის გაწეულმა დახმარებამ და ჯამურმა თანხებმა გადაასწრო როგორც გერმანიის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის დანახარჯებს. ამასთანავე, აშშ-მა კონფლიქტის შედეგად 416,800 სამხედრო პირი დაკარგა, ჯამში კი 418,500 ადამიანი. 

მოკავშირეების მხარეზე, იმ პერიოდის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით  341.491 მილიარდი დოლარი დახარჯა, მას კი მოსდევდა საბჭოთა კავშირი 192.000 მილიარდი დოლარით. შემდეგ იყო ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და კანადა. რაც შეეხება მეორე მხარეს, ომში დანახარჯებით გერმანია ლიდერობდა 270.000 მილიარდი დოლარით (თუმცა, ის ჩამოუვარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს), მას კი მოსდევდა იტალია და იაპონია. 

ომში დანახარჯების სურათი ომის პერიოდის მონაცემებით ასე გამოიყურება:

სახელმწიფო  დანახარჯი 

(მილიარდი დოლარი)

ამერიკის შეერთებული შტატები $ 341.491
გერმანია $ 270.000
საბჭოთა კავშირი $ 192.000
ჩინეთი $ 190.000
დიდი ბრიტანეთი $ 120.000
კანადა $ 15.680
იტალია $ 94.000
იაპონია $ 56.000
საფრანგეთი $ 15.000
ბელგია $ 3.250
პოლონეთი $ 1.550

ამერიკის დანახარჯებში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ე. წ. “ლენდ-ლიზის” პროგრამაც, რომელიც მოკავშირეებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი რესურსებით ეხმარებოდა. ჯამში დახმარებამ დაახლოებით 50 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მისი ნაწილი ძირითადად დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, საბჭოთა კავშირს და ჩინეთს გადაეცა. ლენდ-ლიზის პროგრამამ ომში გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან მოკავშირეებმა საკვების, საწვავის, შეიარაღების და სატრანსპორტო საშუალების სახით ამერიკისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღეს. 

Screenshot 3 5 დაუჯდა თუ არა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი ყველაზე “იაფი”?

ლენდ-ლიზის კანონპროექტი

ომმა და მისთვის მზადებამ ამერიკაში მრავალი ეკონომიკური პროცესი წაახალისა, რაც ქვეყანას დაეხმარა იქამდე არსებული და დიდი დეპრესიით გამოწვეული მრავალი პრობლემა გადაეჭრა. ომის დროს შეიქმნა 17 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, სამრეწველო პროდუქტიულობა გაიზარდა 96 პროცენტით და კორპორატიული მოგება გადასახადების შემდეგ თითქმის გაორმაგდა. შესაძლებელია საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში ეკონომიკურად ვერ იხეირა, თუმცა ომის შედეგად მან მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები ევროპის კონტინენტზე და მისი გავლენის სფეროები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

Screenshot 4 5 დაუჯდა თუ არა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი ყველაზე “იაფი”?

საბჭოთა კავშირის გავლენის გაფართოება, ანექსირებული და სატელიტი სახელმწიფოები.

  • წააქეზა თუ არა აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დაწყება?

საგულისხმოა ისიც, რომ სტატიის ავტორი ომის დროს ამერიკის ეკონომიკურ განვითარებას წარმოაჩენს ისე, თითქოს ეს კონფლიქტი აშშ-ის ინტერესებში იყო. ბესო ბარბაქაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ამერიკა ამგვარი მოგების მიღებას უკრაინის კონფლიქტიდან ცდილობს. 

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ისე როგორც უკრაინის კონფლიქტი, ასევე მეორე მსოფლიო ომი ამერიკის მიზეზით საერთოდ არ დაწყებულა. მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემთხვევაში აშშ სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და კონფლიქტში არ ერთვებოდა

ამერიკის ნეიტრალიტეტი უშუალოდ ომის პერიოდში არ დაწყებულა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკა მიხვდა, რომ ამ კონფლიქტში ჩართვა მისთვის ძალიან დიდი შეცდომა იყო, შესაბამისად აშშ-ში იზოლაციონისტური პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სენატმა უარი თქვა ერთა ლიგაში შესვლაზე, ამასთანავე 1928 წელს აშშ-მა გააფორმა კელოგ ბრიანის პაქტი, რითიც უარს აცხადებდა ძალის გამოყენებაზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერდა მხარს. იმისათვის რომ შემცირებულიყო საგარეო გავლენა, შეერთებულმა შტატებმა ასევე შეამცირა მიგრაცია გადაუდებელი კვოტების აქტისა (1921) და ჯონსონ-რიდის აქტით (1924).  

ამასთანავე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აშშ-ის ქმედებები უშუალოდ ომის დაწყებამდე, მაშინ, როდესაც ევროპაში ომის მხარეები უკვე ნათლად იკვეთებოდა. ამ პერიოდში იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციამ, იტალიის მიერ ეთიოპიის დაკავებამ და გერმანიის ხელახალმა შეიარაღებამ ამერიკის იზოლაციონიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. იმისათვის, რომ კონფლიქტში ჩართვა გამორიცხულიყო, აშშ-მა 30-იან წლებში ნეიტრალიტეტის 3 აქტი გამოსცა (1935, 1937, 1939). 

1935 წლის ნეიტრალიტეტის აქტი: “ნებისმიერი პირის მიერ ამ აქტში მითითებული ნებისმიერი იარაღის, საბრძოლო მასალის ან საომარი ტექნიკის ექსპორტი ან ექსპორტის მცდელობა შეერთებული შტატებიდან რომელიმე სხვა ქვეყანაში ან იმპორტი ან იმპორტის მცდელობა იქნება უკანონო.”

საბოლოოდ ამერიკა ომში მას შემდეგ ჩაერთო, რაც  იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე.

ამერიკისგან განსხვავებით საბჭოთა კავშირი ომის წინ აქტიურად იყო ჩართული ისეთ პროცესებში, რამაც შემდგომში ომი გარდაუვალი გახადა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რითიც სსრკ-მა და გერმანიამ ევროპა გავლენის სფეროებად გაიყვეს, ნაცისტებს კი საშუალება მიეცათ ომი საბჭოთა კავშირის შიშის გარეშე დაეწყოთ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist