დაიღალნენ თუ არა ბრიტანელები “ქრისტეს ჯვრის ტარებით”? – ლონდონში 500 ეკლესია მუსლიმ თემს არ შეუძენია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

421
VIEWS

2021 წლის 25 ივნისს ფეისბუქ ჯგუფში Photo-Fact GEORGIA რუსულენოვანი ისლამური გვერდის “Ислам – Баку”-ს მიერ გამოქვეყნებული სიუჟეტი გაზიარდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მუსლიმი თემისა და მეჩეთების რაოდენობის ზედას ეხება. ვიდეოში, რომელსაც რუსეთის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს ლოგო ადევს, ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში 423 ახალი მეჩეთი გაიხსნა, ხოლო 500 ქრისტიანული ეკლესია დაიხურა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყოფილი ეკლესიების შენობები მუსლიმმა თემმა შეისყიდა და მასში მეჩეთი გახსნა. სიუჟეტზე დაყრდნობით  გვერდი “Ислам – Баку”  და ქართველი ფეისბუქ მომხმარებელი ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთში მუსლიმებმა 500 ქრისტიანული ეკლესია იყიდეს, რასაც ჯგუფის Photo-Fact GEORGIA წევრი ბრიტანელების უპრინციპობისა და ისლამიზაციის პროცესის გამოვლინებას უწოდებს.
;
მტკიცება, თითქოს ლონდონში მუსლიმმა თემმა 500 ქრისტიანული ეკლესია შეისყიდა, დეზინფორმაციაა. გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ყოფილი ეკლესიის შენობაში მეჩეთი მართლაც გაიხსნა, თუმცა მუსლიმების მიერ ყოფილი ქრისტიანული ტაძრების შეძენა მასობრივი ტენდენცია არ არის. ხოლო ცნობა, ლონდონში 423 ახალი მეჩეთის გახსნის შესახებ სტატისტიკით მანიპულაციას წარმოადგენს.

 

დიდ ბრიტანეთში ეკლესიების დახურვისა და მათ ნაცვლად ახალი მეჩეთების გახსნის შესახებ მანიპულაციური ცნობები პირველად 2017 წელს ინგლისურენოვან ბლოგზე The Gatestone Institute გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუსლიმი თემი და მულტიკულტურალიზმი ინგლისში რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ტერორიზმის საფრთხის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამ კონტექსტში გვხვდება ცნობაც, რომ ქვეყნის დედაქალაქში ბრიტანეთის “ქრისტიანული კულტურის” ნანგრევებზე 423 ახალი მეჩეთი გაიხსნა მაშინ, როცა 2001 წლის შემდეგ 500 ქრისტიანული ეკლესია დაიხურა. აღსანიშნავია, რომ The Gatestone Institute-ის სტატიაში მუსლიმების მიერ 500 ეკლესიის შეძენის შესახებ არაფერია ნათქვამი.

  • მუსლიმი თემის მიერ 500 ეკლესიის ყიდვის შესახებ არსებული ცნობები დეზინფორმაციაა

2017 წლის ბლოგის შინაარსი ფაქტების გადამოწმების ბრიტანულმა და ამერიკულმა პლატფორმებმა Full Fact და Snopes გადაამოწმეს. როგორც Full Fact წერს, ცნობა 500 ქრისტიანული ეკლესიის დახურვის შესახებ Wall Street Journal-ის 2012 წლის სტატიას ეფუძნება, რომელიც ყოფილი რელიგიური და საკულტო დანიშნულების ნაგებობების სხვა დანიშნულებით გამოყენებას ეხება და აღნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ქრისტიანული ეკლესიების 500-ზე მეტი შენობა კერძო მესაკუთრეებს გადაეცათ და მათში ძირითადად საცხოვრებელი სახლები მოეწყო. სტატიაში არსადაა ნათქვამი, რომ აღნიშნული ეკლესიები რომელიმე კონკრეტული რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელმა თემმა იყიდა ან მეჩეთად გადაკეთდა. ამასთანავე, Wall Street Journal-ის სტატიაში აქცენტი დასმულია აღნიშნული ეკლესიების კერძო სახლებად გადაკეთებაზე და დაკონკრეტებული არ არის როდის შეწყდა მათში რელიგიური მსახურება. ამგვარად, აღნიშნული ეკლესიების დახურვა შესაძლოა ბრიტანეთში მეჩეთების გახსნას ქრონოლოგიურად არ ემთხვეოდეს.

ამასთანავე, როგორც ინგლისის ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა მიზეზით ყოველწლიურად ეკლესიათა მცირე რაოდენობა (20-25 ეკლესია) იხურება, ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესიის შენობის დახურვის მიზეზი მრევლის მიერ ახალი ნაგებობის ან ლოკაციის შეცვლაა, რის შემდეგაც ძველი შენობა აუქციონის წესით კერძო საკუთრებაში გადადის. იმავე ვებ-გვერდის მიხედვით, ეკლესიის გასხვისებულ შენობებში ყველაზე ხშირად სხვა ქრისტიანული დენომინაციის საკულტო ნაგებობა, კულტურული ან კომუნალური დანიშნულების მქონე სივრცეები (ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საზოგადოებრივი ცენტრის და ა.შ.), კერძო საცხოვრებლები და ოფისები იხსნება, თუმცა არსებობს პრეცედენტებიც, როცა ყოფილ ქრისტიანულ ეკლესიას მუსლიმი თემი სალოცავად ან სათემო შეკრებების გასამართად ყიდულობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ეკლესიების გარკვეული რაოდენობის დახურვისა, UK Church Statistics-ის მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში 2005-2015 წლებში დიდ ბრიტანეთში ეკლესიების რაოდენობა დაახლოებით 800-ით გაიზარდა. ორგანიზაცია National Churches Trust, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებული ქრისტიანული ეკლესიების შენარჩუნებასა და მხარდაჭერაზე ზრუნავს, ქვეყნის მაშტაბით ამჟამად 41 000-მდე სხვადასხვა დენომინაციის ქრისტიანულ ეკლესიას ითვლის. იმავე ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, ბრიტანეთში ქრისტიანულ ეკლესიათა რიცხვი ბევრად აღემატებოდა არა მხოლოდ სხვა რელიგიების საკულტო და რიტუალურ ნაგებობათა რაოდენობას, არამედ – კლუბების, საჯარო ბიბლიოთეკების, საფოსტო ოფისებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების რიცხვს.

  • მტკიცება, თითქოს ეკლესიების დახურვის პარალელურად ლონდონში 423 ახალი მეჩეთი გაიხსნა, მანიპულაციაა

რუსულ სიუჟეტში გაჟღერებული აღნიშნული მტკიცება ინგლისურენოვან ბლოგებზე ისლამოფობიურ კონტექსტში 2017 წლიდან ვრცელდება. როგორც Full Fact აღნიშნავს, ბლოგმა The Gatestone Institute-მა ეს მონაცემი ვებ-გვერდიდან Muslims in Britain-ის მიერ შედგენილი დიდ ბრიტანეთის მეჩეთების კატალოგიდან აიღო. აღნიშნული კატალოგის 2017 წლის ვერსიის მიხედვით, ლონდონში სულ 477 მეჩეთი და ისლამური კულტურული ცენტრი იყო, თუმცა დაკონკრეტებული არსადაა, რომ მათგან 423 გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გაიხსნა და “ახალი” მეჩეთია. რეალურად, ლონდონში არსებული მეჩეთების ნაწილი 2000 წლამდე, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აშენდა.

როგორც  Architects Journal-ის 2012 წლის სტატიში ვკითხულობთ, ბრიტანეთში 2012 წელს 1500-მდე მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა თავდაპირველად ამ დანიშნულებით მათგან მხოლოდ 200 აშენდა. Statista-ს მონაცემებით, 2017 წელს მეჩეთების რაოდენობა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 1621-ს შეადგენდა და მათი უმეტესობა მცირე ზომის (300 ადამინზე ნაკლები ტევადობის) იყო. 2020 წლის მონაცემებით კი ბრიტანეთში 1750-მდე მეჩეთი ფუნქციონირებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გასული 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი მეჩეთების რაოდენობა დაახლოებით 250-ით გაიზარდა. ამგვარად, ცნობები ლონდონში გასულ წლებში გახსნილი “423 ახალი მეჩეთის” შესახებ, რეალობას არ შეესაბამება და სტატისტიკით მანიპულირებაა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებით, ქვეყანაში 3,4 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 5.2%-ს შეადგენს.

ვიდეოს წარმომავლობა

რუსულენოვან ვიდეოში Russia Today-ს მიერ 2013 წელს მომზადებული სიუჟეტის კადრებია გამოყენებული, თუმცა შეცვლილია გახმოვანება და შინაარსი. Russia Today-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი ლონდონში ისლამის გავრცელების ზრდას ეხებოდა, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი 500 დახურული ეკლესიის ან ახალი მეჩეთების შესახებ. ფეისბუქ გვერდ “Ислам – Баку”-ს მიერ გაზიარებული ვიდეო რუსულენოვანმა ტელევიზიამ NUR TV-მ 2021 წელს მოამზადა. NUR TV ისლამის, ყურანისა და მუსლიმი თემისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე ფოკუსირებული მედიაა.

Photo-Fact GEORGIA-ს შესახებ

რაც შეეხება ქართულ ფეისბუქ ჯგუფს Photo-Fact GEORGIA, იგი 2015 წელს შეიქმნა, ამჟამად 15 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მას ფეისბუქ მომხმარებელი Mamuka Kakauridze მართავს. ჯგუფში სხვადასხვა სახის პოსტები ქვეყნდება, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ხშირად კორონავირუსთან დაკავშირებული, ზოგჯერ კი დეზინფორმაციის შემცველი პოსტები ქვეყნდებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist