17-18 სექტემბერს ფეისბუქზე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ასევე ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4.) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 5 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რადგან მან ოლიმპიადაზე ასპარეზობისას პირჯვარი გადაიწერა. ქართულენოვანი ანგარიშები დამატებით ამტკიცებენ, რომ მსგავსი სასჯელი ქართველ ძიუდოისტ ლაშა ბექაურსაც ემუქრება.
მტკიცება, თითქოს ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი დისკვალიფიკაციით პირჯვრის გადაწერის გამო დაისაჯა, ნაწილობრივ მცდარია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში დასტურდება, რომ მან ოლიმპიადაზე ასპარეზობისას რამდენიმე წესი ერთდროულად დაარღვია, რამაც სასჯელი გამოიწვია.
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი და მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ნემანია მაიდოვი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობას პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. იგი მსაჯის მიერ მიცემული 3 გაფრთხილების (შიდო) გამო ბერძენ ძიუდოისტთან დამარცხდა. მაიდოვმა შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო მსაჯთან კამათი, რადგან მიიჩნევდა, რომ უსამართლოდ დასაჯეს. ამის გამო გაბრაზებულმა სპორტსმენმა ტატამიდან გასვლის წინ მეტოქეს თავი არ დაუხარა, რაც ამ სპორტის აუცილებელი ნაწილია.
მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მაიდოვი მასთან კამათისას.
15 სექტემბერს სერბმა ძიუდოისტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ 15 დღის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან 5 თვიანი დისკვალიფიკაციის შესახებ წერილი მიიღო. მიზეზად მაიდოვი ოლიმპიადაზე გამოსვლისას პირჯვრის გადაწერას ასახელებს. ძიუდოისტმა დაწერა, რომ საკითხის განხილვისას ამ საქციელის გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და ამტკიცებს, რომ არ იცოდა, თუ რა სახის სასჯელი ემუქრებოდა.
18 სექტემბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მაიდოვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დეტალებია აღწერილი. ოფიციალურ მიმართვაში ვკითულობთ, რომ სპორტსმენი რამდენიმე სხვადასხვა სახის დარღვევის გამო დაისაჯა. კერძოდ, მან დაარღვია წესი, რომელიც კრძალავს შეჯიბრის დროს რელიგიური ნიშნებისა და სიმბოლოების გამოყენებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის ვერ აკონტოლებდა ემოციებს, ეკამათებოდა მსაჯს და ასევე უარი განაცხადა მეტოქისათვის თავის დახრაზე, რაც ორივე სპორტმენისთვის სავალდებულოა. ამასთანავე, შეჯიბრის ადგილის დატოვებამდე სერბმა კიმონოდან მოიხსნა ქამარი, რაც აკრძალულია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაიდოვს 2018 და 2022 წლებში უკვე ჰქონდა მიღებული 2 გაფრთხილება რელიგიური სიმბოლოების გამოყენების გამო, მაგრამ მან კვლავ უგულებელყო ეს წესი. კომისიამ დოკუმენტში აღნიშნა, რომ მათი აზრით პირჯვრის გადაწერა შედარებით თავშეკავებული იყო, არ წამოადგენდა მეტოქის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას და ეს რიტუალი მოხდა შერეულ ზონაში, სანამ სპორტსმენი ტატამზე ავიდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აზრით ძიუდოისტს აგრესია და უმართავი ქმედება არ გამოუხატავს, წესების ეს დარღვევები დიდი აუდიტორიის წინაშე მოხდა, რაც ლახავს ძიუდოს იმიჯს. სწორედ ამიტომ კომისიამ მისთვის 140 დღიანი დისკვალიფიკაციის მიცემა ჩათვალა საჭიროდ.
კადრი, სადაც ჩანს, რომ მაიდოვმა ქამარი ტატამის დატოვებამდე მოიხსნა
სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს, ოლიმპიადიდან გამოვარდნის შემდეგ მაიდოვმა ინსტაგრამზე სთორი დადო, რომელშიც ის მის ბრაზს გამოხატავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მსაჯსა და ძიუდოს ფედერაციის მაღალჩინოსნებს.
ქართულენოვანი ანგარიშები წერენ, რომ პირჯვრის გადაწერის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსაც, რას სიმართლეს არ შეესაბამება. ძიუდოს წესებით შეჯიბრის ადგილას რელიგიური ჟესტებისა და რიტუალების გამოხატვა ნამდვილად იკრძალება, თუმცა ამის გამო სპორტსმენები დისკვალიფიკაციას არ იღებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” წარსულში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასაც დაუკავშირდა, რომელთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ წესის დარღვევისთვის ძუდოისტს გაფრთხილება ეძლევა და არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მოწმობს მაიდოვის მაგალითიც, რომელიც ამ დარღვევისთვის აქამდე ორჯერ გააფრთხილეს წერილობით და მესამე შემთხვევაში იგი დისკვალიფიკაციით რამდენიმე წესის ერთდროულად დარღვევის გამო დაისაჯა.
წყაროს შესახებ:
Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებები არაერთხელ გაუვრცელებია.
დავით ჯებაშვილი ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის ყალბ ცნობებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წასრულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუქ-მომხმარებელი “სიდონია ბელა ბელ” პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან ასევე დაკავშირებულია რამდენიმე ფეისბუქ ანაგრიშიც, რომელთა სახელები პერიოდულად იცვლება ქართველი კავკასიელი, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშებზე ხშირად ვრცელდება ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები. მათ მიერ გავრცელებული პოსტები, “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
არქივი: (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8)
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.