დააზიანებს თუ არა დასავლეთის სანქციები საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

2021 წლის 17 ივლისს ალტ-ინფოს გადაცემის  “ალტ-ანალიტიკა” ერთ-ერთმა წამყვანმა ირაკლი მარტინენკომ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მარტინენკოს თქმით, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება ეკონომიკაზე რეალურ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან საქართველოს დასავლეთში თავისი პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს და სხვა ეკონომიკური სიკეთეებითაც არ სარგებლობს. წამყვანის თქმით, დასავლეთის სანქციები, დაწესების შემთხვევაში, მხოლოდ პროდასავლურ ტელევიზიებს, პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააზიანებს, თუმცა ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება.

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: “დასავლეთის სანქციები გამოიყურება ასე, ჩვენ არანაირი პროდუქცია საქართველოში წარმოებული დასავლეთში გატანა არ ხდება ისედაც და მაგ სანქციების დადებას აზრი არ აქვს, საქართველოდან არავის რეალურად, ვისაც ეგ სჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ეკონომიკური ვითარება შეიცვალოს საქართველოში…  ერთადერთი რაც შეუძლია დასავლეთს გააკეთოს, თავის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ტელევიზიები, ან პოლიტიკოსები, ტელევიზიები ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეუწყვიტოს დაფინანსება, რაც პირიქით, კარგია.”

ირაკლი მარტინენკოს მტკიცება, თითქოს ქართული პროდუქცია დასავლეთში ექსპორტზე არ გადის, დეზინფორმაციაა. სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ ფულადი დახმარებების შეწყვეტა საქართველოს ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ნეგატიურად არ აისახება. რეალურად, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფულადი დახმარებები პრიორიტეტული სფეროების, მათ შორის ეკონომიკისა და მეწარმეობის, განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის გავლით იხარჯება.

  • მტკიცება, თითქოს ქართული პროდუქცია დასავლეთში ექსპორტზე არ გადის, დეზინფორმაციაა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამახურის მონაცემების მიხედვით, გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წილი 23%-დან 33%-მდე მერყეობდა. შედარებისთვის იმავე პერიოდში რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის პროცენტული წილი 1.7%-დან 14.5%-ის ფარგლებში იყო.
;
2021 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირსა და აშშ-ზე საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 20.54% მოდის. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ ბევრ პროდუქტზე საბაჟო გადასახადები გაუქმდა და ევროკავშირის ბაზარზე ქართულ ბიზნესისთვის სატარიფო ბარიერები მოიხსნა.

  • დასავლეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი დახმარებები და დაფინანსებები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება

მტკიცება, თითქოს ამერიკისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფულადი დახმარებები და გრანტები ქართული საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს – პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, ასევე დეზინფორმაციაა. რეალურად, საქართველოსთვის დასავლელი პარტნიორები ფულად დახამრებებს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარების და ხელშეწყობისთვის გამოყოფენ:

ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 2013 წლიდან ENPARD-ის საგრანტო პროგრამას ახორციელებს, რომლის 2013-2022 წლების ჯამური ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებული ფინანსები სოფლის მეურნეობის რეფორმირებას, პროდუქტიულობის ზრდას, ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას და სხვა პრიორიტეტულ მიმართულბების განსავითარებლადაა გამოყოფილი. ამასთანავე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკურლების ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით სხვა არაერთი პროექტი მოქმედებს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატია:

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში DCFTA ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 200 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათიანი სესხების გასაცემად 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება უკვე მიიღო. ევროკავშირის დაფინანსებით ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში სხვადასხვა მოცულობის თორმეტი მეტი პროგრამა და პროექტი ხორციელდება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად მაკროსაფინანსო დახმარება რამდენჯერმე გაუწია. საქართველოს ბიუჯეტმა ევროკავშირისგან სახაზინო დახმარება შეღავათიანი სესხისა და გრანტის სახით პირველად 2018 წელს მიიღო და მისი მოცულობა 45 მილიონ ევროს შეადგენდა (35 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხის, 10 მილიონი ევრო – გრანტის სახით). უშუალოდ ევროკავშირისა და მისი ცალკეული ქვეყნებისაგან საქართველომ დახმარებისა და შეღავათიანი სესხების სახით დიდი ოდენობით თანხები 2020 წელს პანდემიასთან გასამკლავებლადაც მიიღო. 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს ბიუჯეტს ევროკავშირის ქვეყნებმა ჯამში გრანტის სახით 250 მილიონი ევრო გამოუყვეს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატია:

კიდევ უფრო მასშტაბურია ამერიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებები, რომლებიც მეწარმეობისა და სოფლის მეურნეუბოს, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრიცი ჯანდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროს, განათლების, ადამიანის უფლებების დაცვის, კონფლიქტების მოგვარებისა და სხვა სფეროების განვითარებას ხმარდება. 1992-2020 წლებში საქართველომ აშშ-ისგან ფინანსური დახმარების სახით 4,348,400,000 დოლარი მიიღო. 27 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით აშშ-მა საქართველოს 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. აშშ-ის მთავრობა წლიურად დაახლოებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს 50 ფართომასშტაბიანი პროგრამისათვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების, თავისუფალი ბაზრისკენ სწრაფვისა და დასავლური ორიენტაციის მხარდასაჭერად ხორციელდება.

ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების მოცულობის და მიზნების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ მასალები:

დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესების აქტუალურობა

დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობასთან დაკავშირებული განცხადებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულების შემდეგ გაჩნდა, რასაც ვაშინგტონისა და ბრიუსელის მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით  ევროკომისიის 13 ივლისის განცხადებაში მართალია “სანქციები” ნახსენები არ ყოფილა, თუმცა მინიშნებები გაკეთდა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (75 მილიონი ევრო) შეჩერებაზე.

16 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხელისუფლების მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების) დარღვევა დაგმეს. ვაშინგტონის მკაცრი განცხადებების შემდეგ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში „სანქციები არსებული ბევრი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთი“ შეიძლება იყოს.


ტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist