5 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Giorgi Monster Energy-სა და Coca Cola-სთან დაკავშირებით ფოტოები და ვიდეო გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, Coca-Cola-ს ლოგო, რეალურად, ბაფომეტის გამოსახულებაა, ხოლო Monster Energy-ს ლოგოზე სამი 6-იანი არის დატანილი. ვიდეოში ქალი ამტკიცებს, რომ ლოგოზე დატანილი “M” შეიძლება გამოჩნდეს, როგორც ებრაული ანბანის ასო “Vav”, რომელიც ციფრ 6-ს შეესაბამება, ლოგოზე მათი გადაბმის მიხედვით კი საბოლოოდ 666-ს ვიღებთ. ასევე, ვიდეოს მიხედვით, ლოგოზე წარწერაში “Monster” ასო O-ში ჩახატული სიმბოლო ჯვარცმას წააგავს. ავტორი ამტკიცებს, რომ როდესაც ქილა უჭირავთ თავდაყირა, ის ამობრუნებულია და შებრუნებული ჯვარცმა სატანიზმის სიმბოლოა.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ სასმელ Monster Energy-ზე მსგავს მტკიცებებს სხვადასხვა წელს ავრცელებდნენ რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლებიც (1;2;3).
მტკიცებები იმის შესახებ, რომ სასმელ Monster Energy-ს ან Coca-Cola-ს შეფუთვები სატანურ ნიშნებს შეიცავს, შეთქმულების თეორიაა და რაიმე ფაქტობრივ ინფორმაციას არ ეფუძნება.
Monster Energy-ს ლოგო
ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა, Youtube-ზე 2014 წელს არის ატვირთული და 14 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კომპანიის დაარსების შემდეგ, წლებია Monster Energy-ს ლოგოს შესახებ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი კონსპირაციის თეორიის გავრცელებას ცდილობს. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გახდა პოპულარული და მედიის ყურადღება მიიპყრო. Washington Post-თან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა, მაიკ სიტრიკმა განმარტა, რომ წლებია მათ და სხვა ბრენდების წინააღმდეგ არსებობს “ეშმაკის თეორიები”, რომლებიც, მისივე შეფასებით, აბსურდულია და მიზნად წარმატებული კომპანიის რეპუტაციისა და ბრენდის სახელის შელახვას ისახავს.
ვიდეოს შესახებ მასალა მოამზადა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა და გავრცელებულ მტკიცებას ყალბი უწოდა. Snopes-ის განმარტებით, ვიდეოს პოპულარობა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის ებრაული, შესაბამისად, ვერ მიხვდა, რომ მის მიერ ანბანთან დაკავშირებით მოყვანილი მაგალითები მცდარია. მათივე ცნობით, 666 ებრაულად დაიწერება არა როგორც სამი გადაბმული “Vav” სიმბოლო, არამედ “Tav Resh Samech Vav”.
გარდა ამისა, Snopes-ი წერს, რომ სახელ Monster-ში გამოყენებული “O”, რომელსაც ქალი ქრისტეს ჯვარცმას ადარებს, არის Phi, ძველი, ქრისტესშობამდელი ბერძნული სიმბოლო, რომელსაც არაფერი აკავშირებს ქრისტიანობასთან ან სატანურ სიმბოლოებთან.
ლოგოს შემქმნელებმა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანზიაცია PolitiFact-ს განუმარტეს, რომ Monster Energy-ზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი იყო, ბრენდს კონკურენცია გაეწია Red Bull-ისთვის, რომელიც ბაზარზე დომინირებდა. მათი თქმით, იმედოვნებდნენ, რომ დიზაინი შექმნიდა “ახალ აგრესიულ ბრენდს” და სიმბოლოები კავშირში არ იყო სატანურ ნიშნებთან.
Monster Energy-ს ლოგო 2002 წელს შეიქმნა კალიფორნიაში დაფუძნებული mcLean Design-ის დიზაინერების მიერ. ლოგო კომპანიის სახელის პირველი ასო M-ის გამომხატველია, თუმცა, გამოიყურება, როგორც ცხოველის კლანჭები ან მისგან დატოვებული კვალი, თითქოს მონსტრი ქილიდან გადმოსვლას ცდილობს. ლოგოს შინაარსი კავშირშია ენერგეტიკული სასმელის ბრენდის სახელთან. ნეონის მწვანე ლოგოს ძირითადი ფერია, კომპანია ბაზარზე თვალში საცემი შეფუთვითა და ლოგოთი იქცევს ყურადღებას, ამიტომ 2002 წლიდან, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ლოგო ჯერ კიდევ არ შეცვლილა.
შეთქმულების თეორიები Coca-Cola-ზე
შეთქმულების თეორიები Coca-Cola-ს ბრენდთან დაკავშრებით, ისევე, როგორც Monster Energy-ის შემთხვევაში, წლებია არსებობს. მტკიცება, თითქოს ბრენდის ლოგო გამოგონილ კერპ ბაფომეტთან არის დაკავშირებული, სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, Tik-Tok-ზე აქტიურად ვრცელდება. აღნიშნული კონსპირაციული თეორიის მიხედვით, Coca-Cola-ს შეფუთვის სარკისებული შემობრუნებისას გამოსახულება ბაფომეტს ჰგავს.
Coca-Cola-ს ლოგო 1886 წელს შეიქმნა და დღემდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგოსთან დაკავშირებით ხშირად წარმოშობილა თეორიები, თითქოს ის რაიმე გამოსახულებას ან მნიშვნელობას მალავს, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ლოგო ბრენდის სახელის გარდა რაიმე სახის დაფარულ გამოსახულებას გამიზნულად ატარებს.
“მითების დეტექტორს” Coca-Cola-ზე ყალბი მტკიცებები წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელი Giorgi Giorgi კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.
ელენე ძამაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.