ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) დაგეგმა.
წინა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დადგინდა შემდეგი ფაქტები:
- ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კრასიკოვი ბერლინში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩავიდა, რომლებიც ვადიმ სოკოლოვის სახელზე იყო გაცემული;
- კრასიკოვი, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მას ინტერპოლის მოსკოვის ბიურო მკვლელობისათვის წითელი ცირკულარის მეშვეობით ეძებდა. თუმცა, 2015 წელს ცირკულარი გააუქმეს, ხოლო მის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტები მონაცემთა ბაზებიდან გააქრეს.
ფოტო: Bellingcat
ამჯერად ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი აცხადებს, რომ მკვლელობის დაგეგმვას უშუალოდ ედუარდ ბენდერსკი, ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის საქველმოქმედო ფონდ ვიმპელის თავმჯდომარე ხელმძღვანლობდა. ყალბი დოკუმენტების მოპოვებასა და მკვლელობის მომზადების პროცესში ქილერს უშუალო დახმარება ФСБ-მ სპეციალური ოპერაციების ბაზაზე აღმოუჩინა.
Bellingcat-მა მობილური ტელეფონის მეტადატა მონაცემები მოიპოვა, რომლებიც მიუთითებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვა და ვადიმ კრასიკოვის შერჩევის პროცესი 2019 წლის მარტისათვის უკვე დაწყებული იყო. შემავალ-გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისიდან ბერლინში გამგზავრებამდე კრასიკოვი აქტიურ კომუნიკაციაში იყო ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის საქველმოქმედო ფონდ ვიმპელის რვა წევრთან, რომელთაგან სამს მაღალი თანამდებობა უკავია. ერთ-ერთი პირი, რომელსაც კრასიკოვი ხშირად ეკონტაქტებოდა ედუარდ ბენდერსკი იყო.
2019 წლის თებერვალ-აგვსიტოში კრასიკოვმა და ბენდერსკიმ, სულ მცირე, 20-ჯერ ისაუბრეს ტელეფონით. კომუნიკაცია ქილერის ბერლინში გამგზავრებამდე გახშირდა. კერძოდ, კრასიკოვმა ბენდერსკის დაურეკა 2019 წლის 3 ივლისს, როდესაც ის ქალაქ ბრიანსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მან ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი დოკუმენტები აიღო (ამის შესახებ Bellingcat წინა გამოძიების ფარგლებში წერდა). ქილერმა ბენდერსკის კიდევ ერთხელ 28 ივლისს დაურეკვა, ანუ სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მან კომპანია ZAO RUST-სგან დასაქმების ყალბი ცნობა აიღო. ბოლო ზარი ბენდერსკისთან პარიზში გაფრენამდე სამი დღით ადრე, 13 აგვისტოს, განხორციელდა, რის შემდეგაც კრასიკოვი ბერლინში გაემგზავრა.
ედუარდ ბენდერსკის შესახებ
მართალია, ედუარდ ბენდერსკი საკუთარ თავს ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ წერვრად მოიხსენიებს, ის ხშირად ჩნდება რუსულ მედიაში, როგორც ФСБ-ს “В” სამმართველოს (“Вымпел”) დე-ფაქტო სპიკერი.
ფოტოზე (მარცხნივ) ბენდერსკი 2012 წელს რუსეთის მონადირეთა ასოციაციის პრეზიდენტის ამპლუაში ვლადიმირ პუტინთან ერთად