23 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა Ta Ta-მ ფეისბუქ-ჯგუფში “საგიჟეთი sagijeti” “იმედინიუსის” ლოგოიანი სქრინი გამოაქვეყნა. სქრინზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოა გამოსახული და აწერია, რომ “საქართველოს მთავრობა მანდილოსნებს, რომლებსაც გამომწვევად ეცმევათ, საღამოს 18:00-დან დილის 06:00 საათამდე 20 ლარით დააჯარიმებს”.
გავრცელებული პოსტი სატირულია, რეალურად არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მთავრობის სხვა რომელიმე წევრს “გამომწვევად” ჩაცმული ქალების დაჯარიმებაზე არაფერი განუცხადებიათ. მსგავსი ინფორმაცია არც “იმედინიუსს” და არც სხვა მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ.
ფეისბუქ-ჯგუფში “საგიჟეთი sagijeti” გავრცელებული პოსტი სატირულია. რეალურად, არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მთავრობის სხვა წევრებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომ ვულგარულად ჩაცმულ ქალებს დღის გარკვეულ მონაკვეთში 20 ლარით დააჯარიმებდნენ, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არც იმედინიუსის და არც სხვა მედიასაშუალებების ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
აღნიშნული პოსტი ჯგუფში 23 ნოემბერს გამოქვეყნა, imedinews.ge-ზე 23 ნოემბერს ღარიბაშვილის ამ ფოტოთი ერთი მასალაა გამოქვეყნებული, რომელიც ღარიბაშვილის გონიოში ეკონომიკური ზონის მოწყობის იდეას შეეხება.
“იმედინიუსის” ფეისბუქ-გვერდზე კი ღარიბაშვილის ამ ფოტოთი ქარდი 14 აგვისტოსაა გამოქვეყნებული და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემას შეეხება. აღსანიშნავია, რომ “იმედინიუსის” სახელით გავრცელებულ სქრინის შრიფტი რეალურისგან განსხვავებულია, ასევე სხვადასხვა სიტყვა სხვადასხვა ზომის შრიფტითაა დაწერილი, გარდა ამისა ტექსტში არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული.
პოსტის “იმედინიუსის” ვიზუალითა და ღარიბაშვილის ფოტოთი გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ღარიბაშვილმა მთავრობის მსგავს გადაწყვეტილებაზე განცხადება ნამდვილად გააკეთა და ის “იმედმა” გააშუქა. პოსტს უმეტესად სიცილის რეაქციები აქვს, თუმცა კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია რეალურად აღიქვა და ღარიბაშვილის მისამართით კრიტიკული კომენტარებიც დატოვა.
პოსტი ფეისბუქ-ჯგუფში “საგიჟეთი sagijeti” ფეისბუქ-პროფილმა Ta Ta-მ განათავსა, რომელიც ახალი შექმნილი პროფილია, 6 ნოემბრიდან კი ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია.
მას პროფილზე პერსონალური ინფორმაცია გამოქვეყნებული არ აქვს, ფოტოების უმეტესობა ზოგადი შინაარსისაა. მისი პროფილის ფოტოები კი სათვალის გასაყიდ ვებ-გვერდებზე იძებნება.
ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სატირული პოსტები და გაყალბებული ციტატები აქამდეც გავრცელებულა, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ქმნის თუ არა ღარიბაშვილი “შრომის პოლიციას”?
- შალვა კუჭაშვილის ყალბი გვერდი პრემიერის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.