Chatham House: მითები და მცდარი წარმოდგენები რუსეთის შესახებ დისკუსიაში

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

61
VIEWS

Chatham House-მა ანგარიში “მითები და მცდარი წარმოდგენები რუსეთის შესახებ დისკუსიაში” გამოაქვეყნა, რომელიც ყველაზე ხშირად გავრცელებულ იმ 16 მითს მოიცავს, რაც რუსეთთან მიმართებით თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. ანგარიში დასავლელ პოლიტიკოსებს და ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, რუსეთთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გადახედონ.

მითი N1: რუსეთი და დასავლეთი ერთნაირად ცუდები არიან

რა არის მითი?
მართალია, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კრიტიკისთვის და თვით ცენზურისთვისაც კი ღიაა, თუმცა რუსეთი ისე იქცევა, როგორც სხვა დიდი სახელმწიფოები. დასავლეთი მის მიერვე დაწესებულ ნორმატიულ სტანდარტებს არღვევს და საერთაშორისო სამართალს რუსეთზე მეტად არც ის ითვალისწინებს. ნატოს სამხედრო ინტერვენცია იუგოსლავიაში რუსეთის უკრაინაში ინტერვენციისგან არ განსხვავდებოდა. აშშ ისევ მონტროს დოქტრინით ხელმძღვანელობს, ხოლო ევროკავშირი სახელის გარდა ყველაფრით იმპერიაა.

ვინ ადვოკატირებს მას?
ამ მითს ავითარებს არა მარტო რუსეთი, არამედ იზიარებენ ევროკავშირის ევროსკეპტიკოსები და ის ევროფილებიც, ვინც ევროკავშირში გერმანიას დომინანტად აღიქვამს და ამით უკმაყოფილოა. თავდასხმითი რეალიზმის ფუძემდებელი ჯონ მერშაიმერი თვლის, რომ რუსეთი უკრაინის შემთხვევაში ისე მოიქცა, როგორც მის ადგილას ნებისმიერი დიდი სახელმწიფო მოიქცეოდა, თუ მეტოქე მის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა.

რატომ არის არასწორი?
ზოგიერთი კრიტიკა სიმართლესაც მოიცავს, დასავლეთი სათნოების განსახიერება არ არის, თუმცა ეს შეხედულება არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან განსხვავებებს: ‘დასავლეთი’ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მქონე გაერთიანებაა. ნატოს და ევროკავშირის გაფართოებები მოთხოვნის შესაბამისად იყო განპირობებული, ხოლო რუსეთი სხვა სახელმწიფოებზე “მყარ კეთილმეზობლობას” ავრცელებს, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ისინი ამას.

მითი N2: რუსეთს და დასავლეთს ერთი მიზნები აქვთ

რა არის მითი?
ყველაზე საზიანო მცდარი წარმოდგენა რუსეთზე არის ის, რომ რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები სადღაც მაინც შეიძლება თანხვედრაში მოვიდეს ერთმანენთთან და შესაძლებელი იყოს საერთო ენის გამონახვა, რადგან ორ მხარეს ფუნდამენტურად ერთნაირი, ორმხრივ პატივისცემაზე და მშვიდობიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს.

ვინ ადვოკატირებს მას?
დასავლელი ლიდერები თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მუშაობას იმ ამბიციით იწყებენ, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობებს გამოასწორებენ, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმია და “გადატვირთვის” პოლიტიკის ყოველი ციკლი იმედგაცრუებით ან უფრო ღრმა კრიზისით სრულდება. 2017 წლის დეკემბერში, დიდი ბრიტანეთის მაშინდელი საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი მოსკოვში სწორედ “გადატვირთვისთვის” ჩავიდა და სერგეი ლავროვთან აღნიშნა, რომ რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს საერთო ინტერესები ჰქონდათ. 2018 წლის სექტემბერში ჯონსონმა აღნიშნული ნაბიჯი მისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომად შეაფასა.

რატომ არის არასწორი?
რუსეთის მიზნები და შეხედულებები სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესახებ შეუსაბამოა იმასთან, რასაც დასავლური ქვეყნები და საზოგადოება მისაღებად მიიჩნევენ. იმის აღიარება, რომ დასავლური და რუსეთის ღირებულებები და ინტერესები შეუთავსებელია, ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიტებისა და წინააღმდეგობების მართვის გასაღებია.

მითი N3: რუსეთს დაპირდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა

რა არის მითი?
აღნიშნული მითი საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთმა ცივი ომის დასრულებისას რუსეთი მოატყუა და დაპირდა, რომ აღარ გაფართოვდებოდა. მითის მიხედვით, ამის ნაცვლად დასავლეთმა გადაწყვიტა ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოში რუსეთის ინტეგრაციისთვის  ხელი არ შეეწყო და მოსკოვისთვის ებიძგა აშშ-სთან და მის პარტნიორებთან კონფრონტაციის გზას დადგომოდა.

ვინ ადვოკატირებს მას?
ეს ნარატივი კამათს იწვევს ნატოს წევრ ქვეყნებშიც. რუსეთი ცდილობს ნატოს წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს და დაარწმუნოს ისინი, თითქოს ცივი ომის დასრულებისას დასავლეთი რუსეთს უსამართლოდ მოექცა და მოატყუა, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2018 წელს პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლდიმირ პუტინთან განაცხადა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ნატომ სრულად ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, რამაც რუსეთში უნდობლობა და საფუძვლიანი შიშები გამოიწვია.

რატომ არის არასწორი?
რეალურად, 1990 წელს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი გაერთიანებული გერმანიის ნატოში შესვლას დათანხმდა, მას არც მოუთხოვია და არც მიუღია რაიმე ფორმალური გარანტია იმისა, რომ ნატოს გაფართოება აღარ მოხდებოდა. ვარშავის პაქტის გაუქმებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა შეცვალა, ხოლო 1997 წელს ხელმოწერილი ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის მიხედვით, სახელმწიფოებს უფლება აქვთ, “არჩიონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები”.

მითი N4: რუსეთი დასავლეთთან კონფლიქტში არ არის

რა არის მითი?
დასავლეთის გადმოსახედიდან, რუსეთთან ურთიერთობები გამოწვევაა, თუმცა ევროპელი და ჩრდილოეთ ამერიკელი პოლიტიკოსები ერიდებიან იმის აღიარებას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება კრემლს, ის თავს დასავლეთის მართულ, წესებზე დაფუძნებულ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან კონფლიქტის მდგომარეობაში განიხილავს.

ვინ ადვოკატირებს მას?
ხშირად პოლიტიკურ დისკუსიებში ისმის განცხადებები, თითქოს დასავლეთის ქმედებები რუსეთს აღიზიანებს და მოსკოვი თავს ლეგიტიმურად იცავს. აღნიშნულ მითს ადვოკატირებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მილსადენის მშენებლობისთვის უკრაინის ენერგოუსაფრთხოებით ვაჭრობა სურთ. ასევე ევროპის ქვეყნების პარლამენტარები, რომლებსაც ყირიმში პოლიტიკურად მოტივირებული ვიზიტები აქვთ.

რატომ არის არასწორი?
სინამდვილეში, რუსეთი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში უბრალოდ მორიგი გამოწვევა არ არის, მოსკოვის ბუნებრივი მდგომარეობა დასავლეთთან დაპირისპირებაში ყოფნაა. კრემლი კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებში ჩარევა, სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობები და ინფორმაციული ომი, დასავლური ინტერესების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

მითი N5: ჩვენ ახალი პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა გვჭირდება, სადაც რუსეთიც მოიაზრება

რა არის მითი?
ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ლიდერები და მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ინსტიტუციური ელემენტები, განსაკუთრებით ნატო, თუმცა ევროკავშირიც, წამყვანი დასავლური ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა. მათი აზრით, გრძელვადიანი სტაბილურობისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ სტრუქტურებს უნდა დამატებოდა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული კონტინენტური შეთანხმება, რომელიც რუსეთის ინტეგრაციასაც მოახდენდა და მის საციცოცხლო ინტერესებს გაითვალისწინებდა.

ვინ ადვოკატირებს მას?
2008-2009 წლებში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პან-ევროპული ხელშეკრულების იდეა წამოაყენა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ახალ რეგიონულ სისტემას შექმნიდა. მას შემდეგ, რუსეთის მაღალჩინოსნები აგრძელებდნენ დასავლეთ-ცენტრიზმთან დაპირისპირებას და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ანტი-რუსულ ორიენტაციას.

იმ დროს, როდესაც აშშ მხარს უჭერდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, ბერლინში და პარიზში ზოგიერთ პოლიტიკოსს მოსწონდა მედვედევის ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დადებითი გამოხმაურება მხოლოდ ნაწილობრივ აისახა გერმანიის და საფრანგეთის ოპოზიციაში. 2019 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ევროპას მოუწოდა ახალი არქიტექტურის შექმნისკენ, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების ფარგლებში ნდობაზე და უსაფრთხოებაზე იქნებოდა დაფუძნებული.

რატომ არის არასწორი?
რუსეთთან ერთად პან-ევროპული სისტემის შექმნა 3 მიზეზის გამო არის პრობლემური: პირველი, რუსეთს სუვერენიტეტი განსხვავებულად ესმის. ის შეზღუდავს პატარა სახელმწიფოების უფლებებს, მაგალითად მათი ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხებით. რუსეთის პოლიტიკა შეუსაბამოა დემოკრატიის ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან;

მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთის შეთავაზება პან-ევროპულ უსაფრთხოებაზე არალოგიკურია. მათი აზრით, ინკლუზიური, კონტინენტური უსაფრთხოების სისტემა არსებულ გეოპოლიტიკურ სირთულეებს წაშლის, რეალურად კი ეს სირთულეები გამოწვეულია ევროპული უსაფრთხოების ერთმანეთთან რადიკალურად შეუსაბამო ხედვებით, რაც მსგავს პან-ევროპულ უსაფრთხოების სისტემას ფუნქციონირებაში ხელს შეუშლის.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, რუსეთის შეთავაზება პან-ევროპულ უსაფრთხოებაზე ხშირად ბუნდოვანი იყო. დასავლეთში გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთს ნაკლებად ადარდებს თამაშის ახალ წესებზე შეთანხმება და უკვე არსებული წესების დარღვევითაა დაინტერესებული, რაც დასავლეთის მიერ მართული ორგანიზაციების დაყოფას, კონკრეტულად ნატოს პარალიზებას გულისხმობს.

მითი N6: რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავაუმჯობესოთ, თუნდაც ეს რუსეთის მხრიდან დათმომების გარეშე მოხდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია

რა არის მითი?
აღნიშნული მითი ემყარება წინაპირობას, რომ თავისთავად ცხადი გეოპოლიტიკური წონის, საერთო ეკონომიკური ინტერესებისა და ცივი ომის წაგებისთვის კომპენსაციის კომბინაცია წარმოადგენს რუსეთთან წარმატებული გადატვირთვის აუცილებლობას.

ვინ ადვოკატირებს მას?
ბოლო პერიოდში ამ იდეის გამზიარებელი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო, რომელიც თვლიდა, რომ საფრანგეთს და ასევე ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნათ. მანამდე ამაზე ფიქრობდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ომაბაც, რომელიც რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკას აწარმოებდა. მოგვიანებით, პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან პირადი ახლო ურთიერთობა სურდა, თუმცა არც ერთმა მიდგომამ არ გამოიღო შედეგი. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიმართ რეალობის შესაბამისად უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა.

რატომ არის არასწორი?
თეორიულად მართალია, რომ ორივე რუსეთიც და ევროპაც უფრო გარანტირებული უსაფრთხოების სტრუქტურებით და თანამშრომლობით მეტ სარგებელს მიიღებდა, თუმცა თანამშრომლობის მცდელობები კიბერუსაფრთხოებაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე ვაჭრობაშიც, რუსეთის არალიბერალური მიდგომის გამო ჩავარდა. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება მანამ, სანამ რუსეთის ითხოვს უფლებას, რომ სამეზობლოში ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოების ბედი გააკონტროლოს და ეს სამხედრო ძალის გამოყენებით შეასრულოს.

მითი N7: რუსეთს აქვს თავდაცვითი პერიმეტრი – “პრივილეგირებული ინტერესების” სფერო, სხვა ქვეყნის ტერიტორიების ჩათვლით

რა არის მითი?
ევროპელმა და ამერიკელმა ანალიტიკოსებმა შექმნეს მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოებზე გავლენის ექსკლუზიური სფერო უნდა ჰქონდეს. მათი აზრით, ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ რუსეთის თავდაცვითი პერიმეტრის შექმნის მცდელობებს ლეგიტიმურად აღიარებენ.

ვინ ადვოკატირებს მას?
მითი გავრცელებულია სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსების ფართო სპექტრში. ტედ გალენ კარპენტერი, libertarian Cato Institute-ის უფროსი მკვლევარი 2019 წელს აცხადებდა, რომ ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს რუსეთის გავლენის სფეროს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. 2018 წელს ბენ სტეილი, ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევარი ასევე თვლიდა, რომ მარშალის გეგმამ მხოლოდ იმიტომ იმუშავა, რომ აშშ-მა აღიარა რუსეთის გავლენის სფეროს რეალობა, რომელშიც ვერ შეაღწევდა.

რატომ არის არასწორი?
გარკვეული სახელმწიფოთა ჯგუფის ექსკლუზიური გავლენის სფეროში მოქცევა ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთან შესაბამისობაში არ მოდის. აგრეთვე, ის შეუსაბამოა სახელმწიფოების სუვერენიტეტთან და თვითგამორკვევის უფლებასთან; ზიანს აყენებს გეოპოლიტიკურ წესრიგს და საერთაშორისო უსაფრთხოებას და მწვანე შუქს უნთებს რუსეთის ქმედებებს – ანექსიას, ტერიტორიულ აგრესიას და ომს, რაც რუსეთის მეზობლებსა და ევროპაში არასტაბილურობის რიკს ზრდის.

მითი N8: რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს უნდა დავაპირისპიროთ, რათა დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ მათ ტანდემურ ქმედებას ხელი შევუშალოთ

რა არის მითი?
აღნიშნული მითის მიხედვით, დასავლეთისთვის შესაძლებელია, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპიროს, რათა ხელი შეუშალოს მათ ერთობლივ მუშაობას დასავლური ინტერესებისა და ღირებულებების წინააღმდეგ. ამ მითიდან გამომდინარეობს ის, რომ რუსეთი და ჩინეთი ქმნიან ერთიან სტრატეგიულ სუბიექტს, რისი ჩამოყალიბებაც დასავლეთის პოლიტიკოსების დაუდევრობამ განაპირობა.

ვინ ადვოკატირებს მას?
აშშ-ის ბოლოდროინდელი პრეზიდენტების ადმინისტრაციები ცდილობენდნენ სინო-რუსული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება შეეჩერებინათ. მაგალითად, 2001 წელს ჯორჯ ბუშმა მოსკოვი დაარწმუნა, რომ აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სქემა კრემლის წინააღმეგ არ იყო მიმართული, მაშინ, როდესაც პეკინს ასეთი გარანტიები არ მისცა. 2020 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს G7-ში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რათა ჩინეთის მომავალი განეხილათ.

რატომ არის არასწორი?
დაშვება იმის შესახებ, რომ დასავლეთს შეუძლია რუსეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა გამოიყენოს, გადამეტებულად აფასებს მათ მგრძნობელობას გარე ბერკეტის მიმართ.  სწორედ ისე როგორც დასავლეთს არ გაუერთიანებია ჩინეთი და რუსეთი, ასევე ვერ შეძლებს მათ დაშლას. ამ ორ ძალას ბუნებრივი იდეოლოგიური თავსებადობა აქვს, ისევე როგორც საერთო ინტერესები მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ტექნოლოგიაში, კიბერ სფეროში და თავდაცვაში. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი თანამშრომლობით მეტს იგებენ, ვიდრე კონკურენციით, ორივეს, ჩინეთსაც და რუსეთსაც, განსხვავებები უკანა პლანზე გადააქვს.

მითი N9: დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან უნდა ნორმალიზდეს, რათა ჩინეთის აღზევება მოვიგერიოთ

რა არის მითი?იქიდ
ან გამომდინარე, რომ ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის ძალა, იზრდება, მის შესაძლებლობებსა და დღის წესრიგზე მღელვარება გასაგებია. შედეგად, დასავლეთის გარკვეულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთთან შედარებით უფრო დიდი, გრძელვადიანი სისტემური გამოწვევაა, ამიტომაც რუსეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტი უნდა იყოს.

ვინ ადვოკატირებს მას?
წარმოდგენები, თითქოს რუსეთთან თანამშრომლობასა და ჩინეთის დომინირებისთვის საშუალების მიცემას შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს, გავრცელებულია საეთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე პირების ნაშრომებში, განსაკუთრებით რეალისტური დოქტრინის მხარდამჭერებში, რომლებიც რუსეთს საფუძვლიანად არ სწავლობენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ სრულ სურათს ხედავენ. დასავლეთში პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი და საგრეო პოლიტიკაზე გავლენის მქონე მრჩევლებიც ამ არგუმენტს დამაჯერებლად თვლიდნენ. ჰენრი კისინჯერი დიდი ხნის განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას პეკინიდან წამოსულ საფრთხეზე და მოსკოვთან ‘პრაგმატულ’მიდგომას უჭერდა მხარს. მისი არგუმენტის არსი ის იყო, რომ ცივი ომი დასრულდა და ჩინეთი აშშ-ს ჩაანაცვლებს.

რატომ არის არასწორი?
რეალურად, ორივე, რუსეთიც და ჩინეთიც გამოწვევას წარმოადგენს. შეცდომაა, რომ დასავლეთმა ერთს მიხედოს, ხოლო მეორე უგულებელყოს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შესაძლოა მომავალში შეიცვალოს, ამჟამად ჩინეთი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს არ კვეთს და მეზობლების ანექსიას არ ახდენს. რუსეთთან დაახლოება, როგორც ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული საშუალება, სავარაუდოდ კრემლის პირობებით მოხდება, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ძნელად მოპოვებული სუვერენიტეტის მსხვეპლად შეწირვას ნიშნავს.

მითი N10: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის ნამდვილი და მნიშვნელოვანი კონკურენტია

რა არის მითი?
რუსეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს “ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე” გადაჭიმულ თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ევროკავშირის პარტნიორად წარადგენს. რუსეთის მტკიცებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის ოქროს სტანდარტია და ევროკავშირის ნაკლოვანებებიც არ აქვს.

ვინ ადვოკატირებს მას?
2015 წელს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა მოამზადა შეთავაზება, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან დიალოგს ითვალისწინებდა, როგორც იმ პაკეტის ნაწილს, რომელიც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციას უზრუნველყოფდა. ეკონომიკურ თანამშრომლობას ადვოკატირებდა გერმანიაც. 2014 წლიდან გერნამიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერდა ევრაზიული ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ვააჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებებს, რომელიც პოტენციურად ინტერ-ბლოკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამდე მივიდოდა და საერთო ეკონომიკურ სივრცეს შექმნიდა.

რატომ არის არასწორი?რეალ
ურად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოლიტიკური პროექტია, რომელსაც ნამდვილი საერთო ბაზრის თვისებები არ გააჩნია და იმისთვის არის შექმნილი, რომ რეგიონში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ძალაუფლება აღადგინოს. ევროკავშირისგან განსხვავებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არ იმართება ძლიერი საერთო ინსტიტუტებით, რასაც საერთო წესების შემუშავება და აღსრულება შეუძლია.

მითი N11: უკრაინაში, ბელარუსში და რუსეთში მცხოვრები ხალხები ერთ ერს წარმოადგენენ

რა არის მითი?
მტკიცება, თითქოს უკრაინა და ბელარუსი “სამეულის” შემადგენელი ერებია, იდეოლოგიური კონსტრუქტია, რომელიც იმპერიული პერიოდიდან იღებს სათავეს.

ვინ ადვოკატირებს მას?
აღნიშნული მითი რუსო-ცენტრული ნარატივია და 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი გახდა, თუმცა მას ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსიც უჭერს მხარს და საზოგადოებრივ აზრში ბევრ დასავლურ ქვეყანაში ფესვი აქვს გადგმული. აღმოსავლეთ ევროპაში იმის რწმენა, რომ ბელარუსები, რუსები და უკრაინელები ერთი ერია, პოპულარიზებული იყო მე-19 და მე-20 საუკუნის ეთნოგრაფიული რუკების მქონე სკოლის წიგნებშიც, ასევე ზოგიერთი უნივერსიტეტის სილაბუსებშიც, მანამ, სანამ პოსტ-საბჭოთა კვლევები გადაიქცა ნამდვილ ‘ევრაზიულ კვლევებად’.

ამ მითის მხარდამჭერები არიან ასევე ავსტრიის, საფრანგეთის, , გერმანიისა და იტალიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები.

რატომ არის არასწორი?
კრემლი რეგიონის ისტორიას შეცვლილად წარმოაჩენს, რათა გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე და ლეგიტიმაცია მოახდინოს იმ იდეის, თითქოს უკრაინა და ბელარუსი რუსეთის გავლენის ‘ბუნებრივი’ სფეროა. რუსეთის ისტორიოგრაფია უკრაინას “პატარა რუსეთად”  (Malorossiya), ხოლო ბელარუსს “თეთრ რუსეთად” (Byelorussia) მოიხსენიებს, ამ ორივეს კი დიდი რუსეთის ნაწილად განიხილავს, თუმცა უკრაინას, ბელარუსს და რუსეთს საერთო სახელმწიფო არასდროს შეუქმნიათ. ამასთანავე, ორივე ქვეყანას უფრო ძლიერი ევროპული ფესვები აქვს, ვიდრე ამას კრემლი აღიარებს. უკრაინისა და ბელარუსის იდენტობა ჩამოყალიბებული იყო, მანამ, სანამ ამ მიწებს რუსეთი მე-18 საუკუნეში დაიპყრობდა, მე-19 საუკუნეში მათ რუსიფიცირებას მოახდენდა, ხოლო მე-20-ში კი გაასაბჭოებდა.

მითი N12: ყირიმი ყოველთვის რუსეთის იყო

რა არის მითი?მითის
მიხედვით, ყირიმი ყოველთვის რუსეთის იყო და 2014 წელს რუსეთის მიერ მისმა მიერთებამ ისტორიული უსამართლობა გამოასწორა. მითი ასევე ამტკიცებს, რომ ყირიმის რეცესია რეფერენდუმის სახით ყირიმელი ხალხის თვითგამორკვევა იყო, რომლის უმრავლესობაც ეთნიკურად რუსია.

ვინ ადვოკატირებს მას?კრემლ
ის ამ ნარატივს იზიარებენ ევროპელი ულტრამემარჯვენეები, რომლებსაც რუსული კავშირები აქვთ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად ყირიმს რეგულარულად სტუმრობენ. აშშ-ის 45-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი G7-ის ლიდერებთან 2018 წელს განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთისაა, რადგან ყველა ვინც იქ ცხოვრობს, რუსულად ლაპარაკობს.

რატომ არის არასწორი?
კრემლის პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს ყირიმი ლეგიტიმურად და სურვილისამებრ გამოეყო უკრაინას და კვლავ შეუერთდა რუსეთს. სინამდვილეში, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში წარსულში მხოლოდ 168 წლით იყო, რაც ყირიმის დაწერილი ისტორიის 6%-ზე ნაკლებია. ამასთანავე, რუსეთი მხოლოდ ერთ-ერთია, იმ სახელმწიფოებიდან, ვისაც ნახევარკუნძულზე დომინირება სურდა. წარსულში ყირიმი ბერძნული მიწა იყო, შემდგომ სხვადასხვა ცივილიზაციებისსა და იმპერიების გადაკვეთაზე ვითარდებოდა, სანამ მე-15 საუკუნეში ყირიმის სახანოს, გენუის კოლონიებისა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე თეოდორის სამთავროს (ბიზანტია) კოჰაბიტაციის სივრცე გახდა. ამის შემდეგ სახანო გაფართოვდა და 300 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ დომინანტური ძალა გახდა. რუსეთმა ყირიმი 1783 წელს დაიპყრო.

მითი N13: 1990-იან წლებში თავისუფალი ბაზრის რეფორმა რუსეთისთვის ცუდი იყო

რა არის მითი?
როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში გავრცელებულია მითი, თითქოს ნეო-ლიბერალურმა რეფორმებმა რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია. ახლანდელი რეფორმატორების მიმართ რუსეთის მოსახლეობის მცირე საარჩევნო მხარდაჭერის უკან 1990-იანი წლების რეფორმატორების მიმართ ზიზღი დგას.

ვინ ადვოკატირებს მას?
ამ აზრს, თითქოს 90-იან წლებში ლიბერალურმა რეფორმებმა რუსეთი დააზიანა, იზიარებენ ისეთი მემარცხენე თუ მემარჯვენე პოლიტიკოსები, რომლებიც პუტინზე კარგი წარმოდგენის არიან, მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

რატომ არის არასწორი?
ლიბერალური რეფორმის მცდელობა რუსეთში მართლაც იყო, თუმცა მისი იმპლემენტაცია სრულად არ მომხდარა. მაგალითად პოლონეთში, სადაც რეფორმა გატარდა, პროდუქციის შემცირება მოკლეხნიანი და უმნიშვნელო იყო. მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ კარგად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა შეუთავსებელია რუსეთთან, დასავლეთის პოლიტიკას ასუსტებს.

მითი N14: სანქციები არასწორი მიდგომაა

რა არის მითი?
ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, სანქციები არ მუშაობს, რადგან 1) რუსეთის მტრული ქმედებები არ იცვლება; 2) რუსეთი ძალიან დიდი და გამძლეა იმისათვის რომ სანქციებმა ზიანი მიაყენოს; 3) სანქციები პუტინის პოპულარობას ზრდის, რადგან ის თავს მტრული დასავლეთისგან რუსეთის დამცველად წარმოაჩენს; 4) სანქციები რუსეთს ჩინეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს.

ვინ ადვოკატირებს მას?
ზოგიერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთი “სანქციების გადაურჩა” და მეტიც, ზოგის აზრით, სანქციები კონტრპროდუქტიული იყო.

რატომ არის არასწორი?
ეს მოსაზრება სამი მიზეზის გამოა არასწორი: 1) მნიშვნელოვან მომენტებში სანქციებმა რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენაში კრიტიკული როლი შეასრულა. არსებობს მტკიცებულებები, რომ მოსალონდელი სანქციების მწვავე ესკალაციამ უკრაინის სამხედრო გაწყვეტილებასთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სეპერატისტული ძალების მიერ 2014 წლის სექტემბერში სტრატეგიული ქალაქის მარიუპოლის აღება შეაჩერა. 2) ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის მიუღებელ ქმედებებზე პასუხად უკვე აჩვენა პრაქტიკული და ნორმატიული ღირებულება, თუმცა მათ დრო სჭირდება, რომ იმუშაოს და ეფექტიანობა აჩვენოს. სანქციები 7 წლის წინ დაიწყო, წარსული გამოცდილებით კი სანქციები მეტ დროს საჭიროებს, რათა ეფექტიანი იყოს, მაგალითად ირანი 10 წლის განმავლობაში იყო სანქცირებული, სანამ ის “ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას” მოაწერდა ხელს, რითაც ის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა. 3) სანქციების მუშაობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ცვლის თუ არა ის სანქცირებული სახელმწიფოს მიუღებელ ქმედებებს. საერთაშორისო ნორმების დამრღვევის დასჯა კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპების კოლექტიურ ერთგულებას. თუ ამ ნორმებისა და პრინციპების სიმბოლური დაცვა არ მოხდა, მათი ლეგიტიმაცია შეირყევა და გლობალური გამოწვევის წინაშე დადგება.

მითი N15: ყველაფერი პუტინის გამოა – რუსეთი ხელით მართული, ცენტრალიზებული ავტოკრატიაა

რა არის მითი?
მაცდურია იმის დაჯერება, რომ ვლადიმირ პუტინი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავისით იღებს და შემდეგ პოლიტიკოსები და ბიუროკრატების მის ბრძანებებს სისტემის ჩავარდნის გარეშე ასრულებენ. ეს მითი ასახავს იმას, თუ როგორ არის აღქმული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, შემდეგ მისი იმპლემენტაცია რუსეთში და ასევე ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების ბუნება.

ვინ ადვოკატირებს მას?
პატივსაცემი ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და ოფიციალური პირებიც კი თვლიან, რომ რუსეთის პოლიტიკის ყველა ასპექტი და მედიაც პუტინის “ვერტიკალური ძალის” მმართველობაშია მოქცეული. Brookings Institution-ის უფროსი ანალიტიკოსისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპისა და რუსეთის ყოფილი დირექტორის ფიონა ჰილის აზრით, პუტინის რუსეთი ერთი კაცის შოუა და საბოლოოდ ის იღებს გადაწყვეტილებებს.

რატომ არის არასწორი?
გავრცელებული საწინააღმდეგო შეხედულების მიუხედავად, ბევრი სხვადასხვა აქტორი და ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში და ქვეყნის პოლიტიკის იმპლემენტაციაში. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს შესაძლოა ყველანაირ საკითხზე შეეძლოს გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის ასე იქცევა. ინფორმირებული წყაროს თანახმად, სერიოზულ საკითხებზე გადაწყვეტილებები კოლეგიალური და კოორდინირებულია. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, თუმცა შეთანხმებული პოზიცია მასთან დასადასტურებლად მიდის. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ბიუროკრატიის ძალა და კომპლექსურობა, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ გაიზრდება.

მითი N16: ვინც პუტინის შემდეგ მოვა, პუტინზე უკეთესი იქნება

რა არის მითი?
არსებობს იმის რწმენა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი ძალაუფლებას საბოლოოდ დატოვებს, ურთიერთობები გამოსწორდება და როგორც მინიმუმ 2000-2004 წლების დონეზე დაბრუნდება, როდესაც პუტინი პრეზიდენტობის პირველი ვადა იყო.

ვინ ადვოკატირებს მას?
დასავლეთში პუტინი აღქმულია, როგორც “ანდაზის უარყოფითი პერსონაჟი”, ყოფილი “კგბშნიკი” და საბჭოთა თაობის განსხეულება. დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გარღვევა მოეხდინათ, მარცხით დასრულდა, იქნება ეს ბარაკ ობამა თავისი ‘გადატვირთვით’, ნიკოლა სარკოზი, ფრანსუა ოლანდი თუ ბორის ჯონსონი, მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ‘პუტინის მმართველობის ქვეშ’ პროგრესი ვერ მიიღწევა. ბევრი პოლიტიკოსისთვის ეს ყველაზე მარტივი და კომფორტული ახსნაა მათი მარცხის, უფრო ეფექტიანად ეპასუხათ რუსეთისთვის.

რატომ არის არასწორი?
ეს მითი იმაზე მეტყველებს, რომ იმედი გამოცდილებაზე და ანალიზზე მაღლა დგას. რუსეთის სტრუქტურული საკითხები პუტინის მმართველობასთან დაკავშირებული სირთულეების მიღმაა. რუსული საზოგადოება პოსტ-იმპერიულ სინდრომს განიცდის და დასავლეთით უკმაყოფილოა, რადგან რუსეთის თვალში დასავლეთი ქვეყანას არც იმის უფლებას აძლევს, რომ სუპერ-სახელმწიფოდ დარჩეს და საერთაშორისო სისტემაში არც ღირსეულ ადგილს სთავაზობს. ‘პოსტ-პუტინური’ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შენების ალბათობა კი იმაზე დაბალია, ვიდრე ეს 1990-იან წლებში იყო. ამისათვის ქვეყანას ელიტური ბიუროკრატიის ახალი პროფესიონალი კადრები და პოლიტიკის შემქმნელები სჭირდება, რაც დღევანდელ რუსეთში არ არსებობს.

ანგარიშის ავტორები ზემოაღნიშნული მითების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებს გასცემენ, რაც რუსეთთან ურთიერთობას, სანქციებს, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის სახელმწიფოების მხარდაჭერას ეხება. რეკომენდაციებს შორისაა:

  • შეგუება იმასთან, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა ტრაგედია არ არის და ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე საშუალებები, რაც მას გამოასწორებს;
  • იმ ქმედებების განსაზღვრა, რაც ‘მიუღებელია’ და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების ქონა;
  • სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე ერთგულების შენარჩუნება და აღნიშნულ საკითხებზე რუსეთთან მკაფიო კომუნიკაცია. არ უნდა მოხდეს ყირიმის ანექსიის მივიწყება, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე საუბარი უხერხულია;
  • შავ ზღვაში უსაფრთხოების პროგრამების გაფართოება და ამ გზით ბალტიის ზღვაში ნატოს უსაფრთხოების პროგრამების წარმატების ხელშეწყობა;
  • დასავლეთს გამოწვევებზე პასუხი ერთზე მეტ ფრონტზე შეუძლია, შესაბამისად საგარეო პოლიტიკიდან ყურადღების გადატანა ჩინეთზე, არ უნდა გულისხმობდეს რუსეთის იგნორირებას.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3gnPilw

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist