4 აგვისტოს გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის “ოქროს კვეთა ”საგაზეთო ვერსია, რომელშიც ავტორი სხვადასხვა რუს პოლიტიკოსზე, მედიასა თუ მეცნიერზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აშშ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების ბიოლოგიურ მასალებს აგროვებს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დამუშავებულ მასალას ეთნიკური ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ამ ეროვნებების “სწრაფად და იაფად” დახოცვის მიზნით იყენებენ. იმავე შინაარსის ინფორმაცია 4 აგვისტოს კრემლისტური News Front-ის საიტზეც გამოჩნდა სათაურით “ამერიკული ბიოლოგიური პროგრამა ცალკეული ეთნოსების, მათ შორის კავკასიელების გენეტიკის გამოყენებით”. სტატიის ავტორი და ევრაზიული კავშირის დირექტორი გულბაათ რცხილაძე ვრცლად აღწერს აშშ-ის მიერ სხვადასხვა ერის, მათ შორის ჩინელების, წინააღმდეგ ეთნიკური ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გატარებულ ღონისძიებებს და რუსი გენერლის ცნობებზე დაყრდნობით ლუგარის ლაბორატორიას ამ პროცესის ნაწილად მოაიზრებს.
ვალერი ილინსკი, რუსი გენეტიკოსი: „რუსეთში ამ მიმართულებით ორი ცენტრი მუშაობს _ მოსკოვსა და პეტერბურგში. ისინი ბიომასალების შეგროვებით არიან დაკავებულნი, რომლებსაც შემდეგ აშშ-ში გზავნიან. იქ ატარებენ გამოკვლევებს, რომელთა მიზანია რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა გენეტიკური თავისებურებების შესწავლა. მათ შორის, იმის შესწავლაც, რომელი დაავადებები უფრო ვრცელდება მათში”.
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: „მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ ბიოლოგიურ მასალებს იმ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში ცხოვრობენ. აი, შეკითხვა _ რისთვის აკეთებენ ამას ასე მაღალპროფესიულად და მიზანმიმართულად?”
რუსეთის ტელევიზიის 1 არხი: “არ არის გამორიცხული, რომ ეს [სხვადასხვა ქვეყანაში ბიოლოგიური მასალების შეგროვება] ისეთი ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფებისთვის იქნება გამიზნული. შემოაგდებენ რომელიმე ვირუსს, რომლითაც, მაგალითად, რუსი ეროვნების ადამიანები დასნეულდებიან, დანარჩენი _ არა”.
გულბაათ რცხილაძე, 4 აგვსიტო: “..ამ მოწოდების საპირისპიროდ მოქმედებენ ამერიკელი სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიები, ანუ ე. წ. “ლუგარის ლაბორატორიის” ტიპის დაწესებულებები. ამერიკელები აქტიურად აგროვებენ სხვადასხვა ეთნოსების გენეტიკურ მასალას. ამის მცდელობა მათ რუსეთშიც ჰქონდათ…”
არ არსებობს არანაირი დასტური ეთნიკური იარაღის არსებობის ან შექმნის შესახებ, ვალერი კვარაცხელიასა და გულბაათ რცხილაძის მოსაზრებები კი ცნობილ კონსპირაციის თეორიას ეყრდნობა, მსგავსი ინფორმაცია პერიოდულად ჩნდება, როგორც უშუალოდ რუსულ, ისე პრორუსულ ქართულ გამოცემებში, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებიც იკავებს.
- ეთნიკური ნიშნით შექმნილი ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონსპირაციის თეორიის საფუძვლები
Კონსპირაციის თეორიები იმ ბიოლოგიური იარაღის შესახებ, რომელიც მიმართულია კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წინააღდეგ წლებია ვრცელდება. განსაკუთრებით ხშირად ეს ბრალდება რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან აშშ-ს მისამართით ისმის, 2007 წლის მაისში გაზეთ “კომერსანტში” გამოჩნდა ცნობა რომლის მიხედვითაც, რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა ადამიანის ბიომასალის ქვეყნიდან გატანა, ამის მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის დამზადებას აპირებდა.
კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ Ჯერ კიდევ 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე უცხოელების მიერ გროვდებოდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ბიოლოგიური მასალა, ეს ყველაფერი კი მაღალ დონეზე, თუმცა დაფარული მიზეზით კეთდებოდა, მეორე დღეს კი კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ეს ქმედება უცხოურ საელჩოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწერა. კონსპირაციის თეორიის გამყარებაში ჩაერთვნენ რუსეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც, ერთ-ერთმა მათგანმა, დუმას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, გენადი ონიშჩენკომ, ბიოლოგიური მასალა აშშ-ს სამხედრო პროგრამის ნაწილად მიიჩნია და ხაზი გაუსვა რუსეთის მეზობელ სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ს მიერ შექმნილ ლაბორატორიებსაც.
2017 წლის ოქტომბერში პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა Russia Today-ის ივლისში გაკეთებული “აღმოჩენა,” სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ამერიკის საჰაერო ძალები აგროვებდნენ RNA-ისა და შიდასახსროვანი სითხის ნიმუშებს რუსებისაგან, ამის მიზეზი კი უცნობი იყო. რეალურად კი ამერიკის საჰაერო ძალების სპიკერის, ბო დოვნეის, განმარტებით მიმდინარეობდა საყრდენმამოძრავებელი სისტების ორ ეტაპიანი კვლევა, პირველ შემთხვევაში საკვლევი მასალა ამერიკული ერთ-ერთი კომპანიისგან შეიძინეს. როგორც აღმოჩნდა, მასალა რუსეთში აღებულ ნიმუშებს შეიცავდა, კვლევის სიზუსტისთვის კი საჭირო იყო დანარჩენი მასალის იგივე ტერიტორიიდან აღება.
- არსებობს თუ არა ეთნიკური ნიშნების საფუძველზე შექმნილი ბიოლოგიური იარაღი დღეს?
კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის არსებობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება და ამ მიმართულებით რობერტ ჰაილაინის შემოქმედებაში ადგილიც დაიმკვირდა. ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ რომელიმე სახელმწიფო რაიმე სახით ფლობს ამგვარ იარაღს. ყველა სამეცნიერო სტატია და კვლევა, რომელიც ამ საკითხის გარშემო არსებობს, თეორიულია და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობითა და რეალობაში მისი არსებობის დაშვებით საუბრობს.
როგორც სხვადასხვა მეცნიერი განმარტავს, ეთნიკური ბიოირაღის შექმნა ტექნიკურადაც შეუძლებელია, თეორიულად ამისათვის საჭიროა იარაღის სამიზნე იყოს ადამიანთა ჯგუფი ისეთი საერთო გენეტიკური მახასიათებლებით, რომლებიც სხვა ადამიანებს არ ექნებათ. ამგვარი მასალის მოპოვება კი შეუძლებელი ხდება თუ ავიღებთ, მაგალითად, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიას, რადგან კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში შერეული გენეტიკური ისტორიის გამო სპეციფიკური მარკერები ფაქტობრივად აღარ არსებობს. პრაქტიკაში ასეთი იარაღის შექმნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მისი სამიზნე საუკუნეების განმავლობაში სრულ იზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯგუფი გახდება. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მსგავსი მიზნით შექმნილი ვირუსით დაიღუპოს სამიზნე ჯგუფის 20% მაშინ, როცა იგივე დაავადება პოტენციურად სხვა პოპულაციის 28%-ს იმსხვერპლებს.
- ლუგარის ლაბორატორია და ბრალდებები ბიოლოგიური იარაღის შესახებ
რუსეთის მხირდან ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ბრალდებები მრავალი წელია უსაფუძვლოდ ვრცელდება. განცხადებების პარალელურად კრემლი ლუგარის წინააღმდეგ ბრალდებების “დასასაბუთებლად” ფორმით განსხვავებულ, თუმცა შინაარსით იდენტურ არგუმენტებს იყენებდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბულგარელი ჟურალისტის დილიანა გაიტანჯიევას “გამოძიებაც,” სადაც ირწმუნებოდა, რომ აშშ-ს ორგანიზებით საქართველოში საიდუმლო სამხედრო პროგრამა და ადამიანის პათოგენებით უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობდა, რეალურად კი ავტორი ილუზიურ მტკიცებულებებს იყენებდა და ქვეყნებს შორის კვლევითი მასალების გაცვლა ნორმალური მოვლენაა.
რუსული და პრორუსული ქართული მედიასაშუალებები სიმულაციური მტკიცებულებებისა და Ad nauseam-ის ტექნიკის გამოყენებით, ანუ ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებით ცდილობენ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. რეალურად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისის განცხადებით, რომელიც ლუგარზე რუსეთის მთავრობის 26 მაისის ბრალდებებს შეეხებოდა, ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის შესაძლებლობა უარყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ცენტრი დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციების დაქვემდებარებაშია და ნებისმიერ კვლევას და საქმიანობას საქართველოს შესაბამისი უწყებები უწევენ კოორდინაციას. ცენტრის მთვარი მიზანი კი საზოგადოერივი ჯანმრთელობის დაცვა, ბიოლოგიური კატასრტოფის თავიდან აცილებაა, ცენტრის მთავარი პროფილი ინფექციური დაავადებების და ეპიდემიების აღმოჩენა, დიაგნოსტირება და პროფილაქტიკაა.
- ეთნიკური იარაღის ახალი სიცოცხლე ახალი ტიპის კორონა ვირუსის პერიოდში
რუსული წარმომავლობის კონსპირაციის თეორიების შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ აშშ ეთნიკურ იარაღს ჩინეთის წინააღმდეგაც ამზადებს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს, ამის კარგი ილუსტრაციაა რუსული მედიასაშუელებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემია გავრცელდებოდა, 29 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხზე “ზვეზდა” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “კორონავირუსი: ამერიკული ბიოლოგიური იარაღი რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ.” მასალაში საუბარი იყო ამერიკის მიერ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში დაარსებული ლაბორატორიების შესახებ და სწორედ მათ მიეწერებოდა ამგვარი ეთნიკური იარაღის შექმნა. რუსეთში კორონავირუსის შესახებ ამ თეორიას ტრადიციულად დაეთანხმნენ მაღალჩინოსნებიც, მაგალითაც, ვიქტორ ჟირინოვსკი და სამხედრო ექსპერტი ბარანეცი.
კორონავირუსის, როგორც ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ შემქნილ, ბიოლოგიურ იარაღად მოხსენიების მასშტაბებსა და ინფორმაციის გავრცელების ხარიათს რუსული პროპაგანდის ტრადიციულ მიდგომად მოიაზრებენ. Foreign policy-ის მიხედვით, დღეს ამერიკის დადანაშაულება კორონავირუსის შექმნაში ჰგავს “ოპერაცია ინფექციას,” რომელიც თავის დროზე სწორედ ასე პატარა თუ დიდი მედიასაშუალებებიდან დაიწყო და ბოლოს საზოგადოებრივ აზრად გადაიქცა. დეზინორმაციის ეს დაგეგმილი კამპანია გულისხმობდა აზრის დამკვიდრებას, თითქოს აივ ინფექცია/შიდსი აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფექციები იყო.
მარიამ დანგაძე,
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი