24-25 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) ჯო ბაიდენის ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელსაც ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ლოგო ადევს. იგივე ვიდეო ალტ-ინფოს ლოგოს გარეშე, ფეისბუქ-გვერდ “მსოფლიო პოლიტიკის” წარწერითაც (1, 2) გავრცელდა. ვიდეოს ქართული გახმოვნება ადევს და ორიგინალი განცხადება არ ისმის. (prestigeonline.com) გახმოვანების თანახმად, ბაიდენი აღიარებს, რომ სანქციებმა რუსეთს ვერაფერი დააკლო, რუსეთის მოგება გაიზარდა და რუბლი დოლართან მიმართებით გაძლიერდა.
ვიდეო ტიკ-ტოკის ანგარიშზე – altinfo5-ზეც არის გამოქვეყნებული, ასევე ის ალტ-ინფოს ფეისბუქ-გვერდებზეც გაავრცელეს, თუმცა ამ დროისთვის ეს პოსტები უკვე წაშლილია.
გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს, რადგან ბაიდენის ვიდეოსთვის დადებული ქართული გახმოვანება არაავთენტურია და ორიგინალი განცხადების შინაარსთან კავშირი არ აქვს. რეალურად, ჯო ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ამერიკის ეკონომიკისთვის ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რუსეთი ან სანქციები საერთოდ არ უხსენებია.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს გახმოვანება, მთლიანად გაყალბებულია. ორიგინალი ვიდეო თეთრი სახლის იუთუბ-არხზე 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ბაიდენი ნიუ-იორკში, ჰადსონ ველიში, ტექნოლოგიური კომპანია IBM-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მან საკუთარ გამოსვლაში წარმოების დარგში უკვე შექმნილ სამუშაო ადგილებზე, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ამერიკის ეკონომიკისთვის ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ გამოსვლაში ბაიდენი არაერთ საკითხს შეეხო, მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებას, კვანტურ გამოთვლას, თუმცა ამ საკითხებს შორის რუსეთი და სანქციები არ ყოფილა.
ალტ-ინფოს ლოგოთი გამოქვეყნებული ვიდეოს პირველ წამზე ისმის სიტყვა – Better, ორიგინალ ვიდეოში ეს სიტყვა რამდენჯერმეა ნახსენები და ზუსტი მონაკვეთის მიგნება ბაიდენის ხელების მოძრაობასა და ჟესტებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. თავის გამოსვლაში ბაიდენი ამბობს: “მომდევნო 10 წელში უკეთესობისკენ უფრო მეტი რამე შეიცვლება, ვიდრე ეს ბოლო 40 წელში მოხდა” (More is going to change for the better in the next 10 years than happened in the last 40 years). ბაიდენი აღნიშნავს, რომ მომდევნო 10 წელი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება და ამ პროცესში ინოვაციების წყალობით ამერიკას ხელსაყრელი პოზიცია უჭირავს, რაც მას დაეხმარება, რომ 21-ე საუკუნის მეორე მეოთხედს “ფლობდეს”.
ბაიდენის მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელშიც ის სანქციების უმოქმედობასა და რუსეთის ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილებდა ყურადღებას, არც ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში იძებნება. 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა პარტნიორებთან ერთად რუსეთს ახალი სანქციებს უწესებს, რომლებიც რუსეთის შიგნით და გარეთ იმ ინდივიდუალურ პირებსა და სუბიექტებს შეეხებათ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლას პოლიტიკურ ან/და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. სანქციებთან ერთად, ამერიკა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 12 მილიარდს გამოყოფს.
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.