ბაღათურია ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფუძველი ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ზელენსკის განცხადება გახდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

374
VIEWS

5 აპრილს ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი”, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თემას ეხებოდა, “ქართული დასის” თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ  რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფუძველი ზელენსკის განცხადება გახდა. ბაღათურიას თანახმად, ზელენსკიმ ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე განაცხადა, რომ  უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას აპირებდა.

ჯონდი ბაღათურია: „როგორც ჩანს, ზელენსკი როლში შევიდა და ტვინი გაუხურდა. რა გახდა რუსეთის შეჭრის საფუძველი, საბაბი? შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ რა გამოიყენა ყველაზე ეფექტურად რუსეთმა? ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ესკალაციის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს.”

ჯონდი ბაღათურიას კომენტარი კრემლისტურმა გამოცემამ tvalsazrisi.ge 7 აპრილს გამოაქვეყნა.
Screenshot 7 5 ბაღათურია ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფუძველი ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ზელენსკის განცხადება გახდა

ბაღათურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუნხენის კონფერენციაზე ზელენსკიმ ბუდაპეშტის მემორანდუმზე კონსულტაციების დაწყების სურვილი გამოხატა, რათა ხელმომწერ ქვეყნებს, უკრაინის მიერ წარსულში ბირთვული განიარაღების პასუხად ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დაეცვათ.

19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ შეეცდება, კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ სახელმწიფოებთან გამართოს. ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არც ამჯერად იქნება მიღებული, დაასკვნის, რომ ეს მემორანდუმი არ მუშაობს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: “მინდა მჯეროდეს, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად ჩვენ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ პოტენციალზე ვთქვით უარი. ახლა ჩვენ არც იარაღი გვაქვს და არც უსაფრთხოება. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, რომლებიც შვეიცარიაზე, ნიდერლანდებსა და ბელგიაზე უფრო დიდია. გვაქვს უფლება მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლის შემდეგ უკრაინამ სამჯერ სცადა კონსულტაცია ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. დღეს ამის მეოთხე მცდელობა იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა გარანტორი ქვეყნების მოწვევა. თუ ამის შედეგად ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები.”

მიუნხენის კონფერენციის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის კუთხით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ირანს და ჩრდილოეთ კორეას და მისთვის ბირთვული სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება „უკიდურესად საშიში“ იქნება. ასევე შოიგუს თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოჩნდეს.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებისდამი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს და რუსეთს არ შეუძლია, ეს “რეალური საფრთხე” რეაგირების გარეშე დატოვოს. პუტინის თანახმად, უკრაინა „საბჭოთა ტექნოლოგიების“ დახმარებით ბირთვული იარაღის შექმნას ადვილად შეძლებს და ასევე მას  დასავლეთი დაუჭერს მხარს.

23 თებერვალს კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავდა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა. დანილოვის თქმით,  ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე არ უსაუბრია და პრეზიდენტმა ხელშეკრულების ხელმომწერების მიერ პირობების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.   

ოლეკსი დანილოვი: „ის, რომ ჩვენ ვაპირებთ ბირთვული იარაღის შექმნას, არსად მინახავს და წამიკითხავს. არ ვიცი, რატომ განმარტავთ ამას ასე. ვოლოდიმირ ზელენსკის არ უსაუბრია ბირთვული იარაღის შექმნაზე. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბუდაპეშტის მემორანდუმის ყველა ხელმომწერი მხარის მიერ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაწერილი პირობების შესრულებაზე. იმის გამო, რომ ჩვენ მთელი ჩვენი ბირთვული იარაღი და ბირთვული პოტენციალი დავთმეთ, ხელმომწერებმა ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.”

გარდა ამისა, 23 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. კულებას თქმით, 1994 წელს უკრაინამ ისტორიული წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, როცა ბირთვული განიარაღებას დათანხმდა და მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე თქვა უარი. 

დიმიტრო კულება: ”ჩვენ არ ვაპირებთ ატომური იარაღის დაბრუნებას. ამის საპასუხოდ, დღეს ველით, რომ მსოფლიო ისტორიული საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდება და უკრაინა ბუდაპეშტის მემორანდუმზე კონსულტაციებს დაწყებს. “

ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, უკრაინამ თავის ტერიტორიაზე განთავსებულ ბირთვულ იარაღზე თქვა უარი, სანაცვლოდ კი რუსეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა ქვეყანას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია მისცეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი 2014 წელს დაარღვია, როცა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში რუსი სამხედროები განათავსა.

მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის საბაბით შეიჭრა, კრემლისტური მედიის, “ალტ-ინფოს” ეთერში წამყვანებისა და სტუმრების მიერ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist