“ბანკები და ფინანსების” დეზინფორმაცია და ვანგას და ჟირინოვსკის წინასწარმეტყველება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

87
VIEWS

20 თებერვალს, ონლაინ პორტალმა „ბანკები და ფინანსები“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „ევროკომისიამ უკრაინის გაყოფის ვარიანტი განიხილა“. მასალაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ახლადშექმნილი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინის სამომავლო სტრუქტურაზე ისაუბრეს. მასალის თანახმად, შეხვედრაზე მოვლენების განვითარების ერთ-ერთ მთავარ სცენარად უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფის დასაწყისი და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამთავრობო ფუნქციების უუნარობა განიხილეს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კი სამშვიდობო კონტიგენტის ჩართვაც დასახელდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზეზად სტატიაში რუსეთს  და აშშ-ის შორის ფარული მოლაპარაკებების წარმოებაა დასახელებული, რამაც ევროკავშირი უკრაინის პრობლემის მოგვარების საკითხებს ჩამოაშორა.

ინფორმაციის პირველწყაროდ მასალაში რუსული  iarex.ru -ა მითითებული და აღნიშნულია, რომ  მიუხედავად იმისა, რომ iarex.ru რუსული საიტია, „ფაქტი უაღრესად საყურადღებოა“. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ИА REX-მა ინფორმაცია სათაურით „ევროპაში უკრაინის გაყოფის ვარიანტების განხილვა დაიწყეს“ 11 თებერვალს გამოაქვეყნა. სტატია რუსულ მეინსტრიმულ მედიაში არ მოხვედრილა, თუმცა რუსულენოვან ბლოგებსა და ვებ-გვერდებზე expertnews.info, rusfact.ru, rusnext.ru, naspravdi.info, wpristav.ru 12-14 თებერვალს ვირუსულად გავრცელდა.

"

“ბანკების და ფინანსების” და ИА REX-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ევროკავშირი აგრძელებს ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკას და უცვლელად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს. ИА REX-ის მასალის თანმხლებ ფოტოს, რუსულენოვანი ვებ-გვერდები უკრაინის დაშლაზე კონსპირაციული თეორიების გავრცელებისთვის იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, უკრაინის სამ ნაწილად დაყოფა სიკვდილის წინ ბულგარელმა ნათელმხილველმა ვანგამ იწინასწარმეტყველა.უკრაინის დაყოფის იდეა  პირველად რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 2014 წელს გააჟღერა.

არაღიარების პოლიტიკა. აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უცვლელად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საფუძველია.  2014 წლის 20 მარტს, ევროკომისიამ მკაცრად დაგმო ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ დროიდან მოყოლებული ანექსირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას ატარებს.  ყირიმის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, ევროკაშირმა რუსეთს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რომლებიც რამდენჯერმე გაფართოვდა.

აშშ-ის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს მიღებულ კანონპროექტში რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის  მიმართ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ  ნათქვამია, რომ  აშშ-ის პოლიტიკაა არასდროს აღიაროს ყირიმის უკანონო ანექსია რუსეთის მხრიდან, ან ნებისმიერი ტერიტორიის განცალკევება უკრაინისგან სამხედრო ძალის გამოყენებით.

უკრაინის დაყოფის მცდელობაში დასავლეთის დადანაშაულება რუსული პროპაგანდის ნარატივია, რომელიც ამ გზით უკრაინის კრიზისზე რუსეთის პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს. EU vs Disinfo-ს თანახმად, დეზინფორმაცია თითქოს აშშ რუსეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის უკრაინის ტერიტორიის განაწილებას დათანხმდა, 2016 წლის აპრილშიც გავრცელდა.

ИА REX-ის შესახებ. ИА REX -ის რედაქტორი მოდესტ კოლეროვი ლატვიასა და ლიტვაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ИА REX  ანტი-დასავლურ კონტენტს ავრცელებს და მასზე ხშირად ქვეყნდება კრემლისტური პორტალის, „საქინფორმის“ რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის სტატიები, რომელიც ვებ-გვერდზე ИА REX -ის ერთ-ერთ ექსპერტადაა მოხსენიებული.

Iarex.ru – ს რედაქტორი, მოდესტ კოლეროვი პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული ლატვიასა (2009)  და ლიტვაში (2009). 2012 წელს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მას მეგობრობის ორდენი მიანიჭა. მოდესტ კოლეროვი რუსული პროპაგანდისტული საიტების Regnum.ru, Polit.ru, Regions.ru -ს დამფუძნებელია, 2013 წლიდან კი Iarex.ru – ს რედაქტორია.

ვანგას წინასწარმეტყველება. ИА REX-ის მასალის თანმხლებ ფოტოს, რუსულენოვანი ვებ-გვერდები უკრაინის დაყოფაზე კონსპირაციების გავრცელებისთვის იყენებდნენ.

ИА REX -ის მასალაში ნათქვამია, რომ  ევროკომისიის ფარგლებში ჩამოყალიბებული არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი სცენარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყება და ხელისუფლება საკუთარი ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებს, ქვეყანაში სამშვიდობო კონტიგენტების შეყვანა იგეგმება. მასალაში ხაზგასმულია, რომ თითოეული სამშვიდობო კონტიგენტი „ყოფილი უკრაინის საკუთარ ტერიტორიაზე“ კონტროლს დაამყარებს  და თანდართულია ფოტო, რომელზეც რუსეთის, უკრაინის, უნგრეთის, რუმინეთის და პოლონეთის ტერიტორიებად დაყოფილი უკრაინაა ასახული.

"

ფოტო რუსულენოვან ვებ-გვერდებზე სხვადასხვა დროს გავრცელებული კონსპირაციების ილუსტრაციად იყო გამოყენებული. 2017 წლის 6 იანვარს, პორტალი Полуостров Новостей წერდა, რომ უკრაინის ტერიტორიის დაყოფა სიკვდილის წინ ბულგარელმა ნათელმხილველმა ვანგამ, იწინასწარმეტყველა. Stockinfocus.ru -ს მიხედვით კი, უკრაინის დაშლაზე „ბედის ნიშნები“ (Знаки судьбы) მეტყველებდნენ. მაგალითად, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის დღეს წითელ ხალიჩაზე ჯარისკაცი წაიქცა, ხოლო დნეპროპეტროვსკში რელსებიდან გადმოვიდა ტრამვაი სახელწოდებით „ერთიანი უკრაინა“.

"

ჟირინოვსკის წინასწარმეტყველება. უკრაინის 5 ნაწილად დაყოფის იდეა რუს პოლიტიკოსს, ვლადიმერ ჟირინოვსკის ეკუთვნის.

იდეა უკრაინის ტერიტორიის რუსეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის დანაწილების შესახებ პირველად 2014 წლის მარტში რუსმა პოლიტიკოსმა, რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ გააჟღერა.

"

ფოტო. Euromaidanpress.com

პოლონეთის, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებისადმი გაგზავნილ წერილში, ჟირინოვსკი მათ უკრაინის დაყოფას 1939 წელს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო დანართის მიხედვით  სთავაზობდა. წინადადება ასევე გულისხმობდა რეფერენდუმების ჩატარებას დასავლეთ უკრაინის რეგიონებში, მათი კიევისგან განცალკევების და ზემოჩამოთვლილ ქვეყნებთან მიერთების მოთხოვნით. პოლიტიკოსის თქმით, „ისტორიული შეცდომების შესწორება არასდროსაა გვიანი“.

ვლადიმერ  ჟირინოვსკის წერილს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა  “სრული ახირებულობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი კვლავ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით აზროვნებს.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist