“ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავსტრალიაში აუცრელთათვის გადაუდებელი ოპერაციების შესახებ მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

32
VIEWS

8 დეკემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ავსტრალიაში აუცრელ მოქალაქეებს სიცოცხლის გადამრჩენ ქირურგიულ ოპერაციებს აღარ ჩაუტარებენ. პოსტს თან ახლავს 7News-ის სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ქუინსლენდის მთავრობამ ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტებისთვის ორჯერადი აცრის საჭიროება დაადასტურა.
"
პოსტი მანიპულაციურია. რეალურად, ავსტრალიაში შეზღუდვა არ შეეხებათ პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებათ. საუბარია პაციენტებზე, რომლებიც გულის, ფილტვისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს იკეთებენ და სხვა ვაქცინებთან ერთად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაც ევალებათ, რამდენადაც ისინი სხვა პაციენტებთან შედარებით კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამავე დროს, ტრანსპლანტაცია არ წარმოადგენს გადაუდებელ ან სასწრაფო ტიპის ოპერაციას და პაციენტებს მომლოდინეთა სიაში ყოფნა  შესაძლოა 4-თვიდან 5 წლამდე უწევდეთ.

ქუინსლენდში, იმისთვის, რომ პაციენტებმა გულის, ფილტვისა და თირკმლის გადანერგვა შეძლონ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა იყვნენ აცრილები. 2021 წლის 7 დეკემბერს Queensland Health-მა საინფორმაციო გამოცემა 7news.com.au-სთან  დაადასტურა, რომ ქუინსლენდი ტრანსპლანტაციისა და ვაქცინაციის პროტოკოლებთან დაკავშირებით ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება და პაციენტებს თირკმლის, ფილტვის ან გულის ტრანსპლანტაციის ოპერაციამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ვალდებულება აქვთ, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა ყველაზე მეტად არის დასუსტებული და კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება 2022 წლის თებერვალშიც გადაიხედება.

ოპერაციები შესრულების ვადების მიხედვით გადაუდგებელ, სასწრაფო და გეგმიურ ოპერაციებად იყოფა. გადადუდებელი ოპერაცია დაუყოვნებლივ  ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, სასწრაფო ოპერაციის გადადება შესაძლებელია მცირე ხნით, რა დროსაც  დიაგნოზის დაზუსტება და პაციენტის მომზადება ხდება. გეგმიური ოპერაცია ავადმყოფის სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევისა და ოპერაციისათვის შესაფერისი მომზადების შემდეგ კეთდება. ტრანსპლანტაციის ოპერაცია პაციენტის სხეულში სხვა ადამიანის სხეულიდან, ან დონორული უბნიდან ორგანოს ან ქსოვილის გადატანას ნიშნავს, რომლის დროსაც  დაზიანებული ან არარსებული ორგანოს ჩანაცვლება ხდება. ტრანსპლანტაციის მიზანი დაავადების მქონე პირთა სიცოცხლის გახანგრძლივება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, შესაბამისად ოპერაციის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც კონსულტაციებს, ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს მოიცავს, შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ინპლანტაციის ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული პროცესის მართვა. ავსტრალიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეთ ფილტვის, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის მსურველ პაციენტებს, რაც არ წარმოადგენს გადაუდებელ ან სასწრაფო ტიპის ოპერაციებს და პაციენტებს ტრანსპლანტის მიმღებთა სიაში ყოფნა საშუალოდ 4-თვიდან 5 წლამდე ვადებში უწევთ.

რატომ არის საჭირო ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტებისთვის იმუნიზაციის მოთხოვნები ახალი არ არის. ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებს იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღება უწევთ, რათა ორგანიზმი ახალ ორგანოს ან ქსოვილს ადვილად შეეგუოს. შესაბამისად, მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია და კორონავირუსის ინფექცია პაციენტებს სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს.
ტრანსპლანტაციის ამერიკული საზოგადოების  პრეზიდენტი, დიპალი კუმარი ამერიკულ საინფორმაციო გამოცემა Usa Today-სთან აღნიშნავს, რომ  პაციენტები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში გართულებებისა და ინფიცირებისგან დაცულები იყვნენ. ექიმის თქმით, ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიაში მყოფი ადამიანები, როგორც წესი, უკვე არიან ვაქცინირებული  A და B ჰეპატიტზე, პნევმონიისა და გრიპზე, თუმცა ამის გარდა, მათ მოეთხოვებათ მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლისგან თავის არიდება და ოპერაციის შემდეგ იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების მიღება. ეს მოთხოვნები ზრდის იმის ალბათობას, რომ ტრანსპლანტაცია წარმატებული იქნება და პაციენტი თავიდან აიცილებს შემდგომ გართულებებს.
2020 წლის დეკემბერში საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თირკმლის ტრანსპლანტის მქონე პაციენტების 18%, რომლებიც კოონავირუსით დაინფიცირდნენ გარდაიცვალნენ, ხოლო სხვა კვლევებში, რომლებშიც სხვა ტრანსპლანტაციის ოპერაციებიც შედიოდა, ეს მაჩვენებელი მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა.

ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტებისთვის მოთხოვნათა სიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ კლინიკაშიც დაემატა.  კოლორადოში მდებარე UCHealth-მა, რომელიც შტატის უდიდეს ჰოსპიტალურ სისტემას წარმოადგენს, ოქტომბერში განაცხადა, რომ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს აძლევდა უფლებას, ესარგებლათ ტრანსპლანტაციის ოპერაციით ან გამხდარიყვნენ დონორები. ექიმების განცხადებით, გადაწყვეტილება კლინიკურ კვლევებს ეფუძნება, რომლებიც მიუთითებენ, რომ კოვიდ-19 ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებს დიდ საფრთხეს უქმნის.
ორგანოთა გადანერგვის სიაში მყოფთათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოთხოვნათა სიაში ვაშინგტონის UW Medicine-მაც დაამატა. “ხშირად დასმული შეკითხვების” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ UW Medicine დიდი ხანია მოითხოვს პაციენტებისგან, რომლებიც ორგანოს ტრანსპლანტაციას ელიან, პროცედურის დაწყებამდე კრიტიკულად აუცილებელი ყველა საჭირო ვაქცინაციის ჩატარებას, მათ შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრას. კლივლენდის კლინიკამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა საჭიროა როგორც ტრანსპლანტაციის მსურველი პაციენტების, ასევე დონორებისთვისაც. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მოთხოვნა პაციენტებისთვის და მათი ცოცხალი დონორებისთვის დაემატა ოჰაიოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალების მოთხოვნებშიც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist