6 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ქაროსა ნი-მ საკუთარ ანგარიშზე ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ასე ხვდებიან ლატვიაში უკრაინელებს.” ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინის დროშით ქუჩაში მდგარ მამაკაცსა და დროშას გამვლელები შეურაცხყოფას აყენებენ.
ვიდეო მოჭრილი სახით მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ვიდეო ლატვიური მედიასაშუალების მიერ ქალაქ დაუგავპილსში მომზადებული სიუჟეტიდანაა ამოჭრილი. სიუჟეტში უკრაინის დროშით ხელში არა უკრაინელი მიგრანტი, არამედ ადგილობრივი ჟურნალისტი დგას. სიუჟეტის სრულ ვერსიაში ჩანს ისიც, რომ გამვლელების ნაწილი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ამასთანავე, ქალაქ დაუგავპილსის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად რუსებისგან შედგება.
ქაროსანის მიერ გავრცელებული ვიდეო, რეალურად, ლატვიური მედიასაშუალება TV3-ის 25 მარტის სიუჟეტიდან ამოჭრილ ფრაგმენტს წარმაოდგენს. მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ სიუჟეტში უკრაინის მხარდასაჭერი წარწერა “დიდება უკრაინას!” და უკრაინის დროშა ქალაქ დაუგავპილსის ქუჩებში ჟურნალისტს რობერტს ბლასს უჭირავს. შესაბამისად, ვიდეოში დროშით მდგარი ადამიანი არა უკრაინელი ლტოლვილი, არამედ ადგილობრივია. მან ამ შინაარსის სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად დროშის აღმართვის გამო ადგილობრივი მუსიკალური სკოლის დირექტორმა მოსახლეობის კრიტიკა დაიმსახურა.
ქაროსანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სიჟეტის მხოლოდ ის ნაწილებია მოჭრილი და გაერთიანებული, სადაც გამვლელები უკრაინის დროშას შეურაცხყოფენ, თუმცა რეალურად, სიუჟეტის სრულ ვერსიაში ჩანს, რომ უკრაინას ადამიანების ერთი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, 2021 წლის მონაცემებით, ქალაქ დაუგავპილსში მოსახლეობის უმრავლესობას (48%) ეთნიკურად რუსები შეადგენენ.
რობერტს ბლასის მასალაში ნათქვამია ისიც, რომ დაუგავპილსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ლატვიურ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ქალაქის საბჭომ უკრაინის დროშა არ აღმართა, რასაც ჟურნალისტი მოსახლეობის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას უკავშირებს.
რაც შეეხება ლატვიის მხრიდან უკრაინის დახმარებას, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 აპრილის მონაცემებით, ლატვიაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 18 000-ს შეადგენს, ხოლო 8 აპრილის მონაცემების მიხედვით, ლატვიურმა საზოგადოებამ უკრაინის დასახმარებლად 7.5 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.