15 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა გაბრიელ მიქელაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც,”ამაზონზე” კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტის შესახებ გასაყიდად გამოტანილი წიგნის “copyright ” 2020 წელია, მაშინ როდესაც ახალი შტამი 2021 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. პოსტს თან ახლავს სქრინები “ამაზონზე” გასაყიდად დადებული წიგნიდან სათაურით “ომიკრონ ვარიანტის შეცნობა”, რომელსაც საავტორო უფლება 2020 წელს აქვს მიღებული.
მტკიცება, რომ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტზე წიგნი მის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე დაიწყერა მტკიცებულების გარეშეა. წიგნის ავტორის შესახებ ინტერნეტში ცნობები არ იძებნება, ამაზონზე კი გასაყიდად წიგნის ატვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის შესახებ წიგნის სქრინებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, მითითებულია, რომ რომ ამაზონზე გასაყიდად დადებულ წიგნს საავტორო უფლება 2020 წელს აქვს მიღებული. რამდენადაც ომიკრონის ვარიანტი 2021 წლის ნოემბრამდე არ დაფიქსირებულა, სიციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ყველაფერი წინასწარ დადგმულ სცენარს მიჰყვება და კორონავირუსის ახალ-ახალი ვარიანტების გამოჩენა წინასწარ იყო დაგეგმილი.
სინამდვილეში, არც წიგნისა და არც მის ავტორის რეალურობა არ დასტურდება და ამაზონის გარდა სხვაგან არც ამ წიგნისა და არც მისი ავტორის შესახებ იძებნება ინფორმაცია.
“ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ომიკრონ ვარიანტის შესახებ. საიდან მოდის ის, პასუხები თქვენს კითხვებზე და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი, რათა კარგად ინფორმირებული იყოთ”. ამ წიგნის სავარაუდო ავტორი ამაზონის გვერდზე წერს: „მე ვარ დოქტორი ტერეზა ბიშოპი. შარშან კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მრავალი კვლევა ჩავატარეთ, კოვიდ-19-ის გავრცელების დროს უამრავ პაციენტს ვუმკურნალე, ვირუსის შესახებ ბევრი რამ გავიგე და ახლა “ომიკრონის” ვარიანტზე მიმდინარეობს კვლევა”.
გაუგებარია, რომელ კვლევებზე საუბრობს ავტორი, რამდენადაც კოვიდ-19-ის შესახებ ტერესა ბიშოპის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ინტერნეტში საერთოდ არ იძებნება.
გარდა ამისა, წიგნის სათაური და თავად ტექსტი გაუმართავად არის დაწერილი, შეიცავს ტავტოლოგიებსა და გრამატიკულ შეცდომებს, ზოგიერთი აბზაციდან კი აზრის გამოტანა შეუძლებელია. ერთი ნაწილში ნათქვამია: „ვირუსი, რომელიც იწვევს SARS-ის გაჩენას, არის SARS-COV 2. ვირუსი, რომელიც იწვევს VOC-ის გაჩენას, არის SARS-CoV 2.“ სხვა წინადადებაში ნათქვამია: „მიმდინარეობს რამდენიმე კვლევა […] დამატებითი დასკვნები გაზიარებული იქნება წევრ ქვეყნებთან.“ აღსანიშნავია ისიც, რომ თავად წიგნში საავტორო უფლებების მიღების თარიღად 2021 წელია მითითებული, ერთ-ერთი მკითხველი კი აღნიშნავს, რომ ტექსტში საერთოდ არაა ფაქტობრივი მონაცემები, ციტირებები და ამასთან ერთად, სავსეა შეცდომებით.
ტერესა ბიშოპის სახელით ინტერნეტში მხოლოდ ერთი პირი იძებნება, რომელიც პროფესიით ფსიქიატრია და კონექტიკუტში მუშაობს. ინტერნეტში არც ფსიქიატრ ტერესა ბიშოპის ავტორობით გამოქვეყნებული კვლევები და ნაშრომები იძებნება. ის არც კოვიდ-19-ის კვლევებზე მუშაობს.
საინტერესოა, რომ ამაზონზე ომიკრონ ვარიანტის შესახებ სხვა წიგნებიც იყიდება, ერთ-ერთი მათგანი “ომიკრონი და კოვიდ-19-ის სხვა ვარიანტები” 2021 წლის 28 ნოემბერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტის დარეგისტრირებიდან ორი დღის შემდეგ გამოქვეყნდა. წიგნის ერთ-ერთის ავტორი დოქტორი ანჟელიკ ფაუჩია, რომლის შესახებაც, ტერესა ბიშოპის მსგავსად, არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ ამაზონზე წიგნის გამოქვეყნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტრადიციული საგამომცემლო სახლებისაგან განსხვავებით, Kindle Direct Publishing (KDP) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ უბრალოდ შექმნან ანგარიში და რამდენიმე წუთში ატვირთონ ნებისმიერი ტექსტი მისი შინაარსის მიუხედავად. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამაზონზე გამოქვეყნებული წიგნების ავტორები არათუ მეცნიერები და ექიმები, რეალური ადამიანებიც კი არ არიან და თაღლითობასთან გვაქვს საქმე.
სინამდვილეში რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ?
ამ ეტაპზე კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ომიკრონი” კორონავირუსის “შემაშფოთებელ ვარიანტად” 2021 წლის 26 ნოემბერს დაარეგისტრირა. ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევები ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში 2021 წლის 11 დ 14 ნოემბერს დაფიქსირდა. “ომიკრონით” გამოწვეული დაავადების სიმძიმეს მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ და ბოლომდე ცხადი არ არის, იწვევს თუ არა ახალი შტამი წინა შტამებთან შედარებით უფრო მძიმედ ინფიცირებას. თუმცა როგორც ამჟამად ხელმისაწვდომი წინასწარი და ფრაგმენტული მონაცემები აჩვენებს, ომიკრონი დელტასთან შედარებით უფრო მსუბუქი ფორმებით ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამხრეთ აფრიკაში “ომიკრონის” შემთხვევათა უმეტესობა სტუდენტებში დაფიქსირდა, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე, მძიმე ინფიცირების რისკის ქვეშ არ არიან და რისკჯგუფებში “ომიკრონის” სიმძიმე ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
ვრცლად “ომიკრონის” სიმპტომების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა ვიცით ომიკრონ ვარიანტის სიმპტომებისა და წარმოშობის შესახებ?