დაიკავა თუ არა რუსეთის არმიამ ხარკივის ოლქში უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

341
VIEWS

24 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა უკრაინის მიერ წარმოებული კონტრშეტევის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, რუსეთის არმიამ ხარკოვის (უკრ:ხარკივი) ოლქში სამი კვირის წინ უკანდახევის შედეგად დატოვებული ყველა ტერიტორია უკან დაიბრუნა და უკრაინის არმია საწყის პოზიციაზე გადაისროლა. 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა ხარკივის ოლქში ტერიტორიები კვლავ დაიკავა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო მონაცემებით, რუსული ჯარების მიერ წარმოებული სარაკეტო იერიშების მიუხედავად უკრაინის არმია წინსვლას კვლავ განაგრძობს და ტერიტორიებს ათავისუფლებს.

29 აგვისტოს უკრაინამ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის წამოწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა შემდეგ ბრძოლის ხაზმა ხარკივის მიმართულებით გადაინაცვლა. ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქში, დაახლოებით, 400 კმ² დაიბრუნეს და ოკუპირებულ მიწებზე 20 კმ-ის სიღრმეზე შევიდნენ. ISW-ის ცნობით, 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიპყრო.

20 სექტემბრის მონაცემებით, ხარკივის ოლქში კონტროლი ოკუპაციის ქვეშ მყოფ 118 დასახლებულ პუნქტზე იყო აღდგენილი, “წმენდის” ოპერაცია კი 12 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა 19 სექტემბერს გაავრცელა.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმია ხარკივის ოლქის დასახლებების დაბომბვას რუსეთის ფედერაციის საზღვართან და ხარკოვის, კუპიანსკის და იზიუმის რაიონებში განაგრძობდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკივის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ სარაკეტო იერიში 20 სექტემბერსაც მიიტანეს. ასევე 24 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა ხარკივის ოლქში კუპიანსკის, ხარკივის, ბოგოდუხოვსკის, ჩუგუევსკის და კრასნოგრადსკის რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მიერ 26 სექტემბრს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი შევჩენკო და ხარკივის ოლქის სოფელი მალეევკა რუსული ოკუპაციისგან 25 სექტემბერს გაათავისუფლეს.

აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლები. წყარო: ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ძალები, ხარკივ-ლუჰანსკის ოლქის საზღვართან წინსვლას განაგრძობენ. კვლევითი ორგანიზაცია რუს სამხედრო ბლოგერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ჯარებმა ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით დასახლებები გრიანიკოვკა და გორობოვკა დაიკავეს. რუსული წყაროები დამატებით მიუთითებდნენ, რომ უკრაინული ძალები ბრძოლას სამხრეთით, მდინარე ოსკალის გასწვრივ, კუპიანსკის რეგიონში აგრძელებენ. რუსეთის მტკიცებები შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა ჯარებმა პეტროპავლოვკაზე, კუპიანსკიდან აღმოსავლეთით 7 კილომეტრში რუსული ჯარების თავდასხმა მოიგერიეს, რაც მიუთითებს უკრაინული ძალების შემდგომ წინსვლაზე კუპიანსკის აღმოსავლეთით. ამ შეფასებას ასევე ადასტურებს 23 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ანადგურებენ უკრაინული ძალები პეტროპავლოვკას აღმოსავლეთით რუსულ ტანკს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქზე კონტროლი აღადგინა, ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახარება გაეროს ჰუმანიტარული დახმარების გუნდმა გაუწია.  რეგიონში 73 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საკვები, ჰიგიენის საშუალებები, მზის ბატარეები, საბნები.  სამედიცინო ცენტრებს დაურიგდათ მედიკამენტები, ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო კომპლექტები, რომლებიც 10 000 ადამიანის სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

ასევე, ბოლო დღეებში ხარკივის ოლქში გათავისუფლებულ იზიუმს 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია. ამის შესახებ ხარკივის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ 24 სექტემბერს განაცხადა. დელეგატებმა ავსტრიიდან, ლიეტუვადან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, დანიიდან, თურქეთიდან დანგრეული ქალაქი, მასობრივი სასაფლაოები დაათვალიერეს. იზიუმი რუსულმა არმიამ აპრილში დაიკავა, 2022 წლის სექტემბერში კი კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist