დამზადებულია თუ არა ფარაონების ოქროს ნივთები საყდრისის ოქროთი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დამზადებულია თუ არა ფარაონების ოქროს ნივთები საყდრისის ოქროთი?
18
VIEWS

17 აპრილს ფეისბუკ ანგარიშმა სამყარო სამყარო გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  ინგლისელი, ფრანგი და გერმანელი მეცნიერების კვლევის ფარგლებში საყდრისის ოქროს სინჯები მსოფლიოს მუზეუმებში დაცულ ოქროს ნაკეთობების სინჯებს შედარდა და აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის პირამიდებში დაცული ფარაონების ოქროს ნივთები საყდრისში მოპოვებული ოქროთი არის დამზადებული. პოსტის კომენტარებში ფაქტის დამადასტურებელი წყაროს სახით ანგარიში სამეცნიერო-პოპულარულ დოკუმენტურ ფილმს “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში” ასახელებს. სამყარო სამყაროს პოსტი ეყრდნობა ამავე დღეს ფეისბუკის მომხმარებლის, Tsira Nikolaishvili-ს მიერ გამოქვეყნებულ იდენტურ პოსტს. ამ პოსტის კომენტარებში ფეისბუკ მომხმარებლების შეკითხვებს წყაროს თაობაზე პოსტის ავტორი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

 

;;

;

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტურ სამარხებში დაცული ნივთები საყდრისის ოქროსგან არის დამზადებული, სიმართლეს არ შეესაბამება. კვლევა, რომელზეც პოსტშია საუბარი, ღია წყაროებში არ იძებნება, ხოლო კომენტარებში წყაროდ მითითებულ დოკუმენტურ ფილმში საუბარია არა ეგვიპტის ოქროს ნივთებისა და საყდრისის გამონამუშევრებში მოპოვებული ოქროს მადნის იდენტურობაზე, არამედ იმაზე, რომ საყდრისში ოქროს სამთო წესით მოპოვება ეგვიპტეში სამთო წესით მოპოვებას 1000 წლით უსწრებს და დღევანდელი მონაცემებით, უძველესია. რაც შეეხება ეგვიპტური ოქროს ნივთების ნიმუშების ანალიზს, დოკუმენტურ ფილმში მონაწილე ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ მათზე კვლევები არ ჩატარებულა.

“მითების დეტექტორი” საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინა ღამბაშიძეს დაუკავშირდა, რომლემაც  გავრცელებული ინფორმაცია უარყო. წყაროდ მითითებული დოკუმენტური ფილმი მათი პროექტის ”ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი მეთოდების დანერგვა სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში” და “ოქრო საქართველოში” შესახებ გერმანულმა და ფრანგულმა ტელეკომპანიებმა ZDF და ARTE-მ გადაიღეს. თუმცა ფილმში ოქროს მოპოვების სამთო წესზეა საუბარი და არა ოქროს ნივთების დამზადების ადრეულობაზე. დოკუმენტურ ფილმში არც ეგვიპტური ოქროს ნივთების სავარაუდო წარმომავლობაზეა საუბარი, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროდ ვერ გამოდგება.

დოკუმენტურ ფილმში საუბარია იმაზე, რომ საყდრისის ოქროს სამთო გამონამუშევრები, რაიონახშირბადული მეთოდით მიღებული თარიღების მიხედვით ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრითა და ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრით არის დათარიღებული (5400-4700 წწ. წინანდელი) და დღევანდელი მონაცემებით უძველესია, როცა ეგვიპტეში ოქროს სამთო წესით მოპოვება 1000 წლით გვიან იწყება და 10 საუკუნით ჩამორჩება საყდრისის ოქროს სამთო გამონამუშევრების თარიღს.

პროფესორმა ირინა ღამბაშიძემ დაადასტურა, რომ პროექტის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ, ინტერდისციპლინური კვლევები ჩატარდა მხოლოდ საქართველოში  (თრიალეთისა და ბედენის ადრეული ყორღანები), აზერბაიჯანსა (სოიუღ/ბულაღის და ჰასანსუს ყორღანები) და ურის დედოფალ პუაბის სამარხში მოპოვებულ ძვ. წ IV-III ათასწლეულებით დათარიღებულ ოქროს ნივთებზე. “გეოქიმიურმა და ტყვიის იზოტოპურმა ანალიზებმა დაასტურა, რომ საყდრისის ოქროს მადანი აზერბაიჯანში ჰასანსუს ყორღანის ოქროს სამკაულის დასამზადებლად არის გამოყენებული, ხოლო დედოფალ პუაბის სამარხის ოქროს ნივთები ეგვიპტური ოქროსაგან არის დამზადებული.” პროექტის ფარგლებში მეცნიერებს ეგვიპტის ოქროს ნივთებთან შეხება არ ჰქონიათ და ამ მიმართულებით კვლევები არ ჩატარებულა.

საყდრისის შესახებ არსებული კვლევები
საყდრის-ყაჩაღისის ბორცვის სამეცნიერო შესწავლა 2004 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის, ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმისა და რურის უნივერსიტეტეტის ერთობლივი პროექტების ფარგლებში პროფ. ირინა ღამბაშიძისა და პროფ. თომას შტოლნერის  ხელმძღვანელობით დაიწყო. ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ საყდრისში უნიკალური აღმოჩენა გააკეთა. ნახშირბადის რადიოლოგიური ანალიზისა და კერამიკის კვლევის შედეგად არქეოლოგიური ობიექტი ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით დათარიღდა.  არქეოლოგთა თქმით, აქ ეგვიპტელებამდე თითქმის ერთი ათასწლეულით ადრე ოქროს სამთო წესით მოპოვება ხდებოდა, რაც მაღაროდან მადნის ამოღებას, დამუშავებასა და ოქროს გამოდნობას გულისხმობს. ამავე დროს, აღმოჩენილია უძველესი ოქროს მოპოვებისათვის განკუთვნილი ყველა ის იარაღი, რომელიც პრეისტორიულ ხანაში სამთო საქმიანობაში გამოიყენებოდა. საყდრისს, როგორც მიწისქვეშა გამონამუშევარს, გააჩნია ყველა კომპონენტი, რომელიც მას ძვ.წ. IV-III ათასწლეულების წინა აზიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის მსგავს ძეგლებთან აკავშირებს (Stollner et al., 2008; Hauptmann, Klein, 2009; ღამბაშიძე და სხვ., 2010; Stollner et al., 2014).

როგორ მოიპოვებდნენ ოქროს ეგვიპტეში?
მტკიცება, რომლის მიხედითაც, ევროპელმა მეცნიერებმა საყდრისისა და მსოფლიო მუზეუმებში დაცული ნივთები ერთმანეთს შეადარეს, მტკიცებულების გარეშეა და მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებში არ დასტურდება. ანტიკურ ეგვიპტეში გამოყენებული ოქრო ნილოსსა და წითელ ზღვას შორის მდებარე მაღალმთიანი რეგიონებიდან, როგორც ალუვიური საბადოებიდან, ასევე კვარცის კლდიდან მოიპოვებოდა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, აღმოსავლეთში, ეგვიპტის უდაბნოსა და ჩრდილოეთ სუდანში აღმოჩენილი ალუვიური ქვიშებისა და ხრეშების უძველესი ექსპლუატაციის მნიშვნელოვანი კვალი ცხადყოფს, რომ ადრეულ პერიოდში ეგვიპტეში გამოყენებული ოქროს უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ადვილად დამუშავებადი საბადოებიდან იყო მიღებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist