არჩილ მარშანიას 7 პასუხი ანტივაქსერებს და სკეპტიკოსებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

36
VIEWS

სოციალურ ქსელში ანტივაქსერები და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განყწყობილი ადამიანები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ვაქცინები ადამიანებს ვირუსის გადადებისგან არ იცავს, აცრილები დ აუცრელები ერთნაირად არიან გადამდები და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ისრაელში, შეზღუდვები ხელახლა დაწესდა. გარდა ამისა ანტივაქსერები სვამენ კითხვას – რატომ მოუწოდებენ აცრილები სხვებსაც ვაქცინაციისაკენ, თუ სჯერათ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავად უკვე დაცულები არიან?

  1. როგორ შეუწყობს ხელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პანდემიის დასრულებას?
  2. არიან თუ არა აცრილი და აუცრელი ადამიანები ერთნაირად გადამდები?
  3. რას გვიჩვენებს რეალურად ისრაელის მაგალითი?
  4. რატომ უქმნიან არავაქცინირებულები საფრთხეს მათ, ვინც უკვე აიცრა?
  5. რატომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა?
  6. უწყობს თუ არა ვაქცინაციის ნელი ტემპი ახალი შტამების წარმოშობას?
  7. აცრის რა მაჩვენებელია საჭირო ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად?

“მითების დეტექტორმა” ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას იმ 7 კითხვით მიმართა, რომელიც სოციალურ ქსელებსა თუ სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე ვაქცინებთან მიმართებით გამოითქმის.

1, სოციალურ ქსელებში ხშირად გამოითქმის ეჭვები, რომ თუ ვაქცინა ვირუსის გადადებისგან არ გვიცავს, როგორ დაასრულებს ის პანდემიას?

არჩილ მარშანია: ჩვეულებრივი, ცნობილი მანიპულაციაა, როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინა ახალი შტამის მიმართ იგივე ეფექტიანობით არ გამოირჩევა. სტატიების სათაურებით გამოაქვთ დასკვნა, მაგრამ მეცნიერებას და ამ შემთხვევაში მედიცინას უყვარს დეტალებში ჩაძვრომა, დეტალების გარკვევა. რას ვგულისხმობ ამით? მაგალითად, გამოვიტანოთ სათაური “ვაქცინა დელტა შტამის მიმართ იგივე ეფექტიანობით არ გამოირჩევა, როგორც წინა შტამების მიმართ“, მეტ ინფორმაციას არ გაწვდიან. მეორე – „ისრაელში ინფიცირება გრძელდება და ქვეყანა ახალ შეზღუდვებზე ფიქრობს“ – ასეთი ტიპის სათაურების კითხვისას, წარმოდგენა გვექმნება, თითქოს ვაქცინა არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის.

პირველი ნარატივი განვიხილოთ: „ვაქცინას სხვა შტამებზე იგივე ეფექტი არ აქვს“. დიახ, ეს ასეა, სამწუხაროდ, თუმცაღა ვაქცინის რამოდენიმე ეფექტი შეგვიძლია გამოვყოთ. ესენია:

  • ეფექტი ჰოსპიტალიზაციაზე და მძიმე გართულებებზე
  • ეფექტი სიმპტომურ კოვიდზე
  • ეფექტი ინფიცირების გავრცელებაზე.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ახლანდელი ვაქცინები დელტა შტამის მიმართ, ინფიცირების თვალსაზრისით, ისეთივე ეფექტიანი არ არის, ის ადამიანს ინფიცირებისგან 39%-ით იცავს. ეს მართლა ასეა. სიმპტომურ კოვიდს იცავს 40%-ით, თუმცაღა დანარჩენს არ კითხულობენ, აი იმას, რომ ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე გართულებებისგან კვლავ 90%-ით გვიცავს. ეს არის აქ მთავარი.

კი ბატონო, ეს დელტა შტამი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, სიმპტომური კოვიდი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მთავარს მალავენ – ვაქცინა მძიმე გართულებებისგან ადამიანს მაღალი პროცენტული მაჩვენებელით იცავს და ეს არის მთავარი და ამოსავალი წერტილი.

2. არიან თუ არა აცრილი და აუცრელი ადამიანები ერთნაირად გადამდები?

არჩილ მარშანია: ესეც დელტა შტამზე არის დამოკიდებული, და ამასთანავე მანიპულაციური ხასიათის ნარატივია. კი, ესეც სიმართლეა, ოღონდ ნაწილობრივ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის სტატიას იშველიებენ ხოლმე არგუმენტისთვის, რომ თუ აცრილ ადამიანს დაემართა სიმპტომური კოვიდი (ვაქცინა 40%-ით იცავს), ის ისევე გადასცემს ვირუსს, თუმცა იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ აცრილი ადამიანი უფრო ნაკლებად ინფიცირდება, ვიდრე აუცრელი, ეს ფაქტია. აცრილებში უფრო მსუბუქად მიდის დაავადება ვიდრე აუცრელებში, ესეც ფაქტია. და რაოდენობა, ხანგრძლივობა ავადობის უფრო ნაკლებაა ვაქცინირებულებში, ვიდრე აუცრელებში. შესაბამისად, თუ კი ასე შევადარებთ ერთმანეთს, აცრილი ადამიანი სიმპტომური კოვიდის ქონის დროს, იმ კონკრეტულ მომენტში, ისევე ავრცელებს კოვიდს, როგორც აუცრელი, მაგრამ საერთო ჯამში, აცრილი უფრო ნაკლებად ავრცელებს ვირუსს, რადგან კოვიდი უფრო ნაკლებად ემართება და კოვიდის ქონის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია. აი, ეს საერთო სურათი უნდა დავინახოთ.

აცრილი ავრცელებს ვირუსს, მაგრამ აუცრელთან შედარებით ნაკლებად, რადგან ავადობის ხანგრძლივობა არის ნაკლები, უფრო ნაკლებად შეიძლება შეხვდეს ვირუსი 40%-იანი დაცულობის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამ მომენტში ისაა, რომ აცრილი ადამიანი მეტად არის დაცული ჰოსპიტალიზაციისგან. ჰოსპიტალიზაცია კი ვნებს ყველას, შესაბამისად ვაქცინა მარტო ინდივიდუალური თავდაცვა არ არის, ეს არის სამოქალაქო პასუხხისმგებლობა. ეს არის გარანტია იმის, რომ მე არ ვიქნები ჰოსპიტალიზირებული, არ გადავტვირთავ საავადმყოფოებს და თქვენ, როცა სხვა ტიპის ჰოსპიტალური დახმარება დაგჭირდებათ, ეს არ შეგიქმნით პრობლემას. ამიტომაც არის ვაქცინაცია სხვაზე ზრუნვაც და არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა.

3. რატომ გამოცხადდა ისრაელში ახალი შეზღუდვები ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად?

არჩილ მარშანია: ინფიცირების გავრცელებას რაც შეეხება და ახალი შეზღუდვების შემოღებას, ესეც მართალია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ინფიცირება კვლავ გრძელდება ქვეყნის/საზღვრების გახსნის ხარჯზე. დამატებით შეზღუდვებზე როცა მიდის საუბარი, აქ იგულისხმება ვაქცინაციის სერთიფიკატი დახურულ სივრცეებში შესასვლელად, ასევე 100 ადამიანის თავშეყრის უფლების შეზღუდვა. შეზღუდვაში ასევე იგულისხმება რისკის ქვეყნებიდან შესული ადამიანების საკარანტინო ზონაში გადაყვანა და ა.შ. მსგავს შეზღუდვებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ისრაელი ძირეულ ლოქდაუნზე გადადის, რადგან ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინა მუშაობს და ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე გართულებებისგან ადამიანს 90%-ით იცავს. შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზანია ინფიცირების შეჩერება და ამაში საპანიკო არაფერი არ არის.

მაგალითად, ახლა, რომ გავრცელდა ახალი ინფორმაცია ერთ-ერთი მედიკამენტის გამოცდაზე, რომელმაც კლინიკური კვლევის მეორე ფაზა გაიარა და წარმატებული შედეგები აჩვენა. ისრაელი აკეთებს ამ კვლევას საბერძნეთში, იმ უბრალო მიზეზით, რომ იმ რაოდენობის მძიმე პაციენტი არ ჰყავს, რომ ეს კვლევა თავის ქვეყანაში ჩაატაროს.

4. რატომ უქმნიან არავაქცინირებულები საფრთხეს მათ, ვინც უკვე აიცრა? რატომ სთხოვენ აცრილები აცრას სხვებსაც?

არჩილ მარშანია: თუ ადამიანი არ აიცრება, მაშინ აცრილთან შედარებით მას 90%-ით უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გახდეს ცუდად და მოხვდეს საავადმყოფოში. თუ საავადმყოფო გადაიტვირთება, სამწუხაროდ, აუცრელი ადამიანებისთვის არ დარჩება ადგილები. საავადმყოფოში არ რჩება ადგილი არავისთვის. ჩემს შვილს რომ რაღაც, სხვა პრობლემა დაემართოს, სხვა პრობლემითაც ხომ დადიან ადამიანები საავადმყოფოში? მას ვერ მიიღებს საავადმყოფო, რადგან ის გადატვირთულია. აი, ეს არის პრობლემა, რასაც აუცრელობა ქმნის და ეს არის პრობლემა, რასაც ქმნის გადავსებული საავადმყოფოები. შესაბამისად, თუ არ ავიცრებით, და თუ მოვხვდებით საავადმყოფოებში და შევავსებთ საავადმყოფოებს, ეს მთლიანი საზოგადოების პრობლემა ხდება, მათ შორის აცრილებისაც, რადგან 90% ნიშნავს, რომ ვაქცინირებულიც შეიძლება გახდეს ცუდად ან შეიძლება უბრალოდ სხვა პრობლემით მივიდეს საავადმყოფოში. აი, ეს არის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ვაქცინაზე, ვაქცინირებულებზე და არავაქცინირებულებზე. ზოგადად, ვაქცინაციის პროცესი არის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც, და პირველ რიგში, რა თქმა უნდა,  საკუთარი თავის მოფრთხილებაც. შესაბამისად, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, და ის, რომ მე ავიცერი და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ ხდება, რადგან საზოგადოება ვართ და საზოგადოებაში შედის აუცრელიც და აცრილიც.

ანტივაქსერები საფრთხეს წარმოადგენენ ვაქცინირებულებისთვის და ზოგადად მთლიანი საზოგადოებისთვის, როგორც თავისი იდეოლოგიით, ასევე საკუთარი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისითაც. ელემენტარულად იმიტომ, რომ ვაქცინა ჯადოსნური ჯოხი არ არის. როდესაც ვამბობთ, რომ ვაქცინა გვიცავს მძიმე გართულებებისგან, დაახლოებით 90%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ 90% არ არის 100 %. ვაქცინა არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ვიღაცას შეიძლება დავადოთ თავზე და მასზე რაღაცა  მადლი გადავიდეს და ის ცალკე საზოგადოების წევრი გახდეს. არა, ჩვენ ყველანი ვართ საზოგადოების წევრები, ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

5. რატომ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას?

არჩილ მარშანია: პირველ რიგში, ვთქვათ, რა არის კოვიდ-პანდემიის ძირითადი პრობლემა?! ძირითადი პრობლემა არის საავადმყოფოების გადატვირთვა, რადგან ბევრი ადამიანი ხდება მძიმედ, მერე მიდის საავადმყოფოში და საავადმყოფოები იტვირთება.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, სიკვდილიანობა და ინფექციის გავრცელება იზრდება. შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი – პირველ რიგში, ეს ეხება რისკ ჯგუფებს – მით უფრო ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება და შესაბამისად, ნაკლებად გადაიტვირთება ჰოსპიტალები.

პანდემიის ძირითად პრობლემას ამით შევამსუბუქებთ და ამისთვის არის საჭირო, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა. კიდევ ეთხელ ვიმეორებ – ჯერ უნდა მოხდეს რისკ-ჯგუფების აცრა და შემდეგ, რა თქმა უნდა, დანარჩენი.

6. შესაძლოა თუ არა ვაქცინაციის ნელმა ტემპმა ხელი შეუწყოს ახალი, უფრო საშიში შტამების წარმოშობას?

არჩილ მარშანია: ვირუსის მუტაცია არის მოცემულობა, ისევე როგორც პანდემია. ვირუსი აუცილებლად განიცდის მუტაციას, რომლის შეჩერებაზე არ არის საუბარი, შენელებაზეა საუბარი. ამიტომაც არის, რომ სამეცნიერო კონსენსუსი არსებობს ამ თემაზე – ვაქცინაციასთან ერთად – ვაქცინაცია კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხალხი სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა აიცრას, რათა მუტაცია ნაკლებად განვითარდეს. თუმცაღა ესეც არ არის 100%-იანი პრევენცია და ვირუსმა მუტაცია შესაძლოა, კვლავ განიცადოს და როგორც ვხედავთ ის, სამწუხაროდ, მუტირებს. საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ შევცვლით, თუმცა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის – დღეს და ახლა ადამიანები რომ კვდებიან, ეს სიკვდილიანობა და საავადმყოფოების გადატვირთვა უნდა შევამციროთ ვაქცინაციის სწრაფი ტემპით. სხვა გამოსავალი, ჯერჯერობით არ არის. რაღაც მედიკამენტს თუ აღმოვაჩენთ და რამე ახალს მოიფიქრებენ, ეს სხვა საკითხია. მაშინ, ასე ვთქვათ, ამ ორომტრიალში ჩაერთვება მედიკამენტი, თუმცაღა ის უნდა ვთქვათ, რომ ახალი შტამების გაჩენას მედიკამენტი ვერ შეაჩერებს, ის მხოლოდ ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს.

7. აცრის რა მაჩვენებელი საჭირო ქვეყანაში ვირუსის დასამარცხებლად?

არჩილ მარშანია: თავიდან ფიქრობდნენ, რომ მოსახლების 50%-ის იმუნურობა ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად საკმარისი გახდებოდა. რაღაც თეორიები იყო, რომელთა მიხედვითაც 20%-იც საკმარისი იყო, შემდეგ 60% და ასე შემდეგ… მთავარია, განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ ვირუსის დამარცხებაში?! ამ ეტაპზე, რადგან ძალიან რთულად არის სიტუაცია, ვირუსის დამარცხება იქნება ის, რომ საავადმყოფოები განვტვირთოთ და ბევრი ადამიანი არ მოკვდეს. ამიტომაც, როგორც მინიმუმ, ვაქცინაციის 60%-ს უნდა მივაღწით, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა შვება იგრძნოს და ამისთვის მძიმე შეზღუდვების შემოღება აღარ დაგვჭირდეს, რაც, თავისთავად, ძალიან რთულია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ეკონომიკის პირობებში. ღარიბი ქვეყანა ვართ, რა თქმა უნდა, ღარიბი მოსახლეობით, და ეს შეზღუდვები ჩვენზე ორმაგად ცუდად აისახება.

კონკრეტული რიცხვი, რომ აი, ამ პროცენტზე უნდა მივიდე და მერე ყველაფერი დამთავრდება, ასეთი არ არსებობს. ვაქცინაციის მაღალი რიცხვი არის საჭირო ნაკლები ჰოსპიტალიზაციისთვის და საავადმყოფოების განტვირთვისთვის. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. თუ მივაღწევთ 60 ან 70%-ს, ისევე, როგორც ისრაელი, გაცილებით დიდ შვებას ვიგრძნობთ და ეკონომიკის უფრო მეტად გახსნა შეგვეძლება და უფრო ნაკლები ადამიანი მოხვდება საავადმყოფოში და უფრო ნაკლები ადამიანი გარდაიცვლება. ეს იქნება ამ ეტაპზე ვირუსის დამარცხების სტრატეგია, თუმცაღა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება. სამწუხაროდ, ეს ვირუსი არსად წავა, უბრალოდ, ჩვენ უნდა ავირიდოთ ჰოსპიტალიზაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist