23 თებერვალს სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებით ქართველი აქტივისტების ფოტოები და ციტატები გავრცელდა. “ქართული მარშის” ყოფილმა წევრმა ერმილე ნემსაძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლის ნოდარ რუხაძის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ნოდარ რუხაძემ “ქოც.ტროლებს” უპასუხა, თუ რატომ არ მიდის საომრად უკრაინაში და თქვა “მე და ჩემნაირები თუ წავედით, საქართველოს ვინ დაიცავს?” ფეისბუქ ანგარიშმა “ანტილიბერალური გვერდი” გიგა მაქარაშვილის ციტატა გამოაქევეყნა. ტექსტის მიხედვით, მაქარაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და ეუბნება: “რომ არა ეს ვერაგი ვირუსები და გაციება, აუცილებლად იარაღით ხელში ვიდგებოდი უკრაინაში.”
ნოდარ რუხაძის გაყალბებული ციტატა ერმილე ნემსაძისგან ფეისბუქ გვერდმა დადუმებული ქართველობა გააზიარა.
ნოდარ რუხაძის და გიგა მაქარაშვილის ციტატები ყალბია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუხაძემ ან მაქარაშვილმა მასგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს, ღია წყაროებში არ იძებნება. რუხაძემ “მითების დეტექტორთან” საუბრისას უარყო, რომ მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა. გავრცელებული პოსტები ქართველი აქტივისტების მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს მთავრობის რეაქციის საწინააღმდეგო პროტესტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოდარ რუხაძემ ან გიგა მაქარაშვილმა ასეთი კომენტარები გააკეთა ღია წყაროებში არ იძებნება. დამატებით “მითების დეტექტორი” ნოდარ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მსგავსი ან იდენტური შინაარსის კომენტარის გაკეთების შესახებ ინფორმაცია უარყო.
სოციალურ ქსელში უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის დისკრედიტაციის მიზნით სარკასტული შინაარსის სხვა პოსტებიც გავრცელდა. 22 თებერვალს ქართველი აქტივისტის დავით ქაცარავას შესახებ ფოტო ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი” გამოაქვეყნა. წარწერის მიხედვით, ქაცარავა უკრაინის მხარდასაჭერად ლოცვას გააძლიერებდა. 23 თებერვალს ამავე გვერდის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გიგა მაქარაშვილს დასახმარებლად არ მიმართავს და “საერთოდაც *ლეზე კიდია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაქარაშვილისნაირი ს*რები.”
“პოლიტიკური აბსურდის” ორივე ეს პოსტი ფეისბუქზე Natela Kiladze-ს მიერ დასპონსორებით გავრცელდა.
დავით ქაცარავს შესახებ “პოლიტიკური აბსურდის” პოსტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდის “ლიდერი 41-ის” ადმინისტრატორმა დავით თორდიამ 22 თებერვალს საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზეც გამოაქვეყნა.
ქართველი აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით “პოლიტიკური აბსურდმა” 23 თებერვალს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყვნა. ფოტოზე ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე და აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, მარიამ გეგუჩაძე და დავით ქაცარავა არიან, ფოტოს თან ახლავს წარწერა: “მშვიდად ხარ, როცა იცი, რომ ეს ხალხი რუსეთისგან გიცავს.” “პოლიტიკური აბსურდის” შემდეგ ფოტო გამოაქვეყნეს ანტიოპოზიციურიმა გვერდმა “ტერენტი გლდანელი,” “სექტა” და ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა ანგარიშმა “ანტილიბერალური გვერდი.”
წყაროების შესახებ
ერმილე ნემსაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული მარშიდან” კენჭს ქუთაისის მაჟორიტარობაზე იყრიდა.
2022 წლის 15 იანვარს გადაღებულ ვიდეო მიმართვაში ერმილე ნემსაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დროებით ტოვებდა და მურმანსკში მიდიოდა.
ნოდარ რუხაძის გაყალბებული ციტატა ერმილე ნემსაძისგან ფეისბუქ გვერდმა დადუმებული ქართველობა გააზიარა. გვერდი 2016 წელს შეიქმნა და 4 ადმინისტრატორის მიერ საქართველოდან და იტალიიდან იმართება.
გვერდი ანტილიბერალური შინაარსის პოსტებს ხშირად აზიარებს, მათ შორის “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის პოსტებს.
ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკური აბსურდი” 2021 წლის პირველ სექტემბერს 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა, გვერდი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასვხა შინაარსის პოსტს ხშირად აქვეყნებს და ასპონსორებს. გვერდის სამიზნეები ხშირად ხდებიან ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
გვერდი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას საწინააღმდეგო დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რაც შეეხება ფეისბუქ ანგარიშს “ანტილიბერალური გვერდი,” ანგარიში ტელევიზია “ალტ-ინფოსა” და პარტია “კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულ, ასევე ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.