10 ივლისს საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეების გამარჯვება პალესტინის დროშებით აღინიშნა. ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, დემონსტრაციას ასახავს, თითქმის არ ჩანს საფრანგეთის დროშები.
იდენტური ვიდეო 8 და 10 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუკ გვერდმა და ანგარიშმა გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ნათქვამია, რომ ფრანგები დემონსტრაციის დროს პალესტინის დროშებს აფრიალებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის ავტორებს მემარცხენეების გამარჯვება ნახსენები არ აქვთ, ვიდეოების გამოქვეყნების თარიღიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებულ დემონსტრაციას გულისხმობენ.
ვიდეო, რომელიც თითქოს საფრანგეთის საკანონმდებლო არჩევნებში მემარცხენეების გამარჯვების აღსანიშნავად ორგანიზებულ მიტინგს ასახავს, მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ვიდეო 2024 წლის ივნისში ლიონში, პალესტინის მხარდასაჭერად ორგანიზებულ აქციაზე არის გადაღებული და ბოლო არჩევნების შემდეგ გამართულ დემონსტრაციას არ უკავშირდება.
7 ივლისს საფრანგეთის საკანონმდებლო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, სადაც მემარცხენეთა მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე საფრანგეთის ეროვნულ სამფეროვან დროშას აფრიალებდნენ.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებსა (1,2) და სხვა პლატფორმებზე ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ათეულობით პალესტინის დროშაა ნაჩვენები. ვიდეოს აღწერის თანახმად, მემარცხენეები არჩევნებში გამარჯვებას პალესტინის დროშებით აღნიშნავდნენ. იდენტური ინფორმაცია France 24-ის ცნობით, Sky News-ის ავსტრალიურმა გამოცემამაც გაავრცელა.
რეალურად, ვიდეო, რომელშიც დემონსტრაციაზე ათობით პალესტინის დროშას ვხედავთ, 2024 წლის 1 ივნისს ლიონში, პალესტინის მხარდასაჭერად ორგანიზებულ აქციაზე, ერთი თვით ადრე არის გადაღებული და საკანონმდებლო არჩევნებში მემარცხენეების გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ დემონსტრაციას არ უკავშირდება. პირველ ივნისს ლიონში პროფკავშირების ორგანიზებით დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა, რათა პალესტინელი ხალხისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ. გამოცემამ le progres ამ დემონსტრაციის ამსახველი არაერთი ფოტო გაავრცელა.
ვიდეოში წარმოდგენილი ერთ-ერთი ბანერის ხილვა, რომელზედაც წარწერა “Free Palestine” გვხვდება, ამ გამოცემის მიერ გავრცელებულ ფოტოებზეც არის შესაძლებელი.


წყაროების შესახებ
Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებები არაერთხელ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.