დაიძრა თუ არა მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინიდან აფრიკის მიმართულებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

454
VIEWS

12 აგვისტოს კრემლისტური გამოცემა სპუტნიკის ვებ-გვერდებზე sputnik-abkhazia.ru და sputnik-georgia.ru გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სად მიდის უკრაინული მარცვლელული რეალურად?” სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინიდან მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტი ევროპისკენაა მიმართული და აფრიკაში შიმშილობის ზღვარზე მყოფ ქვეყნებში (იემენი, სომალი, ეთიოპია) ტვირთი არ გაგზავნილა.

15 აგვისტოს იგივე მასალა უზბეკური სპუტნიკის რუსულენოვან ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ამ თემაზე სტატიები სხვა რუსულენოვანმა მედიებმაც (1, 2, 3, 4) მოამზადეს და 12 აგვისტოს ბელარუსული სახელმწიფო არხის ფეისბუქ-გვერდზე – Телеканал ОНТ-ზე სიუჟეტიც განთავსდა. სიუჟეტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ივან ნეჩაევის გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ მარცვლეულის გადამზიდი არცერთი გემი აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში არ მისულა, სადაც ხალხი შიმშილით იტანჯება. ნეჩაევის თქმით, სიმინდითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთული გემები ევროპისკენ მიემართებიან, რაც აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად გულწრფელი იყო დასავლეთი, როცა  გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მარცვლეულის შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

რუსული მედიის მტკიცება, თითქოს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მხოლოდ ევროპის მიმართულებით ხდება და ის აფრიკის ქვეყნებს შიმშილობასთან ბრძოლაში არ ეხმარება, დეზინფორმაციაა. 11 აგვისტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ პივდენეს პორტში გემი 23 000 ათასი ტონა მარცვლეულით დაიტვირთებოდა და ეთიოპიაში გაიგზავნებოდა, გემმა პორტი 16 აგვისტოს დატოვა. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან თავდაპირველად კომერციული კონტრაქტებით შესყიდული პროდუქტით დატვირთული გემები გაიყვანეს, რადგან ისინი პორტებში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაყოვნებული.

სპუტნიკმა და სხვა მედიასაშუალებებმა სტატიები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან აფრიკის მიმართულებით მარცვლეულით დატვირთული გემები არ გასულა და ექსპორტი მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ხორციელდება 12-14 აგვისტოს პერიოდში გამოაქვეყნეს, ამ დროისთვის უკრაინის “პივდენეს” პორტში გემის მარცვლეულით დატვირთვისა და აღმოსავლეთ აფრიკაში შიმშილის პრობლემის მოგვარების მიზნით გაგზავნის გადაწყვეტილება უკვე მიღებული და გასაჯაროებული იყო.

11 აგვისტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 12 აგვისტოს “პივდენეს” პორტში გემი 23 000 ტონა მარცვლეულით დაიტვირთებოდა და ჯიბუტის პორტის გავლით ეთიოპიისკენ დაიძვრებოდა.

ასევე 11 აგვისტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ პივდენეს პორტი სატვირთო გემის, სახელად Brave Commander-ის მისაღებად მზად იყო, ხოლო 12 აგვისტოს მან დაწერა, რომ  გემი უკვე პივდენეს საზღვაო პორტში იყო, 14 აგვისტოს გემი დაიტვირთა, 16 აგვისტოს გემმა  პორტი დატოვა და ეთიოპიაში 2 კვირაში ჩავა.

12 აგვისტოს ინფორმაცია ეთიოპიაში გასაგზავნი გემის დატვირთვასთან დაკავშირებით მედიაშიც გავრცელდა.

ამ თემაზე სტატია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მაც გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მასზე დაყრდნობით რუსული მედია გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დისკრედიტაციას ცდილობენ. გამოცემა წერს, რომ იმ გემების უმეტესობა, რომლებმაც უკრაინის პორტები დატოვეს, კომერციული ტრანსპოტირებაშია ჩართული, მათ ის მარცვლეული და ზეთი გადააქვთ, რომლებიც კომერციული კონტრაქტებით, მათ შორის ომის დაწყებამდეცაა შეძენილი სხვა ქვეყნების მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეთანხმების მიხედვით, ჰუმანიტარულ მისიის ფარგლებში სასურსათო დეფიციტის მქონე ქვეყნებში უკრაინიდან ექპორტირებული პროდუქტების მხოლოდ ნაწილის გაგზავნა იგეგმებოდა.

10 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ კომერციული ვაჭრობა ბაზრის სტაბილიზაციაში დიდ როლს თამაშობს, მაშინაც კი თუ ის სასურსათო დეფიციტის მქონე ქვეყნებს არ მიემართება. მისი თქმით, პირველი ეტაპი უკრაინის პორტებიდან იმ გემების გაყვანაა, რომლებიც იქ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში არიან დაყოვნებული, რაც პორტებს განბლოკავს, შემდეგ კი პორტებში დასატვირთად შესული გემების ნაწილი განვითარებად ქვეყნებში გაემგზავრება, დანარჩენები კი სხვა მიმართულებებით წავლენ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, უკრაინის პორტები 16-მა გემმა დატოვა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყანას მიაწვდიან. ეს პროცესი გაეროს მეთვალყურეობით ხორციელდება, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ უკრაინამ 438 ათასი ტონა პროდუქტის – სიმინდის, სოიოს, ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი უკვე მოახერხა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეთიოპია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist