“ბოლო ჟამის ქრისტიანები” კოღოების და გეიტსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

328
VIEWS

29 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გაავრცელა პოსტი, სათაურით “ღმერთის ქმნილებას ანადგურებს.” პოსტის მიხედვით,  ბილ გეითსის დაფინანსებით ფლორიდაში კომპანია Oxitec-ი 750 მილიონ გენეტიკურად მოდიფიცირებულ მამრობით კოღოს გაუშვებს, ახალი ტიპის მამრობითი კოღოები კი მდედრობით, ადამიანის კბენის უნარის მქონე, კოღოებს გაანადგურებენ, თუმცა ამ პროცესში სავარაუდოდ, ახალი ტიპის ჰიბრიდული კოღო წარმოიშობა. პოსტში ნახსენებია ჟურნალ Nature Scientific Reports-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიაში ანალოგიური ექსპერიმენტის შედეგად ახალი და უფრო ძლიერი გენმოდიფიცირებული კოღოები წარმოიშვა.

 

;
“ბოლო ჟამის ქრისტიანების” პოსტი დეზინფორმაციულ მტკიცებებს შეიცავს. Oxitec-ი ბილ გეითსის დაფინანსებას მალარიის გამავრცელებელი  Anophele-ის ჯიშის კოღოების განადგურებისთვის იღებს,  ფლორიდაში კი Oxitec-ის პროექტი Aedes aegypti-ის ზიკასა და დენგეს გადამტანი კოღოების წინააღმდეგაა. Oxitec-მა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით დაიწყო და 2016 წელს მის განსახორციელებლად აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების, ადმისტრაციის, 2020 წელს კი აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს დასტურები მიიღო. “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მეირ Nature Scientific Reports-ში გამოქვეყნებული სტატია არ ამტკიცებს, რომ ბრაზილიაში Oxitec-ის ტექნელოგიამ უფრო ძლიერი და გამძლე კოღოები წარმოშვა. 

ფლორიდის შტატის კუნძულ-არქიპელაგ ფლორიდა ქისსში ინფექციების, მათ შორის ზიკასა და დენგეს, გამავრცელებელი კოღოს ჯიში  Aedes aegypti-ის არსებობა ბოლო რამდენიმე წელია პრობლემად იქცა.

ფლორიდა ქისის არქიპელაგის ქალაქებში დენგეს ვირუსის გავრცელება 2009 წლიდან გახშირდა, 2009 წლამდე ამ ინფექციის ბოლო შემთხვევა ფლორიდაში 1934 წელს აღრიცხეს. დენგეს ვირუსის გარდა, Aedes aegypti-ის კოღოები ავრცელებენ ზიკას ვირუსსაც, რომელიც  2016 წელს მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალებისთვის განსაკუთრებით დიდ პრობლემა გახდა, ფლორიდასა და ტეხასში ინფექცია სწორედ კოღოებმა გაავრცელეს.

ინფექციების გამავრცელებელი Aedes aegypti-ის კოღოებისგან თავის დასაცავად ფლორიდა ქისის მთავრობამ კომპანია Oxitec-ს ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა. ადამიანს ამ ტიპის კოღოების მხოლოდ მდედრი წარმომადგენლები კბენენ და შესაბამისად, ვირუსიც სწორედ მათგან ვრცელდება. მართალია, ეს ჯიში კოღოების მთლიანი პოპულაციის მხოლოდ 1%-ია, თუმცა სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი მთავრობა წელიწადში 1 მილიონზე დოლარზე მეტს ხარჯავს. Oxitec-ის გეგმის თანახმად, შეიქმნება Aedes aegypti-ის ახალი გენმოდიფიცირებული მამრი სახეობა  OX5034, რომელიც სასიკვდილო გენს მდედრებს გადასცემს, რის შემდეგაც ვირუსების გადამტანი კოღოების რაოდენობა და შესაბამისად ვირუსების გავრცელება ეტაპობრივად შემცირდება.

2016 წელს Oxicet-ის ტექნოლოგიის შესახებ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაადგინა, რომ ბუნებაში გენმოდიფიცირებული მამრი კოღოების გაშვება ნეგატიურ უკუჩვენებს არ მოიტანს.  FDA-ის შემდეგ ტექნელოგიის განხილვის პროცესი აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) დაიწყო, EPA-მ Oxitec-ს მწვანე შუქი გასული წლის მაისში აუნთო და დაადგინა, რომ ასეთი კოღოების ბუნებრივ პირობებში გაშვება უსაფრთხოა და გარემოს ზიანს არ მოუტანს.

Oxitec-ისა და ადგილობრივი მთავრობის პროექტს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, თუმცა კომპანიისა და მთავრობის განცხადებით, პროცესი მხოლოდ სარგებელს მოიტანს, ხოლო შესაძლო რისკებისა და სარგებლების კვლევა მარეგულირებელი ორგანოების მიერ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და დასტური მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა, რაც პროექტის უსაფრთხოებას ადასტურებს.

  • ბილ გეითსი Oxitec-ის პროექტს, რომელიც ფლორიდაში გენმოდიფიცირებული Aedes aegypti-ის ჯიშის მამრი კოღოების გაშვებას გულისხმობს, არ აფინანსებს 

Insider-ის მიხედვით, ბრიტანულ ბიოტექნელოგიურ კომპანია Oxitec-ი მალარიის გავრცელების შესაჩერებლად ვირუსის გადამტანი კოღოების გენმოდიფიცირებული კატეგორიის შექმნისთვის ფინანსურ დახმარებას ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან იღებს. გამოცემის თანახმად, 2010 წელს გეითსების ფონდმა ამ მიზნით Oxitec-ს 5 მილიონი დადაუხადა, ამჟამად გეითსების ფონდის საიტზე მოცემულია ინფორმაცია, რომ 2020 წლის სექტემბერში კვლავ მალარიის დასამარცხებლად 12 თვიან პროექტში Oxitec-ს 1 377 280 დოლარი გადაეცა. ხაზგასასმელია, რომ მალარია Anophele-ის ჯიშის კოღოებს გადააქვთ, ხოლო ფლორიდაში კომპანია Oxitec-ი სრულად სხვა Aedes aegypti-ის ტიპის მდედრი კოღოების განადგურებაზე მუშაობას.  Aedes aegypti-ის მდედრ კოღოებს არა მალარია, არამედ სხვა რამდენიმე დაავადება, მაგალითად ზიკა და დენგე გადააქვთ.

  • Nature Scientific Reports-ში 2019 წელს გამოქვეყნებულ სტატიას მწვავე სამეცნიერო კრიტიკა მოჰყვა და ის არ ამტკიცებს, რომ Oxitec-ის ტექნელოგის გამოყენებით ბრაზილიაში უფრო ძლიერი ახალი ტიპის კოღოები წარმოიშვა. 

Oxitec-ის ტექნელოგია  Aedes aegypti-ის ტიპის მდედრი კოღოების განადგურების შესახებ პირველად ბრაზილიაში გამოიყენეს, კომპანიის მიხედვით, კოღოების პოპულაცია 13 კვირიან პერიოდში 95%-ით შემცირდა, იკლო ინფეციების რაოდენობამაც.  ბოლო ჟამის ქრისტიანების პოსტში სწორედ ბრაზილიის შემთხვევის შესახებ 2019 წელს ჟურნალ Nature Scientific Reports-ში იელის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაა ნახსენები. ბოლო ჟამის ქრისტიანების მიხედვით,  ბრაზილიაში გენმოდიფიცირებულმა კოღოებმა ახალი სახეობის უფრო გამძლე ჰიბრიდული მწერები წარმოშვა. რეალურად სტატიაში აღნიშნულია, რომ, ავტორების დაკვირვებით,  ბრაზილიის ერთ-ერთ რეგიონში Aedes aegypti-ის ჯიშის გენმოდიფიცირებული კოღოების გაშვების შემდეგ სრულიად ახალი მესამე ტიპის კოღოების კატეგორია წარმოიშვა, რადგან ამ ახალმა კატეგორიამ გენმოდიფიცირებული კოღოებისგან ახალი გენები მიიღეს,  თუმცა ბოლო ჟამის ქრისტიანებისგან განსხავებით, მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ ეს ახალი კატეგორია რაიმე მახასიათებლით უფრო ძლიერია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამეცნიერო ჟურნალში კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალის რედაქციამ მის მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოაქვეყნა. კრიტიკა გენეტიკურად ახალი კატეგორიის კოღოების წარმოშობის შესახებ მტკიცებასაც შეეხო. რედაქციის მიხედვით, სტატიაში რეალურად წარმოდგენილი მონაცემები გენმოდიფიცირებული კოღოების გაშვებიდან უახლოეს რამდენიმე კვირაში იყო შეგროვებული, რაც იმის მტკიცების საშუალებას არ იძლეოდა, რომ გენმოდიფიცირებული კოღოების მიერ წარმოშობილი ტრანსგენული კატეგორია პოპულაციაში მუდმივად რჩება და მოკლე ხანში არ ქრება. შენიშვნაში ხაზგასმულია ისიც, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ახალი მესამე კატეგორიის კოღოების გაქრობა სტატიის ერთ-ერთი ავტორის სხვა კვლევამაც დაადასტურა. რედაქციის კრიტიკას  კვლევის ათი ავტორიდან ხუთი დაეთანხმა.


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist