27 მაისს, ფეისბუკ-ანგარიშმა Дженни Крякалс-მა რუსულენოვანი აღწერით ფოტო გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი არიან გამოსახული. სურათზე დართულ წარწერაში ვკითხულობთ: „დამთხვევაა თუ სიმართლე, რომ ზელენსკი ჯორჯ სოროსის ძმისშვილია? აღებულია ინტერნეტიდან. გარეგნული მსგავსება გასაოცარია!“
მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯ სოროსის ძმისშვილია, სიმართლეს არ შეესაბამება. ვოლოდიმირ ზელენსკის ბიძა არცერთი მშობლის მხრიდან არ ჰყავს, ჯორჯ სოროსის ერთარდერთ ძმას – პოლ სოროსს კი ოთხი შვილი – პიტერი, სტივენ პოლი, ლინდა და ჯეფრი ჰყავს.
ჯორჯ სოროსს ერთადერთი დედმამიშვილი – მისი უფროსი ძმა პოლ სოროსია, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა. პოლ სოროსს 4 შვილი – პიტერი, სტივენ პოლი, ლინდა და ჯეფრი ჰყავს. პიტერი და ჯეფრი The Paul & Daisy Soros Fellowships for New Americans-ისთვის მუშაობენ, რომელიც აშშ-ში ახლად მიგრირებული პირებისა და მათი შვილებისთვის სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს. რაც შეეხება, ჯორჯ სოროსის დანარჩენ ორ ძმისშვილს- სტივენ პოლსა და ლინდას – ისინი ადრეულ ბავშვობაში ორ სხვადასხვა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ინტერნეტში არსებული ინფორმაციით, ბიძა არც დედის – რიმა ზელენსკასა და არც მამის – ოლექსანდრ ზელენსკის მხრიდან ჰყავს. ვაშინგტონ პოსტის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზელენსკის დიდი ბაბუა და ბაბუის სამი ძმა უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტების შეჭრის შედეგად დაიღუპნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის ბაბუა ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა. მას ერთი შვილი ჰყავს -ოლექსანდრ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის მამა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პირველი პირისა და ჯორჯ სოროსის არარსებული ნათესაური კავშირის შესახებ ყალბი ცნობები ვრცელდება. წარსულში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯ სოროსის ბიძაშვილია. აღნიშნული მტკიცება ფაქტების გადამოწმების რადენიმე პლატფორმამ – Reuters.com, Stopfake.org, Newschecker.in, Factcheck.org – გადაამოწმა და დადასტურდა, რომ ზელენსკის სოროსთან ნათესაური კავშირი არ აქვს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.