არის თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ეფექტიანი ვიდრე ვაქცინები? რა გავიგეთ ისრაელის ახალი კვლევით

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

34
VIEWS

30 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ნუკრი ქოქაშვილმა ფეისბუქ ჯგუფში “☔??‍❤️‍?სიყვარულის თავშესაფარი☔?‍❤️‍??” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ZeroHedge-ის ვებ-გვერდის სტატიის ინგლისური და ქართულად თარგმნილი ვერსიაა მოყვანილი. სტატია ეხება ისრაელში ჩატარებულ ახალ კვლევას, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდ19-ის დელტა ვარიანტთან მიმართებით 13-ჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ვაქცინები. პოსტის ავტორი ZeroHedge-ის სტატიაზე დამატებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არც საყოველთაო ვაქცინაციაა სწორი და არც კოვიდგადატანილებს სჭირდებათ აცრა.

 

"
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინებზე 13-ჯერ უფრო ეფექტიანია, შეცდომაში შემყვანია. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩატარებულ კვლევას ჯერ რეცენზია არ გაუვლია, ამასთანავე ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშულებას, რომ საყოველთაო ვაქცინაცია არასწორია და კოვიდ-გადატანილებს აცრა არ სჭირდებათ, რადგან ამავე კვლევის ანალიზის მიხედვით, კოვიდგადატანილ, ერთჯერადად აცრილ პაციენტებს დაინფიცირების  2-ჯერ უფრო ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე არავაქცინირებულებს. გარდა ამისა, ვაქცინები ადამიანებს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან იცავს, ხოლო კოვიდ19-ით ინფიცირება სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.

25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, რომელმაც ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი ერთმანეთს შეადარა. კვლევამ დაახლოებით 32 000 ადამიანის მონაცემების ანალიზით, აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვინც იანვარსა და თებერვალში აიცრნენ, ივნისში, ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარში დაინფიცირების 13-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც იმავე პერიოდში კოვიდ19 უკვე გადაიტანა.

მეორე ანალიზით, სადაც 28 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეადარეს, ნახევარი შეადგენდა მათ, ვისაც ინფექცია უკვე გადატანილი ჰქონდა და ერთხელ იყო აცრილი, ხოლო მეორე ნახევარი არავაქცინირებული, კოვიდგადატანილი პაციენტები იყვნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებულებს 2-ჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ რეინფიცირების, ვიდრე იმ ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ვინც ფაიზერის ვაქცინით ერთხელ უკვე იყო აცრილი.

აღნიშნული კვლევით ირკვევა, რომ 1) ფაიზერის ვაქცინა დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავს და ბუნებრივი იმუნიტეტი დელტა ვარიანტთან მიმართებით უფრო ძლიერია; 2) ინფექციის გადატანის შედეგად შეძენილი ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით უფრო ძლიერდება და კოვიდგადატანილი, ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან რეინფიცირებისგან, ვიდრე არავაქცინირებულები.

კვლევა, რომელიც Maccabi Research & Innovation Center-მა ჩაატარა, შედეგებით განსხვავდება წინა კვლევებისგან, რომლებმაც აჩვენა, რომ იმუნიზაცია ინფექციისგან უკეთეს დაცვას გვთავაზობდა, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის კვლევები დელტა ვარიანტს არ ეხებოდა.

კვლევის არასწორი ინტერპრეტაცია და ანტივაქსერული ნარატივებისთვის გამოყენება

როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა ანტივაქსერებმა მცდარი ინტერპრეტაციით გააშუქეს, თითქოს ბუნებრივი იმუნიტეტი საკმარისია და რადგან ის უკეთ გვიცავს, ამიტომ მასობრივი ვაქცინაცია საჭირო არ არის.

გავრცელებულ პოსტებში არ იყო ნახსენები შემდეგი ინფორმაცია:

  • კვლევას ჯერ რეცენზია არ გაუვლია და პრაქტიკაში კვლევის შედეგებით ხელმძღვანელობა მიზანშეწონილი არ არის,
  • კვლევა ხაზს უსვამს ვაქცინაციის საჭიროებას და მონაცემების ანალიზით აჩვენებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების ბუნებრივ იმუნიტეტს ვაქცინის ერთი დოზა ამაღლებს და რეინფიცირებისგან უკეთ იცავს,
  • კვლევა მხოლოდ ფაიზერის ვაქცინას ეხება,
  • არ არის გათვალისწინებული ის  ფაქტი, რომ კოვიდ19-ზე ტესტირება ნებაყოფლობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც დაავადება უკვე გადაიტანეს, რეინფიცირების დროს მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ნაკლებად დაიტესტნენ, ვიდრე ვაქცინირებული ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელში მოსახლეობის 60% აიცრა, ქვეყანაში კოვიდ19-ის მძიმე შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დელტა ვარიანტი დაახლოებით ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა, რომელიც, თავის მხრივ, ორჯერ უფრო გადამდები იყო, ვიდრე SARS-CoV-2-ის ორიგინალი შტამი, ისრაელმა მოსახლეობის უკეთ დასაცავად დამატებით ე.წ. booster დოზები დაამტკიცა.

თუ ბუნებრივი იმუნიტეტის უპირატესობა დამტკიცდება, ეს მაინც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაცია საჭირო არ არის, რადგან იმუნიტეტამდე ადამიანის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა უწევს, რამაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები ან სიკვდილი გამოიწვიოს, ვაქცინაცია კი ინფექციის მძიმე მიმდინარეობის და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების საშუალებაა. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად, ვაქცინაციაზე უარის თქმით, ადამიანებმა სიცოცხლე შესაძლოა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენონ. მსოფლიო მასშტაბით 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა, ასევე გვაქვს ე.წ. გრძელვადიანი კოვიდ19-ის შემთხვევები, რომლებიც დაავადების გადატანის შემდგომ პაციენტებში გარკვეულ გართულებებს ტოვებენ.

ZeroHedge-ის შესახებ

ფეისქბუქ მომხმარებელი ნუკრი ქოქაშვილი ინფორმაციის გასავრცელებლად, ZeroHedge-ის სტატიას იყენებს, რომელიც ისრაელში ჩატარებულ კვლევას მანიპულაციურად აშუქებს: “ამან დაასრულა დებატები” – წერს გამოცემა სტატიის სათაურში.

Zero Hedge ინგლისურენოვანი გამოცემაა და ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. 2016 წლამდე ვებ-გვერდზე ყველა სტატია ანონიმურად ქვეყნდებოდა, ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის”-ის მთავარი პერსონაჟის, ტაილერ დურდენის სახელით. 2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დურდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი – ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ვებ-გვერდი ხშირად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და კონსპირაციის თეორიებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist