არიან თუ არა ქართველები “საცდელი ბოცვრები” ბრიტანული ვაქცინისთვის?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

shutterstock_1748014946 (1)
143
VIEWS

29 ივლისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?”.  სტატიაში ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დიდი ბრიტანეთისგან მაშინ, როცა ამ ვაქცინაზე უარს ამბობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად ესპანეთი და ამერიკა. სტატიის ავტორი საქართველოს მოქალაქეებს “საცდელ ბოცვრებს” უწოდებს და აცხადებს, რომ არასაკმარისად დატესტილი ვაქცინა მათ ხარჯზე გამოიცდება.

როგორც Crowdtangle-ის მონაცემებით ირკვევა, “საქართველოს და მსოფლიოს სტატია” გააზიარეს გვერდებმა “სტალინი” და “ევრაზია – საინფორმაციო სააგენტო”. ასევე გაზიარდა ფეისბუქ ჯგუფებში “STOP 5G GEORGIA” და “გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!”

"

Geworld-ის სტატია დეზინფორმაციულია და COVID-19-ის ვაქცინის მიმართ შიშის დათესვას ემსახურება. რეალურად, ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა მოხალისეობრივია და ტარდება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება, უშუალოდ დიდ ბრიტანეთში გამოცდილ ვაქცინას, მისი შედეგები ამ ეტაპზე დამაიმედებელია და კომპანიას ხელშეკრულება არაერთ ქვეყანასთან აქვს დადებული, რომელთა შორის აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოებიც არიან.

რომელი ქვეყნები მონაწილეობენ COVID-19-ის ვაქცინის ტესტირებაში?

დღესდღეობით, გლობალური პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნები ჩართული არიან ერთგვარ რბოლაში, რათა პირველებმა მიიღონ ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. არსებული მონაცემებით, ადრეული განვითარების სტადიაზეა 165-ზე მეტი ვაქცინა. მათგან მხოლოდ 27 გამოიცდება ადამიანებზე, მოხალისეობრივი პრინციპის საფუძველზე. ამასთანავე, არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რაც პირს ვაქცინის ტესტირებაში სავალდებულო მონაწილეობას განუსაზღვრავს. შექმნილია ასევე პლატფორმა 1daysooner.org, რომელიც ერთგვარი ჰაბია ვაქცინის გამომცდელებსა და მოხალისეებს შორის. პორტალზე ამჟამად 32 600-ზე მეტი მოხალისე 140 სახელმწიფოდან არის დარეგისტრირებული.

კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი წამლის პოვნისათვის ტესტირებაში აქტიურად არიან ჩართულნი განვითარებული ქვეყნები. მაგალითად, აშშ-ში, კერძოდ სიეტლში მარტიდან მოყოლებული ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ს მიერ ვაქცინის ტესტირება მოხალისეებზე მიმდინარეობს.  ასევე, გერმანიაში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer, გერმანული ფირმის, BioNTech-ისა და ჩინური Fosun Pharma-ს კოლაბორაციის საფუძველზე შექმნილი ვაქცინის ტესტირება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, ეს პროცესი გერმანიის გარდა მალევე აშშ-შიც გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის მიზნით ცდები ტარდება განვითარებულ ქვეყნებშიც და განვითარებადი სახელმწიფოების “საცდელ ბოცვრებად” მოხსენიება არასწორია.

რა ვიცით ვაქცინაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა?

Geworld-ის სტატიის ავტორი დიდი ბრიტანეთის მიერ შემუშავებულ ვაქცინას არასანდოდ მიიჩნევს და არგუმენტად მოჰყავს, რომ ამ ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს საქართველო იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად ამერიკა და ესპანეთი. აღნიშნული მტკიცება სინამდვილეს არ შეესაბამება და რეალურად ვაქცინა დიდი ბრიტანეთიდან ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ ვაქცინას წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის ბაზაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მისაღებად ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, რომელთაგან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და  ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს კოლაბორაციამ. ტესტირების შედეგებმა, რომელიც 1077 ადამიანზე იქნა ჩატარებული,  აჩვენა, რომ ვაქცინა იწვევს იმ ანტისხეულებისა და  T-უჯრედების წარმოშობას, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლისუნარიანია.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა საქართველომაც. როგორც ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა: “ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი”.

გამყრელიძის განცხადებით ნათელია, რომ საუბარია უკვე შემოწმებული ვაქცინის მიღებაზე და არსებული ფაქტები საქართველოს “საცდელ ბოცვრად” ყოფნაზე არ მიუთითებს.

რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა?

საცდელ სტადიაში მყოფი ვაქცინის საეჭვო ხარისხისა და მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების ხაზგასასმელად სტატიის ავტორი ამტკიცებს, თითქოს ვაქცინა არ იგზავნება ისეთ ქვეყნებში, სადაც პანდემია ჯერაც მძვინვარებს, მაგალითად აშშ-სა და ბრაზილიაში. სტატიის ეს ნაწილიც არსებითად აცდენილია რეალობას.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ცდები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არ ტარდებოდა, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების დონე იქ შემცირებულია, რაც რთულს გახდიდა ვაქცინის ეფექტურობის შეფასებას. ოფიციალური მონაცემებით, დაგეგმილია მასშტაბური კლინიკური ცდების ჩატარება აშშ-ში, სადაც ჩართული იქნება 30 000 მოხალისე. გარდა ამისა, აშშ-მა მოცემული პროექტი 1.2 მილიარდი დოლარით დააფინანსა. ხოლო ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში უკვე დაწყებულია ვაქცინის ტესტირება, ასევე ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 1600-მდე ადამიანზე მოხდება ვაქცინის გამოცდა ინდოეთშიც.

"

გარდა ამისა, AstraZeneca-მ უკვე რამდენიმე სახელმწიფოსთან დადო ხელშეკრულება COVID-19-ის 2 მილიარდამდე  საცდელი ვაქცინის დამზადების თაობაზე. ფარმაცევტული კომპანია იმედოვნებს, რომ მის მიერ დამზადებული ვაქცინა დადასტურდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. AstraZeneca-ს ხელშეკრულებები დადებული აქვს დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სა და ევროკავშირთან.

მიმდინარეობს თუ არა ვაქცინის ტესტირების პროცესი დადგენილი წესისამებრ?

Geworld-ის სტატიაში ავტორი მიუთითებს, რომ ვაქცინა ვერ იქნება საკმარისი სანდოობით დატესტილი, თუმცა იგი აქაც ცდება, ვინაიდან ტესტირება მიმდინარეობს ყველა ფაზისა და წესის დაცვით. ტესტირების პროცესში ვაქცინამ გაიარა სხვადასხვა ფაზები, რომლის დროსაც მან საიმედო შედეგები აჩვენა.

წინარეკლინიკურ ეტაპზე იგი გამოიცადა მაკაკაზე, ხოლო შემდგომ დაიწყო პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც საცდელი ვაქცინა გამოყენებულ იქნა 1077 მოხალისეზე. მეორე ფაზა მოიცავდა ვაქცინის გამოცდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, კერძოდ, ბავშვებზე 5-დან 12 წლამდე, ასევე ზრდასრულებზე 56-69 წლამდე და 70 წლის ზემოთ. რაც შეეხება მესამე ფაზას, ამ ფაზაში უკვე ხდება საცდელი ვაქცინის გამოცდა 18 წელს ზემოთ მოხალისეთა განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე. ამდენად, ვაქცინა, რომელიც დამზადების პროცესშია, გადის შესაბამის ტესტირებას და ავტორის მითითება, თითქოს მისი გამოცდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე არ ხდება, საფუძველს მოკლებულია და დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ის ვაქცინაზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება და ვაქცინაციის წინააღმდეგაა მიმართული. ყალბი ცნობები, თითქოს ვაქცინას ე.წ. მესამე კატეგორიის ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე ცდიან, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. იხილეთ ვრცლად, ვაქცინებზე გავრცელებული მითების შესახებ:


მოამზადა მარიამ ნებიერიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist