10 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ლონდონის მეტროში რამდენიმე პოლიციელის მიერ მოქალაქის დაკავებაა ასახული. ვიდეოს ავტორი შემდეგი კომენტარით ავრცელებს: “10 კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი ერთი უნიღბო “ტერორისტის” წინააღმდეგ ლონდონის მეტროში”. აღნიშნული კომენტარი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი შეიარაღებულმა პოლიციელებმა იმიტომ დააკავეს, რომ მას პირბადე არ ეკეთა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ახალგაზრდა მამაკაცი უპირბადოდ გადაადგილების გამო დააკავეს, მცდარია. რეალურად მეტროს სადგურში პოლიცია იმიტომ გამოიძახეს, რომ მოქალაქე სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელზე რასობრივი ნიშნით ძალადობდა.
გავრცელებული ვიდეო პირველად საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე ყოფილმა ბრიტანელმა ევროპალამენტარმა და Brexit Party-ს წევრმა მარტინ დობნიმ ატვირთა. დობნი წერდა, რომ ეს იმ ორი დაკავებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც იმ დღეს თავად შეესწრო და რომელთა მიზეზიც მოქალაქეთა მიერ პირბადის გარეშე გადაადგილება იყო.
მარტინ დობნის ტვიტს ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიცია გამოეხმაურა. კომენტარში აღნიშნულია, რომ მეტროში პოლიცია იმის გამო გამოიძახეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელის მისამართით რასობრივი ნიშნით ძალადობა და შეურაცხყოფის მიყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომელმა მას ესკალატორზე დგომისას სკუტერის დაკეცვა სთხოვა.
ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციას დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ბრიტანული გამოცემა Express დაუკავშირდა. პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Vauxhall-ის მეტროს სადგურზე პოლიცია რასობრივი ნიშნით ძალადობის გამო გამოიძახეს, ეჭვმიტანილი კი დააკავეს და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაიყვანეს.
პირბადის გარეშე გადაადგილების გამო ადამიანების ძალის გამოყენებით დაკავების შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
აქვს თუ არა კავშირი სტიუას და დინამოს ფანების დაპირსპირებას პირბადესთან?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.