“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ჯონ კენედის ყალბ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

216
VIEWS

2021 წლის 24 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ამერიკის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის ფოტოსურათები შემდეგ ციტატასთან ერთად გამოაქვეყნა: “ამ ქვეყანაში არსებობს შეთქმულება, რომ დაიმონონ ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი. სანამ ამ მაღალ და კეთილშობილურ კაბინეტს დავტოვებ, ვაპირებ ამ შეთქმულების მხილებას.” სურათის აღწერის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა ეს სიტყვები მის მკვლელობამდე 7 დღით ადრე წარმოთქვა. 25 მარტს იდენტური ფოტო და ციტატა “სამეფო არხის” წამყვანმა დავით გიორგობიანმაც გააზიარა.

2021 წლის 28 მარტის  მდგომარეობით “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტს – 362, ხოლო დავით გიორგობიანისას –  59 გაზიარება აქვს.

;

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ციტატა გაყალბებულია და ის ჯონ კენედის არ ეკუთვნის. ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან სხვა დროს რომელიმე საჯარო გამოსვლისას მსგავსი ან მიახლოებული შინაარსის განცხადება გააკეთა. 

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მსგავსად, იდენტურ ციტატას უკვე წლებია ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე ჯონ კენედის მიაწერენ და ამტკიცებენ, რომ ეს სიტყვები კენედიმ გარდაცვალებამდე (1963 წლის 22 ნოემბერი) ერთი კვირით ადრე თქვა, რითაც მან ილუმინატები და სხვა საიდუმლო საზოგადოებები ამხილა. ციტატის ავთენტურობა 2019 წელს ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პლატფორმამ PolitFact-მა, ხოლო 2020 წელს Reuters-მა გადაამოწმა, თუმცა კენედის საჯარო გამოსვლებსა თუ პრესკონფერენციებში იდენტურ ან მსგავსი შინაარსის ციტატას ვერცერთმა გამოცემამ ვერ მიაკვლია.

ჯონ ფ. კენედის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ვებ-გვერდზე 1942 წლიდან 1963 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით კენედის ყველა განცხადება და საჯარო გამოსვლის ტექსტი ინახება. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ციტატა კენედიმ გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე თქვა, მაშინ იგი 1963 წლის 15 ნოემბერს გაკეთებულ საჯარო გამოსვლების ტექსტებში უნდა გვხვდებოდეს. კენედის ბიბლიოთეკის არქივის მიხედვით, 1963 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტმა სულ ორი საჯარო განცხადება გააკეთა: პირველი – “ამერიკის მშრომელთა ფედერაციის კონგრესზე” (AFL-CIO)  ნიუ-იორკში, ხოლო მეორე საჯარო გამოსვლა ასევე ნიუ-იორკში “კათოლიკე ახალგაზრდების ორგანიზაციის” შეკრებაზე შედგა. ამ საჯარო გამოსვლებიდან მსგავსი ციტატა კენედის არცერთის განმავლობაში არ უთქვამს.  ბიბლიოთეკის გვერდზე განთავსებული პრეზიდენტის 1963 წლის 15 ნოემბრის განრიგში კი სხვა საჯარო გამოსვლა ჩანიშნული არ ყოფილა.

ციტატასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად PolitFact კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დაუკავშირდა. როგორც ბიბლიოთეკის არქივის წარმომადგენელმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმას განუცხადა, ბიბლიოთეკას აღნიშნული ციტატის გადასამოწმებლად ხშირად უკავშირდებიან, თუმცა მკვლევრებმა შესაბამისი ციტატა ვერც პრეზიდენტის არქივის 1963 წლის ჩანაწერებში და  ვერც რომელიმე სანდო მეორეულ წყაროში ვერ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ციტატის ინგლისური თარგმანის Google-ით ძიებისას საძიებო სისტემა სხვადასხვა დროს დაწერილ რამდენიმე წიგნსაც გვიჩვენებს, რომელშიც იდენტური ციტატა გვხვდება. ყველა მათგანში ციტატის ავტორად ჯონ კენედია დასახელებული, ხოლო ზოგ მათგანში ციტატა 1963 წლის 15 ნოემბრითაა დათარიღებული. ეს წიგნები, ანოტაციების მიხედვით, ალტერნატიულ სიმართლეს და ისტორიას გვთავაზობენ.

;;

ჯონ ფ. კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები 1960-იანი წლებიდან ვრცელდება. კენედის მკვლელობას სხვადასხვა დროს კუბის მთავრობას, მაფიას, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს და სხვა აქტორებს მიაწერდნენ. 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორია კენედის მკვლელობას ილუმინატებსა და ე.წ. “ღრმა სახელმწიფოს” წარმომადგენლებს უკავშირებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist