ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

648
VIEWS

17 თებერვალს ექიმების, მიკრობიოლოგებისა და იურისტების გაერთიანების ფეისბუქ გვერდზე “ემი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოში “ემი” ჯგუფის წარმომადგენლები ზვიად გოგიაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ფატი კიპაროიძე და ლევან ჩხიკვაძე ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან და მის მოადგილე პაატა იმნაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. ვიდეოში ჯგუფის წარმომადგენლებმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისასთან დაკავშირებით ისაუბრეს, კონკრეტულად, მათ თქვეს, რომ:

  1. ბიძინა კულუმბეგოვმა თავის პოსტში აღიარა,  რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად 385 ადამიანი გარდაიცვალა;
  2. შტეფან ოლრიხმა მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტზე თქვა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გენური თერაპიაა;
  3. პირველი იანვრიდან აშშ-ში უვარგისობის გამო აკრძალულ ტესტებს საქართველოში დღემდე იყენებენ;
  4. პაატა იმნაძის ორსული შვილი რეალურად არ აცრილა.

Screenshot 10 9 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

“ემი” ჯგუფის წარმომადგენლების მტკიცებები დეზინფორმაციაა. რეალურად,  1) ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი შეეხებოდა არა ვაქცინაციის, არამედ კოვიდ-19-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილ 385 პირს.  2) შტეფან ოლრიხმა მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტზე mRNA ვაქცინები და გენური თერაპია მედიცინაში ტექნელოგიური ინოვაციების მაგალითებად გამოიყენა. 3) 1 იანვრიდან აშშ-ში PCR ტესტები უვარგისობის გამო არ აკრძალულა. 4) პაატა იმნაძის ორსულმა ქალიშვილმა ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზა პირდაპირ ეთერში 2 სექტემბერს გაიკეთა.

  • დაადასტურა თუ არა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომ ვაქცინაციის შედეგად 385 ადამიანი გარდაიცვალა?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის 3 თებერვლის პოსტში ნათქვამია, რომ საქართველოში 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ-19-ით 385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი ადამიანი გარდაიცვალა. კულუმბეგოვი არ ამბობს, რომ საქართველოში 385 ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. 

Screenshot 11 9 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

კულუმბეგოვი თავის პოსტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ანგარიშის მე-8 გადახედვას ეყრდნობა. NCDC-მ აღნისნული დოკუმენტი 2022 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა.  მონაცემების მიხედვით ჩანს ისიც, რომ 15 მარტი-31 დეკემბრის პერიოდში ინფიცირებულთა შორის ორჯერადად ვაქცინირებულთა ხვედრითი წილი მხოლოდ 6.49% იყო, სამჯერადად ვაქცინირებულთა წილი კი – 0.19%.

Screenshot 12 8 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

  • არის თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გენური თერაპია და რა თქვა რეალურად შტეფან ოლრიხმა?

ემი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზვიად გოგიაშვილი ვიდეოში ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კომპანია ბაიერის მმართველი საბჭოს წევრმა და ფარმაცევტული სამმართველოს ხელმძღვანელმა შტეფან ოლრიხმა 2021 წლის ოქტომბერში მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტზე განაცხადა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გენური თერაპიაა და გენური თერაპიის დამკვიდრებაში პანდემიამ დიდი როლი ითამაშა. 

რეალურად, 2021 წლის 24 ოქტომბერს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტზე შტეფან ოლრიხმა თანამედროვე სამედიცინო ტექნელოგიებსა და საზოგადოების მხრიდან მათ ნდობაზე ისაუბრა. 

Screenshot 13 8 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

მან აღნიშნა, რომ საზოგადოება mRNA ვაქცინების მიღებით სამედიცინო სფეროში ტექნელოგიურ პროგრესს მიესალმა და გზა გაუხსნა. მისივე თქმით, უჯრედული და გენური თერაპიაც ერთ-ერთი ტექნელოგიური სიახლეა. ოლრიხის კომპანია სწორედ ამ ტიპის ტექნელოგიებს სწავლობს და ანემიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ მსოფლიოს მათ დანერგვას სთავაზობს. ოლრიხს არ უთქვამს, რომ ვაქცინაცია გენური თერაპიაა, მან mRNA ვაქცინები და გენური თერაპია სამედიცინო სფეროში ტექნელოგიური გარდატეხის მაგალითებად მოიყვანა. 

შტეფალ ოლრიხი, კომპანია ბაიერის მმართველი საბჭოს წევრი:  “დღეს ინოვაციების შესახებ ბევრი მოვისმინეთ. პრინციპი “ჯანმრთელობა ყველასათვის,” რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მეცნიერებების თითეულ ასპექტში ინოვაციების დანერგვას გულისხმობს. ამ კრიზისის დროს ვაქცინები ინოვაციის შესანიშნავი მაგალითია, თუმცა ბიოტექნელოგიის სფეროში სხვა დაავადებებთან დაკავშირებული ინოვაციები ჩვენს შეხედულებებს რადიკალურად ცვლის. ახლა ჩვენ შეგვიძლია დაავადებების სრულად განკურნებაზე ვიფიქროთ და არა უბრალოდ სიმპტომების მკურნალობაზე. ინოვაციაზე საუბრისას გვავიწყდება, რომ განსაკუთრებით მდიდარ ქვეყნებში მდგრადობის საკითხი განსხვავებულად დგას.  ისინი, ვინც ტექნელოგიურ ინოვაციებს ჭკვიანურად იყენებენ, რისკავენ და მათში ინვესტირებას ახდენენ, უსაფრთხო სამსახურებისა და კეთილდღეობის შექმნით მდგრადობასაც აღწევენ. ჩვენს კომპანია ბაიერში ამ მიდგომას უჯრედული და გენური თერაპიის დანერგვისთვის გამოვიყენებთ. ეს თერაპია, ჩემთვის ცვლილების მაგალითია და იმედია, წინ წავალთ. mRNA ვაქცინების გამოყენება უჯრედული და გენური თერაპიისთვის აშკარა მაგალითია. 

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ოლრიხმა აღიარა, რომ mRNA ვაქცინები გენური თერაპიაა, მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების იტალიური პლატფორმა open.online კომპანია ბაიერს განმარტებისთვის დაუკავშირდა, კომპანიაში განმარტეს, რომ mRNA ვაქცინები გენური მუტაცია არ არის და ოლრიხის მიმართვა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა. 

ამასთანავე, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი რნმ ვაქცინები გენურ თერაპიას არ განეკუთვნება, რადგანაც ისინი გენების რაიმე ფორმით შეცვლას ან ჩანაცვლებას არ იწვევენ. ყალბი მტკიცებები იმის შესახებ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გენური თერაპიაა, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

 

  • აკრძალეს თუ არა აშშ-ში კოვიდ-19-ის ზოგიერთი ტესტის გამოყენება?

ემი ჯგუფის წარმომადგენლები ვიდეოში ამტკიცებენ იმასაც, რომ აშშ-ში პირველი იანვრიდან კოვიდ-19-ის იმ ტესტების გამოყენება აიკრძალა, რომლებსაც საქართველოში ამ დრომდე იყენებენ. რეალურად, აშშ-ში პირველი იანვრიდან აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) PCR ტესტებს აღარ იყენებენ, თუმცა არა იმიტომ, რომ ისინი უვარგისობის გამო აიკრძალა, არამედ იმიტომ რომ CDC-მ ტესტების წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

ჯერ კიდევ 2021 წლის 21 ივლისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავად განაცხადა, რომ 31 დეკემბრიდან აშშ-ს წამლებისა და საკვების ადმინსიტრაციას (FDA) მიმართავდა, რათა CDC-ის მიერ წარმოებული PCR ტესტებისთვის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ავტორიზაცია (EUA) გაეუქმებინა. CDC-ის განცხადების მიხედვით, ამ გადაწყვეტილების ამდენად ადრე გამოქვეყნების მიზეზი ის იყო, რომ ლაბორატორიებს ტესტირებისთვის FDA-ს მიერ ავტორიზებული სხვა ტესტების შერჩევა მოეხერხებინათ. CDC-ის PCR ტესტები აშშ-ში 2020 წლის თებერვლიდან გამოიყენებოდა. 

CDC-ის ამ განცხადებას სხვადასხვა მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკციება მოჰყვა. რის გამოც CDC-მ 2 აგვისტოს განმარტება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, CDC-ის გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ 2020 წლის დასაწყისში ქვეყანაში კოვიდ-19-ის ამოსაცნობი ტესტები ფაქტობრივად არ არსებობდა, 2021 წლის ზაფხულისთვის კი უკვე მრავალმა მწარმოებელმა შექმნა ისეთი ტესტები, რომლებიც კოვიდ-19-ის გარდა სხვა ინფექციების ამოცნობასაც ახერხებდნენ, CDC-ის PCR ტესტები კი თავის დროზე კონკრეტულად მხოლოდ კოვიდ-19-ის იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა. ამასთანავე, CDC ტესტების წარმოების შეწყვეტის შემდეგ სხვა მიზნებზე ფოკურისრებას აპირებდა. 

PCR ტესტების შესახებ შესახებ დეზინფორმაცია, რომ ისინი სეზონურ გრიპებსა და ენტეროვირუსებს კორონავირუსისგან ვერ ასხვავებს და ამიტომ უსარგებლოა, სოციალურ ქსელში წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

 

  • აიცრა თუ არა პაატა იმნაძის ორსული შვილი რეალურად?

ემი ჯგუფის წარმომადგენლები ვიდეოში იმასაც ამტკიცებენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი ტატა იმნაძე სინამდვილეში არ აცრილა. რეალურად, ტატა იმნაძემ ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 5 აგვისტოს გაიკეთა, მეორე დოზით კი 2 სექტემბერს პირდაპირ ეთერში აიცრა. 

Screenshot 14 7 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

ტატა იმნაძისა და პაატა იმნაძის ოჯახის სხვა წევრების ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ

“ემი” ჯგუფი ანტივაქსერულად განწყობილი ექიმების, იურისტებისა და მიკრობიოლოგების გაერთიანებას წარმოადგენს. ჯგუფის ფეისბუქ გვერდი 2021 წლის 16 იანვარს შეიქმნა. 

Screenshot 8 9 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგნაიზაცია დატოვოს. ამ მიზნით ჯგუფის წარმომადგენლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმო შეკითხვაც შეიტანეს. 

Screenshot 9 9 ანტივაქსერული “ემის” 4 დეზინფორმაცია Covid-19-ის ვაქცინების შესახებ

ჯგუფის წარმომადგენლებმა ზვიად გოგიაშვილმა, ლევან ჩხიკვაძემ და გიორგი ლილუაშვილმა სხვადასხვა დროს კორონავირუსის, PCR ტესტებისა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist