„ბე-ცე-ჟე“ თუ დანიური შტამი? – რუსული “ჩრდილები” უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გრ
276
VIEWS

2020 წლის 15 აპრილს ონლაინ გამოცემამ საქართველო და მსოფლიო გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რა კავშირია კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და “ბე-ცე-ჟე”-ს შორის“. სტატიში მიმოხილულია ერთ-ერთი ჰიპოთეზა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ BCG ვაქცინის (პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილია, როგორც „ბე-ცე-ჟე“) შესაძლო ეფექტიანობაზე და ამ ჰიპოთეზის დადასტურების შემთხვევაში, იმ უპირატესობაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კორონავირუსთან საბრძოლველად საბჭოთა პერიოდში ვაქცინის სავალდებულო ხასიათის გამო ექნებათ.  სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსულ ვაქცინაზე უარის თქმის გამო, უკრაინაში ეპიდემიური ვითარება კრიტიკულია. ამას იწვევს უკრაინის მიერ შერჩეული დანიური შტამიც, რომელსაც, geworld-ის მტკიცებით, ბევრი გართულება ახასიათებს.

საქართველო და მსოფლიო: „ევრომაიდნის შემდეგ უკრაინამ შეწყვიტა რუსული ვაქცინის შესყიდვა, შედეგად დღეს იქ ეპიდემიური ვითარება კრიტიკულია და სახიფათოა მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. დროთა განმავლობაში უკრაინა გადავიდა დანიურ შტამზე, რომელსაც ბევრი გართულება ახასიათებს.“

1. BCG –  დანიური VS რუსული შტამი

მიუხედავად იმისა, რომ BCG ტუბერკულოზის წინააღმდეგ არსებული ერთადერთ ვაქცინად ითლვლება, მხოფლიოში მისი სხვადასხვა გენომის მქონე შტამი გამოიყენება. 2019 წელს Infectious Diseases Society of America-ს მიერ გამოქვეყნებული შედარებითი კვლევის ანგარიშის თანახმად ვაქცინის დანიური შტამები გაცილებით უფრო ეფექტიანია ღია ტუბერკულოზსა და მის საფუძველზე განვითარებული მენინგიტთან საბრძოლველად, ვიდრე ვაქცინის რუსული ვარიანტი. მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინის ეფექტიანობა გვინეა-ბისაუს ჯანმრთელ ახალშობილთა პოპულაციაზე ჩაატარა. პარალელურ საკვლევ ჯგუფები (თითოეულში 3000-მდე ჯანმრთელი ახალშობილი) აცრეს ვაქცინის დანიური და რუსული შტამებით. 6 კვირიანი დაკვირვების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ დაავადებისადმი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით შედარებით მაღალი ეფექტიანობა აქვს დანიურ შტამს, ხოლო ლეტალობის შემცირების თვალსაზრისით ამ ვაქცინის ამ ვერსიებს შორის განსხვავებები ფაქტობრივად არ ფიქსირდება. შესაბამისად, უკანასკნელი კვლევა, ტრადიციულად გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ აჩვენებს, რომ „ბე-ცე-ჟეს“ რუსულ შტამს სხვა ვარიანტებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა არ გააჩნია.

2. როდის და რატომ შეწყვიტა უკრაინამ რუსული ვაქცინის შესყიდვა?  

უკრაინის იმუნოლოგიური პროგრამაში BCG სავალდებულო ვაქცინების ჩამონათვალში შედის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკრაინის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წელს შექმნილი პორტფოლიოს მიხედვით, უკრაინაში 2014-2015 წლებში ვაქცინის მნიშვნელოვანი დეფიციტი არსებობდა და ამ პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი 40%-საც არ აღწევდა. 2015 წლის ივნისში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა წყვეტდა რუსეთიდან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბე-ცე-ჟეს“ შესყიდვას, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში შესყიდული ვაქცინის „საეჭვო ხარისხის“ გამო. პარალელურად ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტის გამო უკრაინის ხელისუფლებამ 2015 წელს „ბე-ცე-ჟეს“ 100 000 დოზა შეუკვეთა დანიელ და პოლონელ მწარმოებლებს, ასევე დახმარების თხოვნით მიმართა UNICEF Children’s Fund-ს, რათა მათი დახმარებით ვაქცინის მაღალხარისხიანი შტამი შეეძინა, რადგან ქვეყნაში თითქმის საერთოდ არ არსებობდა „ბე-ცე-ჟეს“ მარაგი. UNICEF-ის დახმარებით 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში BCG-ის ვაქცინის 2,5 მილიონი დოზა ჩავიდა. შედეგად 2016 წელს BCG-ით აცრილთა რაოდენობა პოპულაციის 75%-ს, ხოლო 2017 წელს – 84 %-ს მიაღწია.

3. დეზინფორმაცია და ანტივაქსერული მოძრაობა უკრაინაში

საყოველთაო იმუნიზაციის პოლიტიკა უკრაინაში მნიშვნელოვან სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდება, მათ შორის ერთ-ერთი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უკრაინაში 2014-2015 წლებში საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამაში სამიზნე პოპულაციის 50%-ზე ნაკლები იყო ჩართული მაშინ, როცა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად ვაქცინაციის მაჩვენებელი 95%-ს ან მეტს უნდა შეადგენდეს.

UNICEF-ის მონაცემებით, 2017-2018 წლებში მსოფლიოშ მნიშვნელოვნად გაიზარდა წითელათი ინფიცირების შემთხვევები, უკრაინა კი შემთხვევების რაოდენობით მოწინავე ქვენების ათეულის სათავეში აღმოჩნდა. ორგანიზაცია ამის ერთ-ერთი მიზეზად, სხვადასხვა ვაქცინის დეფიციტთან ერთად, უკრაინაში ანტივაქსერული მოძრაობის და ვაქცინაციის სამთავრობო პროგრამისადმი უნდობლობის ეპიდემიურად ზრდას ასახელებს. Wellcome Trust-ის ჯანდაცვის სისტემისადმი არსებული განწყობების 2019 წლის კვლევის თანახმად, უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 29%-ს მიაჩნია ვაქცინები უსაფრთხოდ.

ანტივაქსერული განწყობების გააქტიურებას უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპერტები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედია საშუალებებში რუსული „ტროლების ქარხნის“ მიერ დეზინფორმაციის კორდინირებულ ტირაჟირებას უკავშირებენ. 2018 წლის მაისში American Public Health Association-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანამხმად,  სოციალურ მედიაში აქტიური რუსული ტროლები და ბოტები 2014 წლიდან ვაქცინაციის საწინააღმდეგო კიბერკამპანიას ეწევიან.  კლვევის ფარგლებში მკვლევრებმა შეაგროვეს Twitter-ზე ვაქცინაციის შესახებ გამოქვეყნებული ათასობით პოსტი და საჯარო დისკუსია რუსული ტროლების მონაწილეობით. ამასთანავე, ბოტებისა და ტროლების მიერ გაჟღერებული მოსაზრებების 50% ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორამციის შემცველი აღმოჩნდა. იდენტიფიცირებული ტროლების უმეტესობა სანკ-პეტერბურგის ინტერნეტის კვლევით სააგენტოსთან (Агентство интернет-исследований) აქვს კავშირი, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ტროლების ქარხანაა“.

ბოტებისა და ტროლების ხელწერა ანტივაქსერულ პროპაგანდაში კლასიკურ სქემას იმეორებს – ისინი პოულობენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აუდიტორიას, ბოტების ნაწილი მათ ეკამათება ვაქცინაციის მომხრე არგუმენტებით, ხოლო ნაწილი – საწინააღმდეგო აზრს ამტკიცებს. ამ ფორმით მოდელირებული დებატები საბოლოოდ სამიზნე აუდიტორიაში ვაქცინაციისადმი უნდობლობას ამყარებს და უკვე არსებულ ცრურწმენებსა თუ დეზინფორმაციას ახალ მესიჯებს უმატებს. რუსული ტროლების ანტივაქსერულ პროპაგანდაში განსაკუთრებით პოპულარულია დეზინფორმაცია, რომ ვაქცინები იწვევენ აუტიზმს და რომ უმჯობესია ორგანიზმმა ინფექციურ დაავადებებზე იმუნიტეტი ვაქცინის გარეშე, ამ დაავადების გადატანის გზით გამოიმუშავოს. როგორც აღმოჩნდა ამ მოსაზრებებს არა მხოლოდ სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები, არამედ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებიც კი იჯერებენ. უკრაინის შემთხვევაში, ბოგომოლცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ყველაზე ძველი და დიდი სამედიცინო უნივერსიტეტი უკრაინაში) სტუდენტების 60 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაქცინებს აუტიზმის გამოწვევა შეუძლიათ, ხოლო 30% ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშე შეძენილი იმუნიტეტი უფრო ძიერია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2019 წელს ანტივაქსერული კამპანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist