აპროტესტებენ თუ არა ვაქცინაციას და შეზღუდვებს საბერძნეთში, ისრაელსა და ავსტრალიაში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

47
VIEWS

2021 წლის 17 და 22 თებერვალს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორენა შანიძემ ვაქცინაციისა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების შესახებ ფეისბუქში პოსტები გამოაქვეყნა. პირველ პოსტში ნათქვამია, რომ 14-15 თებერვალს საბერძნეთსა და ისრაელში ვაქცინაციის საწინააღმდეგო გამოსვლები, ლოზუნგით – “ჩემი სხეული ჩემი უფლებაა!” გაიმართა. ავტორის მტკიცებით, ამგვარი პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი ვაქცინაციას მასობრივად ეწინააღმდეგება. პოსტს ორი ვიდეოც ერთვის, რომლებიც შანიძის თქმით, საბერძნეთსა და ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

შანიძის 22 თებერვლის პოსტის მიხედვით კი, ავსტრალიაში “კოვიდ-ფაშიზმი” მილიონმა ადამიანმა გააპროტესტა.

;;

ავსტრალიის პროტესტის შესახებ ინფორმაცია ანტი-ვაქსერმა აქტივისტმა ნინა მარჯიმაც გააზიარა. მარჯის პოსტის თანახმად, სიდნეიში 20 თებერვალს ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ნინა მარჯის პოსტს თან რამდენიმე მოკლე ვიდეო ახლავს, რომელიც ვაქცინის საპროტესტო ტრანსფარანტებით ქუჩაში მომავალ მსვლელობას ასახავს. ნინა მარჯის პოსტს 650 გაზიარება აქვს.

;

შანიძის პოსტი 14-15 თებერვალს საბერძნეთსა და ისრაელში ვაქცინაციის წიანააღმდეგ გამართული პროტესტის შესახებ ვიდეომანიპულაციაა. რეალურად, პირველი ვიდეო არა საბერძნეთის, არამედ კვიპროსში გამართულ აქციას ასახავს, არც კვიპროსში და არც ისრაელში მასშტაბური ანტი-ვაქსერული დემონსტრაციები არ გამართულა. ხოლო ინფორმაცია ავსტრალიაში მილიონობით ადამიანის მიერ პანდემიასთაან დაკავშირებული შეზღუდვების გაპროტესტების შესახებ  ნაწილობრივ მცდარია და აქციის მონაწილეების რაოდენობა გაზვიადებულია.

  1. ვიდეო არა საბერძნეთში, არამედ კვიპროსშია გადაღებული

შორე შანიძე ამტკიცებს, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლები მიმდინარეობდა, ამის საილუსტრაციოდ კი ვიდეოს ურთავს, რომელიც რეალურად არა საბერძნეთის, არამედ კვიპროსში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. 2021 წლის 13 თებერვალს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეებმა მთავრობის კორუფცია და კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტეს, აქცია ვაქცინაციას არ ეხებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ კვიპროსში მასშტაბური საჯარო შეკრებები კოვიდ19-ის გამო ამ ეტაპისთვის აკრძალულია, პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ვიდეოში რამდენიმე დეტალია, რაც ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას გვაძლევს: მაღაზია Alba, რომელიც კადრებში ჩანს, ნიქოზიაში, მაკარიოს III-ის გამზირზე მდებარეობს.

;
კადრი შორე შანიძის გავრცელებული ვიდეოდან

;
ფოტო Google Street View-დან, კვიპროსი, ნიქოზია.

Alba-ს მაღაზიასთან კადრებში ასევე ჩანს წყლის ჭავლის ლურჯი მანქანა, რომელიც ამავე ქუჩაზე მოძრაობს. წყლის ჭავლით ნიქოზიაში მომიტინგეების დაშლის ვიდეოს youtube-ის მომხმარებლები და ასევე მედია საშუალება CyprusMail ავრცელებენ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება მისი ადგილმდებარეობა.

ქუჩაზე მდგარი ბოძები და შენობები, ასევე წყლის ჭავლის ლურჯი მანქანა შორე შანიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნიქოზიაში აქციაზე გადაღებულ youtube ვიდეოებს ემთხვევა, ქუჩა კი Google Street View-ის მეშვეობით მოწმდება.

;
კადრი youtube ვიდეოდან

;
კადრი შორე შანიძის გავრცელებული ვიდეოდან

;
კადრი შორე შანიძის გავრცელებული ვიდეოდან

;
ფოტო Google Street View-დან, კვიპროსი, ნიქოზია.

კიდევ ერთი დეტალი, რისი ამოცნობაც შესაძლებელია, Optimus-ის ლოგოა. კომპანია Optimus-ს ნიქოზიაში შემდეგი მისამართი აქვს მითითებული: Stasinou Avenue 28E. Google Maps-ზე ქუჩის ხედით გადაღებული ფოტოები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა რუკაზე ჩანს, რომ ის მაკარიოს III-ის გამზირთან, სადაც მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლა მოხდა, ახლოს მდებარეობს. Optimus-ის გვერდით არის ასევე ყვავილების მაღაზია Florabel, რომელიც ნიქოზიის 13 თებერვლის აქციის youtube ვიდეოებში გამოჩნდა.

;
კადრი შორე შანიძის გავრცელებული ვიდეოდან

;
ოპტიმუსის ლოგო

;
მაღაზია Florabel

;

;

ამასთანავე, შორე შანიძის გავრცელებულ ვიდეოში სამართალდამცველების ფარებზე ჩანს წარწერა Aεtonomia police, რითაც კვიპროსის პოლიციის იდენტიფიცირება შეგვიძლია. youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში, სადაც ნიქოზიის აქციიდან მსგავსი კადრებია ასახული, ნათლად ჩანს როგორც ეს იდენტური წარწერა, ასევე მანქანაც, რომელზეც კვიპროსის სამთავრობო საიტის მისამართი წერია.

;

;
კვიპროსის სამართალდამცავების უნიფორმა. წყარო:Iakovos Hatzistavrou/AFP

;
კადრი youtube-დან 

რაც შეეხება საბერძნეთს, ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომელთა შესახებაც ბერძნული და საერთაშორისო მედია წერდა, 2021 წლის 10-11 თებერვალს გაიმართა, თუმცა იგი არა ვაქცინაციას, არამედ საბერძნეთის მთავრობის მიერ “განათლების აქტის” მიღებას შეეხებოდა და მასში სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობდნენ. ასევე, Skai-ის ცნობით, მცირე მასშტაბის დემონსტრაცია 14 თებერვალს თესალონიკში გაიმართა, რომელშიც 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პანდემიასთან დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

2.ისრაელში ვაქცინაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები არ გამართულა, თებერვალში მხოლოდ იუდაიზმის რადიკალური ფორმის მიმდევრების მიერ მკაცრ საკარანტინე შეზღუდვების პროტესტს ჰქონდა ადგილი

რაც შეეხება ისრაელს, ადგილობრივი  ინგლისურენოვანი გამოცემის Times of Israel-ის მიხედვით, გასული ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მაშტაბური გამოსვლები არ დაფიქსირებულა, თუმცა 13 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს საწინააღმდეგო ყოველკვირეული პროტესტი გაიმართა. ნათანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები ისრაელში უკვე 34-ე კვირაა, რაც ყოველ კვირა საღამოს იმართება და პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ნათანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მთავრობის მიერ კორონავირუსისაგან შექმნილი კრიზისის მართვასა და მკაცრ საკარანტინე შეზღუდვებასაც აპროტესტებენ.

გარდა ნათანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებისა, 2021 წლის  თებრვალის დასაწყისში ისრაელში კიდევ რამდენიმე მასშტაბური შეკრება გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იუდაიზმის რადიკალური ფორმის მიმდევრები იყვნენ, რომლებიც მკაცრ საკარანტინე შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. ისინი  ვაქცინაციის პროგრამისადმი სკეპტიციზმით მართლაც გამოირჩევიან, თუმცა მათ მიერ გამართული შეკრებები რაბინების დაკრძალვებსა და ქორწილების უკავშრდებოდა და ძირითადი აქცენტი პანდემიის გამო შეკრების თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებისაკენ იყო მიმართული.

3. ავსტრალიაში გამართული ანტი-ვაქსერულ აქციებს არა მილიონი, არამედ საერთო ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა 

20 თებერვალს რამდენიმე დიდ ქალაქში ანტი-ვაქსერულმა ჯგუფებმა ვაქცინაციის საწინააღმდეგო გამოსვლები მართლაც გამართეს, თუმცა BBC-სა და ABC-ის ცნობით, საპროტესტო აქციებში არა მილიონობით ადამიანი, არამედ საერთო ჯამში რამდენიმე ათასი პირი მონაწილეობდა. მაგალითად, ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნის ერთ-ერთ პარკში გამართულ დემონსტრაციას დაახლოებით 500 ადამიანი დაესწრო. პარკში შეკრებილებმა მსვლელობაც მოაწყვეს. დაახლოებით ამდენივე ადამიანი იყო შეკრებილი სიდნეიში, ბრისბანში, ადელაიდასა და პერთში გამართულ დემონსტრაციებზეც.

;
მელბურნის საპროტესტო აქცია. ABC News-ის ფოტო.

;
სიდნეის საპროტესტო აქცია.Daily Telegraph-ის ფოტო

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 თებერვალს დაიწყო. Pfizer-ის ვაქცინის დოზები ავსტრალიის მოქალაქეებისათვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვაქცინის მიღება არასავალდებულო და სრულიად ნებაყოფლობითია.


შორე შანიძის პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/Iajqf
ნინა მარჯის პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/yn7ZC


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist