ბაბილონის გოდოლის ძიება ევროპაში, ვასაძის კონსპირაციები – რადიო Аврора-ში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

33
VIEWS

13 ივლისს ლევან ვასაძის ექსტრემისტულ პარტიასთან დაკავშირებული პლატფორმა “ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ფეისბუკ გვერდმა “!!მნიშვნელოვანი!!” გაავრცელა ვიდეო, წარწერით “გავერიდოთ ახალ ბაბილონს”. ვიდეოს თან გასდევს ძველი აღთქმის 126-ე ფსალმუნი, გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. ვიდეოში გვერდიგვერდაა გამოსახული პიტერ ბრეიგელის (უფროსი)  ბაბილონის გოდოლის ილუსტრაცია და ევროპარლამენტის შენობის ფოტოები.

ვიდეოში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში გამართული ლგბტ პრაიდის ფოტოები, ასევე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფოტოები. ფოტოებს ფონად ცისარტყელას ფერებიანი დროშები აქვს. ვიდეოში ასევე გვხდება ვლადიმირ პუტინის, პაპ ბენედიქტე მეთექვსმერის, ჯორჯ სოროსის, ბილ და ჰილარი კლინტონების და სხვათა ფოტოები, ასევე  ევროკავშირის და აშშ-ს დროშები ცისარტყელას ფერებიან დროშასთან ერთად, სატანისტური სიმბოლოების და რიტუალების ამსახველი ილუსტრაციები. ვიდეოს დასასრულს საქართველოს ფოტოების ფონზე ისმის ტექსტი “შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან, გაიქეცი ბაბილონიდან”, რაც ევროპიდან გაქცევის მოწოდების ქვეტექსტს შეიცავს და ძველ კონსპირაციას უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტი ახალი ბაბილონის გოდოლია.

;
ვიდეოს ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ის გვერდმა “ქართული თვითმყოფადობა” მოამზადა. მათ გვერდზე აღნიშნული ვიდეო 2019 წლის 15 მარტს გამოქვეყნდა და მას თან ახლდა ტექსტი:

“როდემდე უნდა ვიყოთ ქედმოხრილნი მტარვალი და პირსისხლიანი მტრების წინაშე?! ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი. დღეს ის დროა, როდესაც მთელი შეგნებული ქართველობა ფეხზე უნდა იდგეს და ებრძოდეს დემონურ ძალას, რომელსაც ლიბერალიზმი ეწოდება. ამ სატანის რელიგიას თავს გვახვევენ ჩვენი გარეშე მტრები შინაური მტრების ხელით. ლიბერალზმი თავისი ლამაზ-ლამაზი სახელებით ჰუმანურობა, ტოლერანტობა, გენდერული იდენტობა ცდილობს თვალები აგვიხვიოს და დაგვიმონოს.”

;
ვიდეო ავითარებს შეთქმულების თეორიას, რომ ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლის მოდელის მიხედვითაა აშენებული და მას და ევროპელ ლიდერებს კავშირი აქვთ სატანისტურ ძალებთან. მსგავსი კონსპირაცია წლების განმავლობაში რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ეს შეთქმულების თეორია გაჟღერებული აქვს პრო-რუს ბიზნესმენს, ლევან ვასაძესაც. ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო შეიცავს ფოტომანიპულაციის ელემენტებს. მასში გამოყენებულია რომის პაპის, ფრანცისკეს ფოტო, რომელშიც ფოტოშოპშია დამუშავებული. ავთენტურ ფოტოში პაპს არგენტინის დროშა უჭირავს.

რეალურად, ევროპარლამენტის შენობის დიზაინი არა ბაბილონის გოდოლს, არამედ რომაულ ამფითეატრს უკავშირდება.

ფეისბუქზე გვერდ “!!მნიშვნელოვანია!!”-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში გვხვდება რომის პაპის ფრანცისკეს ფოტოც, რომელსაც თითქოს ხელში ცისარტყელას ფერებიანი დროშა უჭირავს.

;
რეალურად, ფოტო დამუშავებულია. ორიგინალ ვერსიაში პაპს არგენტინის დროშა უკავია.

;
ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლს 2020 წლის ნოემბერში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც შეადარა, რომელმაც მოგვიანებით რადიკალური პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” დააფუძნა. რუსულ რადიო ავრორასთან საუბარში მან თქვა, რომ შემთხვევითი არაა ევროკავშირის შტაბბინა, თუ მას კონკრეტული კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს დაუსრულებელი ბაბილონის გოდოლის პროექტია. ვიდეო რადიო ავრორას იუთუბ გვერდზე იყო ატვირთული სათაურით “სატანიზმი კარზე გვიკაკუნებს (ლევან ვასაძე)”. ამჟამად ის რადიოს იუთუბ არხიდან წაშლილია.

;;
ფოტომანიპულაცია, რომელიც ევროპარლამენტის შენობას ბაბილონის გოდოლს ადარებს, ადრეც ვრცელდებოდა. ფოტომანიპულაციის წყაროს რუსული სოციალური ქსელები წარმოადგენდა, მოგვიანებით კი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღდეგ ბაბილონის გოდოლსა და ევროპარლამენტის შენობას შორის პარალელს პრო-რუსული გამოცემა TVM.ge ავრცელებდა. ვრცლად იხილლეთ:

ვიდეოს გავრცელება საქართველოში თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშს უკავშირდება, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების ექსტრემისტული ქმედებების გამო ჩაიშალა. გზავნილი, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ქართულ საზოგადოებას მისთვის უცხო ღირებულებს ახვევს თავს, წლებია ვრცელდება. ვიდეოს სლოგანი “შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან, გაიქეცი ბაბილონიდან” ევროპიდან და დასავლური სივრციდან გაქცევის მოწოდების გზავნილს შეიცავს.

“!!მნიშვნელოვანი!!”-ს და “ქართული თვითმყოფადობის შესახებ

გვერდი “!!მნიშვნელოვანი!!” 2021 წლის 30 ივნისს, თბილისი პრაიდის წინ შეიქმნა და დაკავშირებულია ექსტრემისტულ მედია ალტ-ინფოსთან, რომელიც თავის მხრივ, ლევან ვასაძეს უკავშირდება. სავარაუდოდ გვერდს ალტ-ინფოს მხარდამჭერი, არსენ ფოფხაძე მართავს, რომელიც 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.

;
რაც შეეხება გვერდს, რომელმაც ვიდეო თავდაპირველად გაავრცელა, “ქართული თვითმყოფადობა” 2017 წლის 4 ოქტომბერსაა შექმნილი და რუსეთიდან იმართება.

;
გვერდზე გაზიარებულია რელიგიური და ასევე ანტი-დასავლური შინაარსის პოსტები.

5 ივლისის ძალადობის შესახებ

5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარების გამო გაუქმდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-მდე ჟურნალისტს და დაარბიეს თბილისი პრაიდის და მოძრაობა სირცხვილიას ოფისები. ძალადობრივ კონტრაქციას წინ უძღოდა პრაიდის საწინააღმდეგო ერთთვიანი კამპანია, რომელშიც სასულიერო პირები, კრემლისტური მედია, ანტიდასავლური გამოცემები და სხვა აქტორები იყვნენ ჩართული. კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თითქოს დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას და გეი რევოლუციებს გეგმავს. ძალადობრივ კონტრაქციებზე ორჯერ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა. ერთ შემთხვევაში დროშა დაწვეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ანტი-დასავლური და კრემლისტური გვერდები აქტიურად ავრცელებდნენ ევროკავშირის ქვეყნებში დროში დაწვის ფაქტების ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist