18 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა სულიერი სამყარო 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ვიდეო “პროგნოზირებად პროგრამირებას” ასახავს, “ოლიმპიადა თავისუფალი მასონების პროდუქტია” და ვიდეოში გრაფენის ოქსიდიც გვხვდება. კადრებში რამდენიმე სიმბოლო კორონავირუსს, ვაქცინაციასა და გრაფენის ოქსიდსაა შედარებული.
მტკიცება იმის შესახებ, რომ 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის გახსნაზე კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაცია იწინასწარმეტყველეს, შეთქმულების თეორიაა. რეალურად, ვიდეოში ასახული კადრები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შესრულებული ერთ-ერთი წარმოდგენის ნაწყვეტია, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში არგონავტების მოგზაურობასა და მათ მიერ გადალახულ დაბრკოლებებს ასახავს.
1992 წლის ოლიმპიური თამაშები 25 ივლისს ბარსელონის ოლიმპიურ სტადიონზე გაიხსნა. გახსნის ცერემონია 3 საათს გაგრძელდა და მასში ისეთი ხელოვანები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან მონსერატ კაბალიე, ხოსე კარერასი და ფრედი მერკური.
გახსნის ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი კატალონიური La Fura dels Baus თეატრის წარმოდგენას “ხმელთაშუა ზღვას” დაეთმო. “სულიერი სამყაროს” მიერ გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ამ წარმოდგენის ნაწყვეტია გამოყენებული. წარმოდგენა 5 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გაგრძელდა. დადგმა ხმელთაშუა ზღვაში არგონავტების მოგზაურობას ასახავდა. კლასიკური მითოლოგიის მიხედვით, არგონავტებს ხმელთაშუა ზღვაში სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, მათ შორის შიმშილის, დაავადებებისა და ზღვის ორ ურჩხულთან სკილასა და ქარიბდასთან შებრძოლება. წარმოდგენაში სწორედ ეს მოვლენებია გაცოცხლებული. თავდაპირველად სტადიონზე ასეულობით ადამიანის მიერ შექმნილ “ზღვაში” გემი მშვიდად მიცურავს, თუმცა მალევე სხვადასხვა უბედურება ატყდება თავს.
ფოტო: LA FURA DELS BAUS
გრაფენის ოქსიდი თუ სკილა და ქარიბდა?
გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ კადრში წარმოდგენის განმავლობაში ჰაერში სწრაფად აღმართული შავი რეკვიზიტი გრაფენის ოქსიდთანაა გაიგივებული, თუმცა რეალურად ის ზღვის მითოლოგიურ ურჩხულებს განასახიერებს, რომლებასც არგონავტებმა სხვა დაბრკოლებების მსგავსად თავი დააღწიეს.
კოვიდ-19 და ვაქცინაცია თუ ქაოსის ეფექტის შექმნა?
La Fura dels Baus-ის წარმოდგენის აღწერის ნაწილში ვკითხულობთ, რომ არგონავტების გემის გარშემო სხვადასხვა დაბრკოლების ერთდროულად გამოჩენით ავტორებს ქაოსის ეფექტის შექმნა სურდათ, რადგან გემი ამ შემთხვევაში იმ ცივილიზაციას განასახიერებს, რომელმაც ქაოსზე გაიმარჯვა. შესაბამისად, 1992 წლის ოლიმპიადის გახსნაზე ვირუსების მსგავსი ფორმები არა კორონავირუსის პანდემიისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინასწარმეტყველების ნიშნად, არამედ ქაოსისა და დაავადებების საილუსტრაციოდ გამოიყენეს.
წარმოდგენის ფინალურ ნაწილში არგონავტები დაბრკოლებებს უმკლავდებიან, ანუ ცივილიზაცია ქაოსზე იმარჯვებს. კლასიკური მითოლოგიის მიხედვით, ჰერაკლეს სვეტები უცნობი სამყაროს კარიბჭე იყო, წარმოდგენის ავტორების განმარტებით, გამარჯვების შემდეგ არგონავტებისთვის კარიბჭე იხსნება და ზღვაც იმ მიმართულებით იწყებს დინებას, რაც ახალი სამყაროსა და კულტურების გაცნობისა და ხალხთა მეგობრობის პირდაპირი მეტაფორაა.
La Fura dels Baus თეატრის ამ წარმოდგენას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. 1979 წელს დაფუძნებული თეატრი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, რის შემდეგაც მათ შემოთავაზებები მიიღეს ისეთი საერთაშორისო კომპანიებისგან, როგორებიცაა პეპსი, მაიკროსოფტი და ფოლკსვაგენი.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიების შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?
გრაფენის ოქსიდის, პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- შეიცავს თუ არა პირბადეები გრაფენის ოქსიდს?
- ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებში ტოქსიკური ინგრედიენტები არ გვხვდება
- რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?
- რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ლედი გაგას სუნამოსთან, კარდაშიანის კოსტიუმთან და გრეტა თუნბერგთან?
- რას ედავებიან “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ბილი აილიშს?