“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

67
VIEWS

2022 წლის 17 მარტს Facebook გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელიც, პოსტის ავტორის მიხედვით, ასახავს ვაქცინით გარდაცვლილი ახალგაზრდების ფაქტებს. კოლაჟში შედის როგორც ვიდეო კადრები, ასევე სურათები და ინგლისურენოვანი სტატიის “სქრინშოთები”. აღწერაში ვაქცინა მოხსენიებულია როგორც “შხამქცინა”, რაც ორი სიტყვის, შხამი და ვაქცინა, გაერთიანებაა. ავტორის აზრით, მოსახლეობის “შხამქცინით” სიკვდილი აწმყოში მიმდინარეობს და ამ მხრივ, “რუსეთ-უკრაინის ომი” ყურადღების გადატანის ობიექტია.

ვიდეოკოლაჟი უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურად გავრცელდა  და ამ დროისათვის 160 გაზიარება აქვს.

Screenshot 3 14 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულია, რადგან ვიდეოკოლაჟში განხილული შემთხვევები სხვადასხვა ადამიანის გულის წასვლისა და გარდაცვალების შესახებ ვაქცინაციას არ უკავშირდება. “მითების დეტექტორმა” ვიდეოკოლაჟში გამოყენებული 8 შემთხვევის დეტალები შეისწავლა.

1 – ფეხბურთელმა მოედანზე გონება დაკარგა, თუმცა არა ვაქცინის, არამედ მოწინააღმდეგე ფეხბურთელის დარტყმის გამო

Screenshot 4 14 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოკოლაჟის 1:04 წუთზე, ვხედავთ მოედანზე გონებადაკარგულ ფეხბურთელს, რომლის მოსულიერებასაც გარშემომყოფები ცდილობენ. 1:12 მონაკვეთზე ფეხბურთელს გულმკერდის კომპრესიას უკეთებენ, კადრში ჩანს საკაცეც. ეს ფეხბურთელი 26 წლის ჰონდურელი პერსი კასტროა, რომელიც კანტარანას არსენალის საფეხბურთო კლუბში თამაშობს. 2022 წლის 20 თებერვალს, ხუან რამონ ბრევეს სახელობის სტადიონზე კანტარანას არსენალსა და Juticalpa FC-ს შორის მატჩი გაიმართა, რომლის დროსაც პერსი კასტრომ გონება დაკარგა. 21 თებერვალს, კასტროს საფეხბურთო კლუბმა Facebook გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, მოწინააღმდეგე ფეხბურთელის დარტყმის შედეგად კასტროს სასუნთქი გზები დაეხშო, თუმცა, იგი მყისიერად გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც მას ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარეს. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ პერსი კასტრო შემთხვევიდან უკვე მეორე დღეს გაწერილი იყო საავადმყოფოდან და იმყოფებოდა სახლში, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. 

2 – სკაილერ ნელსონი ცუდად გახდა ფიზკულტურის გაკვეთილზე, თუმცა შემთხვევა ვაქცინაციასთან დაკავშირებული არ არის და პანდემიამდე მოხდა

Screenshot 5 13 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოს 1:17 წუთზე, ვხედავთ, თუ როგორ კარგავს გონებას მოსწავლე სპორტულ დარბაზში. ამ მონაკვეთის პირველწყაროა Tiktok-ის ანგარიშ “911callcenter-ის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სათაურით “დირექტორმა სიკვდილისგან იხსნა მოსწავლე, რომელსაც გული გაუჩერდა”. საინფორმაციო სააგენტოს ABCnews-ის რეპორტაჟი ამ თემაზე თარიღდება 2015 წლის 28 ოქტომბრით. რეპორტაჟის მიხედვით, 14 წლის სკაილერ ნელსონი ფიზკულტურის გაკვეთილზე დარბოდა, როცა მან ჯერ მოძრაობა შეანელა, ხოლო შემდეგ, მომენტალურად, წაიქცა გონებადაკარგული. დირექტორის მოადგილის ერიკ ფრაისის ჩვენების თანახმად, სკაილერს უჭირდა სუნთქვა, იგი ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, მაგრამ გარკვეულ მომენტში ორგანიზმი უკვე ვეღარ ახერხებდა ჟანგბადის მიღებას. სკაილერს პირველადი დახმარება  გაუწია დირექტორის მოადგილემ და სკოლის რესურსების ოფიცერმა. შემთხვევიდან 11 წუთის შემდეგ, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოკვლევების შედეგად, კი, ექიმებმა აღმოაჩინეს გულის გენეტიკური დეფექტი, რომელმაც გონების დაკარგვა და სუნთქვის პრობლემები გამოიწვია. 

3 – მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოს მოსაცდელ სივრცეში შეუძლოდ გახდა, არ გარდაცვლილა

Screenshot 6 12 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოში, 1:58 წუთზე იწყება კადრი, რომელიც ასახავს საავადმყოფოს მოსაცდელ ოთახს, 2:05 წუთზე ვხედავთ თეთრხალათიან პიროვნებას, რომელიც უგონოდ მყოფ მამაკაცს გულმკერდის კომპრესს უკეთებს. მონტაჟის ამ მონაკვეთს თან ახლავს წარწერა “ვაქცინაციის შემდეგ 15 წუთიანი ლოდინის პერიოდში მამაკაცი გარდაიცვალა”. ვიდეო გადაამოწმა იტალიაში Facebook-ის პარტნიორმა ფაქტების გადამამოწმებელმა ვებპორტალმა Open. 2022 წლის 26 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ვიდეო გადაღებულია კიუდუნოს ვაქცინაციის ცენტრში, ბერგამოს პროვინციაში. ბერგანოს საავადმყოფომ Open-თან კომუნიკაციისას, ამ უკანასკნელს გადაუგზავნა კლინიკის მიერ გაზეთ “L’Eco di Bergamo-ში” გაკეთებული კომენტარი, რომლის მიხედვით მამაკაცი ცოცხალია და მისი მდგომარეობა დაკავშირებული იყო არა ვაქცინასთან, არამედ მის მწვავე პათოლოგიურ ჯანმრთელობის პრობლემასთან. 

4 – ფეხბურთელ ბარ ბანუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა ვაქცინას, არამედ თავად კორონავირუსს უკავშირდება

Screenshot 7 11 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეო კოლაჟის 2:45 წუთზე ვხედავთ სტატიის სქრინშოთს, რომლის თანახმად მაროკოელი ფეხბურთელის ბარ ბანუნის ჯანმრთელობის მდგომარეობამ გერმანელი ექიმი განაცვიფრა. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს გულის კუნთის ინფექცია აქვს და მას ესაჭიროება დასვენება მარტის თვის ბოლომდე. ფეხბურთელის ეგვიპტური კლუბის ალ-ალჰის ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 11 იანვარს, ფეხბურთელს, კაიროში დაბრუნებისას, ჩაუტარდებოდა სამედიცინო კველვები მისი ჯანმრთელობისა და მკურნალობის პროგრამის განსაზღვრისთვის. ამის შემდეგ,  2022 წლის 7 მარტის განცხადებაში, კლუბი, ფეხბურთის გუნდის სამედიცინო განაყოფის ხელმძღვანელის აჰმედ აბუ აბლაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფეხბურთელს სჭირდება დასვენება თვენახევრის განმავლობაში. განცხადებაში მიზეზად დასახელდა კორონავირუსის ინფექცია და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგები. განცხადებებში არ არის ნახსენები კონკრეტულად თუ რა ჯანმრთელობის პრობლემაზეა საუბარი. 

5 – ფეხბურთელ დიეგო ბარიოს გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის

Screenshot 8 11 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოში, 3:02 წუთზე ვხედავთ ახალი ამბების სტატიის სქრინშოთს, რომელიც იუწყება 19 წლის ფეხბურთელის დიეგო ბარიოს გარდაცვალების შესახებ. შემთხვევა 2022 წლის მარტში მოხდა, სტატიაში სიკვდილის მიზეზად სახელდება სავარაუდო ფატალური დაავადება. წარმოშობით ჩილელი სპორტმესნი ოფიციალურად იტალიურ საფეხბურთო კლუბში “Marignanese Cattolica” თამაშობდა. თუმცა გარდაცვალების დღეს ამერიკაში, კერძოდ, მაიამიში იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტოს Publimetro-ს თანახმად, ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდება აუტოფსიის შედეგად, ვინაიდან ამჟამად გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ არსებობს. დიეგო ბარიოს ცხედარი იპოვეს სახლში, სადაც არ იკვეთებოდა შეჭრის ან/და ძალის გამოყენების ნიშნები, რაც შეიძლება მიუთითებდეს სავარაუდო ავადმყოფობაზე, როგორც სიკვდილის მიზეზის ერთ-ერთ ჰიპოთეზაზე. 

6 – რაგბის მწვრთნელის ჟერომ გაღონი გულის შეტევით გარდაიცვალა და მისი ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება

Screenshot 9 13 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

კოლაჟის 3:19 წუთზე მოყვანილია ამონარიდი სტატიიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ Saint-Aubin-ის გასახდელში რაგბის მწვრთნელი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ამბავზე წერს სხვადასხვა ფრანგული საინფორმაციო გამოცემა, როგორიცაა La Dépêche და Actu. სტატიაში აღნიშნულია, რომ 6 მარტს Saint-Aubin-ის რაგბის კლუბის მწვრთნელი ჟერომ გაღონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამონარიდი, რომელიც კოლაჟშია გამოყენებული, ფაქტობრივად სიმართლეა, თუმცა ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინაციასა და რაგბისტის გარდაცვალების კავშირის შესახებ.

7 – რაგბისტ ჯეიმს თიოდორის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება

Screenshot 10 11 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოს 3:31 წუთზე მორიგი სტატიის ამონარიდში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 1 მარტს რაგბისტი ჯეიმს თიოდორი გულის შეტევით გარდაიცვალა. ღია წყაროებში იძებნება ფრანგული საინფორმაციო გამოცემები, როგორიცაა L’Echo Républicain და Actu, სადაც აღნიშნულია, რომ C’Chartres-ს რაგბის გუნდის მოთამაშემ კლუდპანის სტადიონზე ვარჯიშის დროს გონება დაკარგა და როგორც გაირკვა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, ვიდეოში ფაქტობრივად სწორი ინფორმაცია მანიპულაციურად არის გამოყენებული, ვინაიდან, კოლაჟის კონტექსტიდან გამომდინარე, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რაგბისტის სიკვდილი ვაქცინაციას უკავშირდება. სინამდვილეში, მოსაზრება სამედიცინო მტკიცებულებას არ ეფუძნება და წარმოადგენს ანტი-ვაქსერული სენტიმენტების გაღვივების ერთ-ერთ მცდელობას. 

8 – ველოსიპედისტი ჯონ პოლის სიკვდილის მიზეზი უცნობია

Screenshot 11 12 “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს

ვიდეოში, 3:48 წუთზე გვხვდება სტატიის ამონარიდი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ შოტლანდიელი ველოსიპედისტი ჯონ პოლი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ  ამონარიდში არ არის ნახსენები გარდაცვალების მიზეზი. ველოსიპედისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა შოტლანდიის ველოსპორტის თვითერის ოფიციალურმა ანგარიშმა. 2022 წლის 9 მარტის თვითში, ვკითხულობთ, რომ ჯონ პოლი გარდაიცვალა. ბრიტანული საინფორმაციო გამოცემები Mirror-ისა და The Herald-ის  სტატიები ჯონ პოლის გარდაცვალების შესახებ არ აზუსტებენ გარდაცვალების მიზეზს, ვინაიდან ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ჯერ არ გაკეთებულა. 

გარდაცვალებისა და გულის წასვლის შემთხვევებს ვაქცინაციას ანტივაქსერები ადრეც უკავშირებდნენ, იხილეთ მასალები “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული დეზინფორმაციული ვიდეოკოლაჟების შესახებ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist