აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა 5 დეკემბერს პირად ფეისბუქ ანგარიშზე კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, საუკეთესო ვაქცინა არა ამერიკული “Pfizer”, არამედ ჩინურია და საქართველომ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩინეთთან უნდა დაიწყოს. ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, საქართველო მიბმულია პლატფორმას (იგულისხმება COVAX-ის) და უფლება არ აქვს, ვაქცინა სხვა მწარმოებლებთან, COVAX-ისგან დამოუკიდებლად შეიძინოს.

;

ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს საქართველოს COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობა ვაქცინის სხვა მწარმოებლებისგან შეძენის უფლებას არ აძლევს, დეზინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო საელჩოების მეშვეობით ვაქცინის  სხვადასხვა მწარმოებლებთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობს. რაც შეეხება ჩინური კომპანიების ვაქცინებს, მათ დასკვნითი ფაზის კვლევის შედეგები, ამერიკული Pfizer-სგან განსხვავებით ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ.

30 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას სავარაუდოდ 2021 წლის მარტში ან აპრილში მიიღებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც COVAX პლატფორმასთან, ისე უშუალოდ ვაქცინების მწარმოებლებთან. გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების პირობების მიხედვით საქართველოს სასურველი მწარმოებლის არჩევა შეეძლება.

ამირან გამყრელიძე: “რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის კოვაქს-პლატფორმა, თანაც – არაერთი ვაქცინის. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ – რამდენიმე ვაქცინა. ჩვენ გადავიხადეთ წინასწარი შენატანი – 4.5 მილიონი ლარი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა… ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ მწარმოებლებთან…”

COVAX პლატფორმის შესახებ

31 აგვისტოს საქართველო გაეროს მიერ შექმნილ ფონდში COVAX Facility ოფიციალურად ჩაერთო. ფონდი გაერომ 2020 წლის 24 აპრილს დააფუძნა, რათა ხელი შეუწყოს კორონავირუსის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების, ასევე ვაქცინის შემუშავებას, წარმოებას და სამართლიან გადანაწილებას ქვეყნებს შორის. ფონდი მასში გაერთიანებულ ქვეყნებს ვაქცინების დამოუკიდებლად შეძენას არ უკრძალავს, სურვილის შემთხვევაში სახელმწიფოების მოლაპარაკებების წარმოება პლატფორმისთვის გვერდის ავლითაც შეუძლიათ.

COVAX-ის ფონდი კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე იმედისმომცემი კანდიდატების 9 მწარმოებელთან თანამშრომლობს და ვაქცინების საბოლოოდ რეგისტრირების შემდეგ შეკვეთილ დოზებს სხვადასხვა მწარმოებლებისგან შეიძენს. აღსანიშნავია, რომ 9 კანდიდატს შორის, გარდა ბრიტანული, ამერიკული და გერმანული ვაქცინებისა, ჩინური წარმოების ვაქცინების კანდიდატებიც – Clover-ისა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ვაქცინებიც განიხილება,რომლებივ ამჟამად კვლევის კლინიკური ფაზაში არიან.

COVAX ფონდთან საქართველოს ურთიერთობის და ვაქცინების შესყიდვის პირობების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში:

Pfizer-ისა და ჩინური ვაქცინების შესახებ 

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-მა გერმანულ BioNTech-თან ერთად თავისი ვაქცინის კვლევის დასკვნითი ფაზის შედეგები 18 ნოემბერს გამოაქვეყნდა. შედეგების მიხედვით, ვაქცინამ 44 000-მდე მოხალისეზე გამოცდისას 95%-იანი ეფექტიანობა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე გამოავლინა. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა და კომპანიას ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეუკვეთა.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ჩინეთში ვაქცინის შექმნაზე 4 მთავარი მწარმოებელი მუშაობს: CanSino, ვუჰანის კვლევითი ცენტრი, Sinovac და ZFLongkema, რომელთაგანაც სამი ვაქცინა კვლევების მესამე ფაზას გადის. ჩინური ვაქცინების მასობრივი წარმოება და ექსპორტზე გატანა 2021 წლიდან იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით არცერთ ჩინურ ვაქცინაზე კვლევის მესამე ფაზა დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ ზაფხულში სამი ჩინური ვაქცინა შეზღუდული გამოყენებისათვის დამტკიცდა. ვაქცინის ან მედიკამენტის შეზღუდული გამოყენებისთვის დამტკიცება საგანგებო საჭიროებების არსებობის შემთხვევაში ხდება, როცა მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმება საბოლოოდ დასრულებული არ არის. პირველად ჩინეთმა მხოლოდ სამხედროებისა და ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციისთვის CanSino-ს კანდიდატი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ივლისში კვლევის მეორე ფაზის შედეგები  გამოქვეყნდა და მათ ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. თუმცა CanSino-ს ვაქცინის კვლევის მე-3 ფაზა ჯერ კიდევ გრძელდება და ფაზის მიმდინარეობის ბოლო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. შეზღუდული გამოყენებისთვის 14 სექტემბერს ვუჰანის კვლევითი ცენტრის შემუშავებული ვაქცინაც დამტკიცდა, რომელსაც ჩინური სახელმწიფო კომპანია Sinopharm აწარმოებს და ამჟამად კვლევის მესამე ფაზაში იმყოფება. ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ჩინური ვაქცინა Sinovac ასევე კვლევის მესამე ფაზაშია, იგი ჩინეთში შეზღუდული გამოყენებისთვის ივლისში, კვლევის მეორე ფაზის დასასრულს, 743 მოხალისეზე გამოცდის შემდეგ დაამტკიცეს. ვაქცინის მესამე ფაზის კვლევები ბრაზილიაში მიმდინარეობდა, სადაც კვლევები ერთ-ერთ მოხალისეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების გამო დროებით შეჩერდა, თუმცა რამდენიმე დღეში განახლდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, ჩინეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist